კაკოვინზე ნადირობაა, გიორგაძე ჩრდილოეთის ნაკრებშია

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, პირველ დივიზიონში პირველი წრის ბოლოსწინა ტურისთვის ვითარება მაქსიმალურად დაიძაბა. პლეი ოფში მოხვედრის შანსს ერთბაშად 12 გუნდი ინარჩუნებს. აქედან ხუთი "ქართული გუნდია".

ტურს ვასილ კაკოვინის, დავით ხინჩაგიშვილისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივისა" და "ბორდოს" დაპირისპირება გახსნის. ჩვენებურთა გუნდმა წინა, მე-11 ტურში შესანიშნავად იასპარეზა და შინ გათამაშების ლიდერთან, ფრანგული რაგბის გრანდ "ტულუზთან" ფრე გაახერხა - 9:9.

ამჯერად ბრიველები, რომლებიც სატურნირო ცხრილში 21 ქულით მე-9 ადგილზე არიან, სტუმრად ითამაშებენ. ნატრიაშვილი, რომელიც გუნდში წლეულს, სეზონის დაწყების წინ ჩაირიცხა, გუნდის წამყვან მოთამაშედ
ჩამოყალიბდა და ძირითად შემადგენლობაშია, კაკოვინი კი ამჯერად თადარიგში იქნება. ისევ არ არის განაცხადში ხინჩაგიშვილი.

გუშინ ფრანგულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯის ვასილ კაკოვინის თავის რიგებში ხილვა, ამ ქვეყნის ოთხი უძლიერესი გუნდს "ტულუზს", "ტულონს", "კლერმონსა" და "მეტრო რასინგს" სურს. განსკუთრებული აქტიურობით კი პარიზული და ტულონური კლუბები გამოირჩევიან. ეს ჩვენი პირველხაზელთა სკოლის კიდევ ერთი აღიარებაა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭი აქვსენტი გიორგაძე, რომელიც აქამდე უგუნდოდაა, ინგლისში საქველმოქმედო მატჩში სათამაშოდ მიიწვიეს. "გლობუსა" ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ნაკრებში მოხვდა, რომელიც "თვიქნემზე" სამხრეთ ნახევარსფეროს ნაკრებს დაუპირისპირდება.

გიორგაძესთან ერთად ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ნაკრებში ითამაშებენ: ტომ სმითი, გორდონ ბალოკი (ორივე-შოტლანდია), დენი გრივუკი, ჰიუ ვივიენი, ვილ გრინვუდი, ნის მორდტი, (ოთხივე -ინგლისი), ალან ქვილანი, ტომ გლისონი (ორივე-ირლანდია), სერჟ ბეტსენი (საფრანგეთი), ტერი კამინქსი, ეფრემია ბოლადაუ, ნათან ჯოუნზი, დეივ პასკო, (ოთხივე-ინგლისის არმია), ელი ვოკკერი (უელსი).

ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან უკეთესი შედეგი დავით ზირაქაშვილის "კლერმონს" აქვს, რომელიც 36 ქულით მეორე ადგილზეა. "ვულკანები" მე-12 ტურში შინ ეთამაშებიან ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს", რომელიც მასპინძლებს სამი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ "კლერმონი" გათამაშებას 9 ტურის განმავლობაში ლიდერობდა და ბოლო სამ ტურში თამაშის ხარისხი საგრძნობლად გააუარესა. წინა ტურში ზირაქაშვილმა და კომპანიამ სტუმრად წააგო "მონპელიესთან" და ახლა კიდევ ერთ კონკურენტთან მართებს ძალების მობილიზება. ორივე ქართველი მორაგბე სასტარტო შემადგენლობაშია.

"კასტრს" სამი ქულით ჩამორჩება და სატურნირო ცხრილში მე-4 საფეხურზეა დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი", რომელსაც სტუმრად მოუწევს ურთულესი ბრძოლა ლიდერ "ტულუზთან".

მულტიმილიონერი მურად ბურჯელალის ვარსკვლავურ გუნდს, აგერ მერემდენე წელიწადია დიდი ამბიციები აქვს, თუმცა მეპატრონის ოცნების ახდენას ვერაფრით დააყენა საშველი. "ტულონი" წლეულს კიდევ ერთხელ გაძლიერდა მაღალი დონის მორაგბეებით და ტულუზელებთან მატჩში გამოჩნდება, რამდენად რეალურად შესწევს ძალა ჩემპიონობისთვის იბრძოლოს.

წლეულს, შარშანდელისგან განსხვავებით, პლეი ოფში მოსხვედრად იბრძვის ბექა შეყლაშვილის "აჟენი", რომელიც 28 ქულით მე-6 ადგილზეა. აჟენელები შინ მიიღებენ ბასკურ "ბაიონს" და შესანიშნავი შანსი აქვს მდგოამრეობა კიდევ უფრო გაიუმჯობესოს.

საგრძნობლად გამოიკეთა სატურნირო მდგომარეობა მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიემ". ჩვენებურთა ამ გუნდმა მიმდინარე კვირის შუაწელში გადატანლი შეხვედრა გამართა სტუმრად ტარიელ რატიანიძისა და გურამ კავთიძის "ლიონთან" და საკამოდ იოლად გაიმარჯვა. შედეგად მონპელიელები სატურნირო ცხრილში ოთხი საფეხურით დაწინაურდნენ და ამჟამად 22 ქულით მე-8 ადგილზე არიან.

"მონპელიე", მჯერად, ისევ სტუმრად ითამაშებს ბასკურ "ბიარიცთან", რომელიც წლეულს უჩვეულოდ სუსტად ასპარეზობს და 14 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ ბასკებს ტრავმის გამო ქართული წარმოშობის ცხრა ნომერი დიმიტრი იაშვილი დააკლდებათ. "ლიონთან" მატჩში დაშავდა და ასევე ვერაფრით დაეხმარება გუნდს "მონპელიეს" ძირითადი ფულბეკი ბენჟამინ ტიერი.

რაც შეეხება "ლიონს", რომელიც 13 ქულით ბოლო ადგილზეა, ის მე-12 ტურში გაჭირვებაში მყოფ კატალონურ "პერპინიანს" უმასპინძლებს. ლიონელებს აუცილებლად გამარჯვება მართებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თავს კიდევ უფრო რთულ მდგოამრეობაში ჩაიგდებს.

I დივიზიონი
XII ტური
ბორდო-ბრივი, ტულუზი-ტულონი, კლერმონი-კასტრი, სტად ფრანსე-მეტრო რასინგი, აჟენი-ბაიონი, ლიონი-პერპინიანი, ბიარიცი-მონპელიე

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 38 ქულა, 2. კლერმონი - 36, 3. კასტრი - 33, 4. ტულონი - 30, 5. მეტრო რასინგი - 30, 6. აჟენი - 28, 7. სტად ფრანსე - 26, 8. მონპელიე - 22, 9. ბრივი - 21, 10. ბაიონი - 20, 11. პერპინიანი - 19, 12. ბორდო - 17, 13. ბიარიცი - 14, 14. ლიონი - 13.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული