კაკოვინმა ყველას "ტულუზი" არჩია

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში გამართულმა პირველი წრის ბოლოსწინა, მე-12 ტურის მატჩების შედეგებმა სატურნირო ცხრილში მხოლოდ ორი უმნიშვნელო ცვლილება გამოიწვია.

ლიდერთა შორის ადგილები გაცვალეს ქართველ მორაგბეთა გუნდებმა "აჟენმა" და "ტულონმა". აჟენელები დაწინაურდნენ. ცხრილის ფსკერს თავი დააღწია კიდევ ერთმა "ქართულმა" გუნდმა "ლიონმა", რომელმაც ბოლო ადგილი ბასკურ "ბიარიცს" გადაულოცა.

მე-12 ტური ვასილ კაკოვინის, დავით ხინჩაგიშვილისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივის" გასვლითი შეხვედრით გაიხსნა "ბორდოსთან". მატჩი დრამატული გამოდგა. თამაშის დრო ამოწურული იყო, ჩვენებურთა გუნდი 12:9-ს იგებდა. ბორდოელები ბოლო იერიშზე გადავიდნენ, მათი მრავალფაზიანი შეტევა
ბრიველთა უყურადღებობის გამო ზედ ალამთან ლელოთი დასრულდა, რამაც მასპინძლებს 16:12 გაამარჯვებინა. ბრიველები მხოლო ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდნენ.

ნატრიაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, კაკოვინი მატჩში 45-ე წუთიდან ჩაერთო, ხინჩაგიშვილს არ უთამაშია. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯმა ვასილ კაკოვინმა, რომელზეც ბოლო დღეებში ფრანგული წამყვანი გუნდები "ნადირობდნენ", არჩევანი ამ ქვეყნის გრანდზე, მოქმედ ჩემპიონსა და ამჟამინდელი გათამაშების ლიდერ "ტულუზზე" შეაჩერა.

ახლა, როგორც ფრანგული ყოველდღიური სარაგბო გაზეთი "მიდი ოლიმპიკი" იუწყება, ყველაფერი "ბრივთან" მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული. კაკოვინს ამ გუნდთან კონტრაქტი 2013 წლის სეზონამდე აქვს გაფორმებული.

ერთი კვირის განმავლობაში ზედიზედ სამი მატჩი მოიგო მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიემ", რომელმაც სტუმრად უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა ბოლო ჟამს გაჭირვებაში მყოფი ბასკური "ბიარიცი" - 30:23.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა სამი ქულის სხვაობით 11:8 მოიგეს. თუმცა შესვენების შემდეგ მონპელიელები უპირატესობას ფლობდნენ და ანგარიშში მუდმივად წინ იყვნენ. ყველაზე დიდი სხვაობა კი მატჩის ბოლო ხუთ წუთში დაფიქსირდა. მგეზავი ფრანსუა ტრინ-დუკის ლელოს შემდეგ "მონპელიე" ათი ქულით დაწინაურდა.

გორგოძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს, ჟღენტი თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო, ნარიაშვილი მოედანზე ორ წუთის შემდეგ გამოჩნდა, შველიძე განაცხადში არ იყო.

გათამაშების მეორეადგილოსანმა დავით ზირაქაშვილის "კლერმონმა" ანტონ ფეიქრიშვილის მესამეადგილოსან "კასტრს" უმასპინძლა და 33:16 მოუგო. პირველი ნახევარი კასტრელებმა მხოლოდ ოთხი ქულის სხვაობით დათმეს - 9:13. მეორეში კი საგრძნობლად გამოცოცხლებულ "ვულკანებს" წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს.

ფეიქრიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს, ზირაქაშვილს არ უთამაშია.

დავით ქუბრიაშვილის "ტულონი" სტუმრად ვერაფერს გახდა გათამაშების ლიდერ "ტულუზთან". ქვეყნის ჩემპიონმა ამბიციური სამხრეთელები 33:12 დაამარცხა. ქუბრიაშვილი თადარიგში იყო და თამაშში 59-ე წუთიდან ჩერთო.

წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს ბექა შეყლაშვილის "აჟენი", რომელმაც მე-12 ტურში შინ დაამარცხა ბასკური "ბაიონი" - 37:18. შედეგად აჟენელებს 32 ქულა დაუგროვდათ და მესამეადგილოსან "კასტრს" ერთი ქულით ჩამორჩება. ამასთან ერთად, "აჟენს" ერთი თამაში თადარიგში აქვს. შეყლაშვილს "ბაიონთან" არ უთამაშია.

გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონმა" ბოლო ადგილს თავი შინ "პერპინიანის" დამარცხბის შემდეგ დააღწია - 19:12. რატიანიძე 31-ე წუთზე შეცვალეს, კავთიძე განაცხადში არ იყო.

I დივიზიონი

XII ტური
ბორდო-ბრივი 16:12, ტულუზი-ტულონი 33:12, კლერმონი-კასტრი 33:16, სტად ფრანსე-მეტრო რასინგი 29:3, აჟენი-ბაიონი 37:18, ლიონი-პერპინიანი 19:12, ბიარიცი-მონპელიე 23:30
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 43 ქულა, 2. კლერმონი - 40, 3. კასტრი - 33, 4. აჟენი - 32, 5. ტულონი - 30, 6. სტად ფრანსე - 30, 7. მეტრო რასინგი - 30, 8. მონპელიე - 27, 9. ბრივი - 22, 10. ბორდო - 21, 11. ბაიონი - 20, 12. პერპინინანი - 20, 13. ლიონი - 17, 14. ბიარიცი - 15.

XIII ტური
ბრივი-კლერმონი, ბაიონი-კასტრი, სტად ფრანსე-ბიარიცი, პერპინიანი-ბორდო, მეტრო რასინგი-აჟენი, ტულონი-ლიონი, მონპელიე-ტულუზი

* * *

მეორე დივიზიონში გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლი" სტუმრად დამარცხდა "ლა როშელთან" - 16:18, მიუხედავად ამისა, "ალპელები" ლიდერობას მაინც ინარჩუნებენ.

პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლაში სეერიოზულად ჩაება ზერო პეტრიაშვილისა და დავით ლოსაბერიძის "პო", რომელმაც შინ დაამარცხა აუტსაიდერი ალექსანდრე მარგველაშვილის, დავით დადუნაშვილისა და თედო ზიბზიბაძის "პერიგო" - 26:14. ზიბზიბაძე 22-ე წუთზე შეცვალეს, დადუნაშვილი თამაშში 47-ე წუთიდან ჩაერთო, ლოსაბერიძეს, პეტრიაშვილსა და მარგველაშვილს არ უთამაშიათ.

ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკმა" შინ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ "ოიონაქსთან" 18:9. დათუნაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ასეიშვილი 52-ე წუთზე შეცვალეს, ნაცარაშვილი განაცხადში არ იყო.

მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" შინ დაამარცხა "ნარბონი" - 19:13. მაგრაქველიძე მოედანზე 55-ე წუთიდან გამოჩნდა, მირცხულვას არ უთამაშია.

II დივიზიონი

XII ტური
ექსი-ოში 33:23, ალბი-მონ დე მარსანი 14:15, ორიაკი-ოიონაქსი 18:9, ბურგუენი-ბეზიე 9:3, პო-პერიგო 26:14, ტარბი-ნარბონი 19:13, დაქსი-კარკასონი 23:23, ლა როშელი-გრენობლი 18:16.
სატურნირო მდგომარეობა
1. გრენობლი - 39 ქულა, 2. დაქსი - 37, 3. მონ დე მარსანი - 34, 4. პო - 34, 5. ოიონაქსი - 33, 6. ლა როშელი - 32, 7. ალბი - 31, 8. ბურგუენი - 31, 9. ექსი - 30, 10. კარკასონი - 29, 11. ტარბი - 29, 12. ოში - 23, 13. ორიაკი - 21, 14. ნარბონი - 17, 15. ბეზიე - 15, 18. პერიგო - 13.

XIII ტური
ოში-ტარბი, ბეზიე-გრენობლი, ბურგუნი-ნარბონი, კარკასონი-ალბი, დაქსი-ორიაკი, ექსი-ოიონაქსი, მონ დე მარსანი-პერიგო, პო-ლა როშელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული