ქართველები ევროთასებზე - ორმა დაიწყო და წააგო

AutoSharing Option
ევროთასების გათამაშების მორიგი, მესამე ტური "ემლინ ჩელენჯ კაპის" ორი მატჩით გაიხსნა. ორივეში ქართველ მორაგბეთა გუნდმა ითამაშა და, სამწუხაროდ, ორივე დამარცხდა.

B ჯგუფში საკმოად საინტერესო და დაძაბული გამოდგა ლევან ჩილაჩავას, დავით ქუბრიშვილისა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონის" დაპირისპირება სტუმრად "ნიუკასლთან". შეხვედრა მასპინძლებმა რაგბისთვის უჩვეულო ანგარიშით - 6:3 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში ანგარიში არ გახსნილა, მეორეში კი მასპინძელთა ორ საჯარიმოს ტულონელებმა მხოლოდ ერთით უპასუხეს. თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მატჩში არ უთამაშია "ტულონის" მგეზავ ჯონი ვილკინსონს.

ქართველთაგან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ მიქაუტაძემ ითამაშა, რომელიც
58-ე წუთზე შეცვალეს, ჩილაჩავა სათადარიგოთა შორის იყო, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა, ქუბრიაშვილი განაცხადში არ იყო.

ამავე ჯგუფში ტარიელ რატიანიძისა და გურამ კავთიძის "ლიონი" შინ ეთამაშება იტალიურ "პადოვას", რომელსაც, სავარაუდოდ, აუცილებლად დაამარცხებს, თუმცა ეს საკმარისი არ იქნება, მეორეადგილოსან "ტულონს" დაეწიოს. ლიონელებს მხოლოდ ერთი ქულა აქვთ, მაშინ როცა ტულონელებმა 10 ქულა დააგროვეს და პირველადგილოსან "ნიუკასლს" სამი ქულით ჩამორჩებიან.

B ჯგუფი
ნიუკასლი-ტულონი 6:3, ლიონი-პადოვა
სატურნირო მდგომარეობა
1. ნიუკასლი - 13 ქულა, 2. ტულონი - 10, 3. ლიონი - 1, 4. პადოვა - 0.

* * *
მეორე შეხვედრა E ჯგუფში გაიმართა, სადაც ბექა შეყლაშვილის "აჟენმა" გათამაშების ლიდერ, ინგლისურ "სეილ შარქსს" უმასპინძლა და 14:29 წააგო. სტუმრები მატჩის დასაწყისიდანვე დიდ უპირატესობას ფლობდნენ და 22-ე წუთისთვის 22:0 იგებდნენ. აჟენელები შესვენების შემდეგღა გამოფხიზლდნენ, მაგრამ გვიანღა იყო.

შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს.

ამავე ჯგუფში დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივი" ესპანეთში "ლა ვილას" ეთამაშება. ვინაიდან მეტოქე საკმაოდ სუსტია, ბრიველთა თავკაცმა უგო მოლამ სამივე ქრთველს დასვენების საშუალება მისცა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ "ბრივი" ესპანურ გუნდს აუცილებლად დაამარცხებს, ამ ჯგუფში ლიდერი ჩვენებურთა სწორედ ეს გუნდია. "აჟენს" კი სამი თამაშიდან ხუთი ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.

E ჯგუფი
აჟენი-სეილ შარქსი 14:29, ლა ვილა-ბრივი
სატურნირო მდგომარეობა
1. სეილ შარქსი - 10 ქულა, 2. ბრივი - 8, 3. აჟენი - 5, 4. ლა ვილა - 0.

* * *
ყველაზე პრესტიჟული "ჰეინეკენის თასის" გათამაშების მესამე ტურის წინ ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან საუკეთესო შედეგი დავით ზირაქაშვილის "კლერმონს" აქვს. "ვულკანებმა", რომლებიც D ჯგუფში ასპარეზობენ, განვლილ ორ ტურში მხოლოდ ერთი მატჩი მოიგეს, თუმცა ორივე შეხვედრაში თითო-თითო პრემიალური ქულა ირგუნეს და ახალა ექვსი ქულით მეორე ადგილზე არიან.

"კლერმონი" მესამე ტურში ინგლისურ "ლესტერ ტაიგერზს" უმასპინძლებს, რომელმაც ორი მატჩიდან ორივე მოიგო და რვა ქულით ჯგუფის ლიდერია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ინგლისური გუნდი გამარჯვების შემთხვევაში, ფაქტობრივად, პირველ ადგილს გაინაღდებს.

ამავე ჯგუფში ირლანდიური "ალსტერი" შინ მიიღებს ჯგუფის აუტსაიდერ, იტალიურ "აიორნს".

D ჯგუფი
ალსტერი-აირონი, კლერმონი-ლესტერი
სატურნირო მდგომარეობა
1. ლესტერი - 8 ქულა, 2. კლერმონი - 6, 3. ალსტერი - 4, 4. აირონი - 0.

* * *
A ჯგუფში ბოლო ადგილზეა ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი", რომელმაც ორი მატჩიდან ორივე წააგო და მხოლოდ ერთი პრემიალური ქულის მოპოვება შეძლო.
ჩვენებურის გუნდმა, როგორც ჩანს, მთელი ყურადღება საფრანგეთის ჩემპიონატზე გადაიტანა, სადაც ლიდერთა შორისაა და ჩემპიონობაზე აცხადებს პრეტენზიას.

კასტრელების მეტოქე საშინაო არენაზე, ამჯერად, ასევე ორჯერ დამარცხებული ინგლისური "ნორსჰემპთონი" იქნება. ფეიქრიშვილი სათადარიგოთა შორისაა.
ამავე ჯგუფში, ლიდერი უელსური "ჰლანეჰლი" შინ მიიღებს მეორეადგილოსან ირალანდიურ "მანსტერს".

A ჯგუფი
კასტრი-ნორსჰემპთონი, ჰლანეჰლი-მანსტერი
სატურნირო მდგომარეობა
1. ჰლანეჰლი - 9 ქულა, 2. მანსტერი - 8, 3. ნორსჰემპთონი - 2, 4. კასტრი - 1.

* * *
C ჯგუფში ჯერ არ მოუგია მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიეს", რომელსაც ამჟამად სამი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო, მეოთხე ადგილზეა. არადა, მონპელიელებს განვლილ ორ ტურში ცუდად არ უთამაშიათ და ორივე მატჩის მოგების შანსი ჰქონდათ.

მესამე ტურში "მონპელიე" სტუმრად დაუპირისპირდება შოტლანდიურ "გლაზგოს", რომელიც 4 ქულით მესამე ადგილზეა. მონპელიელთა მთავარმა მწვრთნელმა ფაბიენ გალტიემ გორგოძეს, რომელსაც ბოლო შეხვედრებში აშკარად დაეტყო დაღლილობა, დასვენების საშუალება მისცა. შველიძე და ჟღენტი ძირითად შემადგენლობაში არიან, ნარიაშვილი სათადარიგოთა შორის იქნება.

"გლაზგოს" წინააღმდეგ არ ითამაშებენ ასევე ტრავმირებული ფრანსუა ტრინ-დუკი და ჟულიენ ტომა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ "მონპელიემ" საკმაოდ სერიოზული დანაკარგი განიცადა. გუნდის ერთ-ერთ მწვრთნელ ერიკ ბეშუს მძიმე სენი შეეყარა და სამი თვე მკურნალობის გამო გუნდთან ვერ იმუშავებს.

ამავე ჯგუფში, ინგლისური "ბასი", რომელიც "მონპელიეს" სულ რაღაც ორი ქულით უსწრებს, შინ შეხვდება გათამაშების ლიდერ, ირლანდიურ "ლენსტერს".

C ჯგუფი
გლაზგო-მონპელიე, ბასი-ლენსტერი
სატურნირო მდგომარეობა
1. ლენსტერი - 7 ქულა, 2. ბასი - 5, 3. გლაზგო - 4, 4. მონპელიე - 3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული