შეგახსენებთ, რომ "ჰეინეკენის თასისა" და "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში, შვიდი "ქართული გუნდი" ასპარეზობს და ჯგუფური ტურნირის პირველი წრის შემდეგ, პლეი ოფში მოხვედრის შანსს ყველა მათგანი ინარჩუნებს.
დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივმა" შინ ესპანური "ლა ვილა" იოლად დაამარცხა - 38:13. აღსანიშნავია, რომ პირველი წრის ბოლო შეხვედრაშიც სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ოღონდ ესპანეთში. ქართველ მორაგბეებს ესპანელებთან ჯახში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ბრიველები E ჯგუფში 18 ქულით დაუმარცხებლად ლიდერობენ. მას რვა ქულით ჩამორჩება ინგლისური "სეილ შარქსი", რომელიც შინ ეთამაშება ბექა შეყლაშვილის "აჟენს". ჩვენებური გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაშია, თუმცა განაცხადში მოხვდება თუ არა, ჯერ უცნობია. აჟენელებს ხუთი ქულა აქვთ და მესამე ადგილზე არიან.
E ჯგუფი
ბრივი-ლა ვილა 38:13, სეილ შარქსი-აჟენი
სატურნირო მდგომარეობა
1. ბრივი - 18 ქულა, 2. სეილ შარქსი - 10, 3. აჟენი - 5, 4. ლა ვილა - 0.
* * *
B ჯგუფში პლეი ოფში გასვლისთვის სამი გუნდი იბრძვის, ამათგან ორი, "ტულონი" და "ლიონი" ქართველ მორაგბეთა გუნდებია. დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი", რომელიც 10 ქულით მეორე ადგილზეა, შინ მიიღებს ინგლისურ "ნიუკასლს", რომელთანაც წინა ტურში რაგბისთვის საკმაოდ უჩვეულო ანგარიშით 3:6 წააგო.
აღსანიშნავია, რომ "ნიუკასლი" ტულონელთა ინგლისელი მგეზავის, ჯონი ვილკინსონის მშობლიური გუნდია. სწორედ ამის გამო "ვილკომ" პირველ შეხვედრაში არ ითამაშა. ამჯერად კი, საშინაო შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაშია.
ქართველთაგან მხოლოდ ქუბრიაშვილი ითამაშებს, ის სათადარიგოთა შორისაა, ჩილაჩავა და მიქაუტაძე განაცხადში არ არიან.
ტარიელ რატიანიძისა და გურამ კავთიძის "ლიონი", რომელიც ხუთი ქულით მესამე ადგილზეა, სტუმრად ეთამაშება გათამაშების აუტსაიდერ იტალიურ "პადოვას". ლიონელები, სავარაუდოდ, იტალიიდან გამარჯვებისთვის განკუთვნილი ოთხი ქულის გარდა, ერთ პრემიალურ ქულასაც წაიღებენ, რაც პლეი ოფში მათი გასვლის შანსს მნიშვნელოვნად გაზრდის.
კავთიძე ძირითად შემადგენლობაშია, რატიანიძე განაცხადში არ არის.
B ჯგუფი
პადოვა-ლიონი, ტულონი-ნიუკასლი
სატურნირო მდგომარეობა
1. ნიუკასლი - 13 ქულა, 2. ტულონი - 10, 3. ლიონი - 5, 4. პადოვა - 0.
* * *
ყველაზე პრესტიჟულ "ჰეინეკენის თასის" გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა სამივე გუნდი ჯერ კიდევ ინარჩუნებს მეოთხედფინალში გასვლის შანსს.
A ჯგუფში ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი", რომელიც 6 ქულით მესამე ადგილზეა, სტუმრად ეთამაშება აუტსაიდერს ინგლისურ "ნორსჰემპთონს". წინა, მესამე ტურში ჩვენებურის გუნდმა ინგლისელებს საკმაოდ დამაჯერებლად 41:22 მოუგო და არც სტუმრად აპირებს წინასწარ ფარ-ხმალის დაყრას.
ფეიქრიშვილი ძირითად შემადგენლობაშია.
ამავე ჯგუფში ლიდერი ირლანდიური "მანსტერი", რომელსაც ახლა 12 ქულა აქვს, შინ ეთამაშება მეორეადგილოსან, უელსურ "ჰლანეჰლის".
A ჯგუფი
მანსტერი-ჰლანეჰლი, ნორსჰემპთონი-კასტრი
სატურნირო მდგომარეობა
1. მანსტერი - 12 ქულა, 2. ჰლანეჰლი - 10, 3. კასტრი - 6, 4. ნორსჰემპთონი - 3.
* * *
C ჯგუფში მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიეს", მართალია, მხოლოდ ოთხი ქულა აქვს და ბოლო, მეოთხე ადგილზეა, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს მაინც ინარჩუნებს.
მონპელიელები ამჯერად შინ ეთამაშებიან შოტლანდიურ "გლაზგოს", რომელსაც რვა ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. ჩვენებურთა გუნდი საკმაოდ შესუსტებული შემადგენლობით ითამაშებს. სათადარიგოთა შორის არიან გუნდის ლიდერები მამუკა გორგოძე, ფრანსუა ტრინდუკი, ბენუა პეილონგი. სხვადასხვა მიზეზების გამო არ ითამაშებენ გიორგი ჟღენტი, ფულენსე ოუდრაოგო, ჟულიენ ტომა და ბუსტოს მოიანო.
შველიძე ძირითად შემადგენლობაშია, ნარიაშვილი სათადარიგოთა შორის გაამწესეს.
ამავე ჯგუფში, ლიდერი ირლანდიური "ლენსტერი" შინ მიიღებს ინგლისურ "ბასის". ირლანდიურ კლუბს 11 ქულა აქვს.
C ჯგუფი
მონპელიე-გლაზგო, ლენსტერი-ბასი
სატურნირო მდგომარეობა
1. ლენსტერი - 11 ქულა, 2. გლაზგო - 8, 3. ბასი - 6, 4. მონპელიე - 4.
* * *
"ჰეინეკენის თასზე" ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან საუკეთესო შედეგი დღესდღეობით დავით ზირაქაშვილის "კლერმონს" აქვს. "ვულკანები", რომლებმაც აქამდე 10 ქულა დააგროვეს და ლიდერობენ, სტუმრად ითამაშებენ ინგლისურ "ლესტერთან", რომელიც რვა ქულით მესამე ადგილზეა.
წინა ტურის მატჩში, "კლერმონმა" ინგლისელებს შინ მოუგო 30:12. სამწუხაროდ, ამ შეხვედრაში მძიმედ დაშავდა დავით ზირაქაშვილი, რომელიც საოპერაციო შეიქნა და ექიმების ვერდიქტის მიხედვით, ორი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ასევე ტრავმის გამო ვერ დაეხმარება "ვულკანებს" გუნდის კიდევ ერთი ლიდერი, უკანახაზელი ორელიან რუჟერი.
ამავე ჯგუფში, ირლანდიური "ალსტერი", რომელიც "კლერმონს" ერთი ქულით ჩამორჩება, სტუმრად ეთამაშება აუტსაიდერ იტალიურ "აირონს".
D ჯგუფი
ლესტერი-კლერმონი, აირონი-ალსტერი
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 10 ქულა, 2. ალსტერი - 9, 3. ლესტერი - 8, 4. აირონი - 0.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"