გორგოძის "მონპელიეს" რევანში არ გამოვიდა

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში პირველი წრის ბოლო, მეცამეტე ტურის შეხვედრები გაიმართა. ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან საპლეიოფო ექვსეულში ადგილი მხოლოდ ერთმა, "აჟენმა" დაკარგა. კვლავ აუტსაიდერთა შორისაა "ლიონი"-კიდევ ერთი "ქართული გუნდი".

ჩვენებურთა გუნდებიდან ყველაზე კარგი შედეგი დავით ზირაქაშვილის "კლერმონს" აქვს, რომელიც 44 ქულით მეორე ადგილზეა.

"ვულკანებამა" მეცამეტე ტურში სტუმრად ითამაშეს ვასილ კაკოვინის, დავით ხინჩაგიშვილისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივთან".

მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბულ, უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა.

მასპინძლებმა, კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში საუკეთესოები არიან დაცვაში თამაშში. "კლერმონმა", რომელიც პირველ დივიზიონში
შედეგიანობით გამოირჩევა, (საშუალოდ მატჩში ორი ლელო), "ბრივს" ლელო ვერ გაუტანა, თუმცა მატჩი მაინც თავის სასარგებლოდ დაასრულა, ოღონდ ზუსტი საჯარიმოების წყალობით - 9:6.

შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმრებმა 6:3 მოიგეს. შესვენების შემდეგ "ბრივი" უპირატეობას დაეუფლა, თუმცა მხოლოდ ერთი საჯარიმოს გატანა შეძლო, რაზეც სტუმრებმა ასევე ერთით უპასუხეს. არადა, ბრიველებს თამაშის მოგებაც შეეძლოთ, თუმცა მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დაყაბულდნენ.

კაკოვინი ძირითად შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე ხინჩაგიშვილმა შეცვალა, ნატრიაშვილმა მოედანზე 14 წუთით მეტი დაჰყო, ზირაქაშვილი ტრავმირებულია და არ უთამაშია.

"კლერმონს" სამი ქულით უსწრებს და პირველ ადგილზეა, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი და ერთ-ერთი გრანდი "ტულუზი", რომელმაც სტუმრად შანსი არ დაუტოვა მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიეს" - 45:25.

მასპინძლებს ძალიან უნდოდათ, შარშან ფინალში განცდილი მარცხის გამო შური ეძიათ, თუმცა, როგორც ჩანს, ზედმეტმა მონდომებამ მათ თამაშს სერიოზული დაღი დაასვა. მონპელიელებმა მეტოქის შევიწროება ვერაფრით მოახერხეს, არადა, თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ირჯებოდნენ. არ იყო მხოლოდ გუნდის კაპიტანი ფულენსე უოდრაოგო.

ტულუზელთა რიგებში გამორჩეული იყო მგეზავი ლიონელ ბუქსი, რომელმაც არა მარტო ზუსტი დარტყმით, არამედ გონივრული თამაშითაც ჩვენებურთა გუნდს დიდი პრობლემები შეუქმნა. მან სამი არეკნი, ორი გარდასახავა და ხუთი საჯარიმო გაიტანა (28 ქულა).

გორგოძე, რომელმაც თავიდან ბოლომდე ითამაშა, მატჩის არბიტრმა მე-14 წუთზე გაასინბინა. რაკში თამაშისას მას მეტოქის გარემარბი ვინსენ კლერი განზრახ ბინძურად ეთამაშა, რაც საქართველოს ნაკრების ლიდერმა არ აპატია და ფრანგთა ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი ხელიდან დიდი გაჭირვებით გამოსტაცეს. გორგოძე, როგორც ყოველთვის, თამაშისასაც აქტიური იყო, მაგრამ თანაგუნდელები ვერაფრით აიყოლია.

ჟღენტი თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო, ნარიაშვილი სათადარიგოთა შორის იყო, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა, შველიძე განაცხადში არ იყო. "მონპელიეს" ახლა 27 ქულა აქვს და VIII ადგილზეა.

მას 5 ქულით უსწრებს და VII ადგილზეა ბექა შეყლაშვილის "აჟენი", რომელმაც მე-13 ტურში სტუმრად წააგო უშუალო კონკურენტ "მეტრო რასინგთან" - 8:26. პარიზელები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და პირველი ტაიმი 19:3 მოიგეს. ნათელი გახდა, რომ აჟენელები მეტოქესთან ვერას გახდებოდნენ და თავი დიდად არც მატჩის მეორე ნახევარში გამოუდიათ.

შეყლაშვილი თადარიგში იყო და თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო.

"აჟენს" სამი ქულით უსწრებს და IV ადგილზეა ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი". ჩვენებურის გუნდმა უმძიმესი ბრძოლა გადაიტანა სტუმრად ბასკურ "ბაიონთან" და ფრეს დასჯედა - 16:16.

აღსანიშნავია, რომ კასტრელებმა პირველ ტაიმში ბევრად უკეთ ითამაშეს. ჩვენებურის გუნდი მე-14 წუთისთვის 10:0-ს იგებდა. პირველი ნახევარი კი შვიდქულიანი უპირატესობით 13:6 მოიგო.

შესვენების შემდეგ მასპინძლები მთელის სიმძლავრით ამოქმედდნენ და 71-ე წუთისთვის უკვე 16:3 იგებდნენ. "კასტრი" მარცხს ფულბეკი რომან ტულეს საჯარიმომ გადაარჩინა.

ფეიქრიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს.

"კასტრს" ოთხი ქულით უსწრებს და მესამე ადგილზეა დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი", რომელმაც შინ დიდი გაჭირვებით დაამარცხა გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონი" - 20:15.

მასპინძლები, ცხადია, ფავორიტებად მიიჩნეოდნენ და მათ დიდი ანგარიშით გამარჯვებასაც უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე მყოფმა "ლიონმა" ბრჭყალები გამოაჩინა და მეტოქეს ილოად არაფერს უთმობდა. მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 9:9 დასრულდა. თუმცა მეორეში ტულონელებმა მაინც იმძლავრეს და საწადელს მიაღწიეს.

ქუბრიაშვილი და კავთიძე თამაშში ერთდროულად 52-ე წუთიდან ჩაერთნენ, მიქაუტაძეს, ჩილაჩავას და რატიანიძეს არ უთამაშიათ.

I დვიზიონი. XIII ტური
ბრივი-კლერმონი 6:9, ბაიონი-კასტრი 16:16, სტად ფრანსე-ბიარიცი 23:10, პერპინიანი-ბორდო 38:13, მეტრო რასინგი-აჟენი 26:8, ტულონი-ლიონი 20:15, მონპელიე-ტულუზი 25:45.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 47 ქულა, 2. კლერმონი - 44, 3. ტულონი - 39, 4. კასტრი - 35, 5. სტად ფრანსე - 34, 6. მეტრო რასინგი - 34, 7. აჟენი - 32, 8. მონპელიე - 27, 9. პერპინიანი - 25, 10. ბრივი - 23, 11. ბაიონი - 22, 12. ბორდო - 21, 13. ლიონი - 18, 14. ბიარიცი - 15.

XIV ტური
მონპელიე-მეტრო რასინგი, კასტრი-პერპინიანი, ბორდო-სტად ფრანსე, ლიონი-კლერმონი, აჟენი-ბრივი, ბირიცი-ტულონი, ტულუზი-ბაიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული