გიორგი ჟღენტი და ვასილ კაკოვინი - წლის აღმოჩენა

AutoSharing Option
2011 წელი დასასრულს უახლოვდება. დადგა დრო განვლილი პერიოდის მოვლენები შევაჯამოთ, მორაგბეების გარჯა შევაფასოთ.

საფრანგეთის ქართული ლეგიონისთვის წლევანდელი სეზონი განსაკუთრებული გამოდგა. "ბორჯღალოსანთა" და "მონპელიეს" ლიდერი მამუკა გორგოძე ჯერ სპორტულმა გაზეთმა "ეკიპმა", ხოლო შემდეგ, ყოველდღიურმა სარაგბო გამოცემა "მიდი ოლიმპიკმა" საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელ მორაგბედ აღიარა.

ამასთან ერთად, შერკინების ბურჯები დავით ქუბრიაშვილი ("ტულონი") და გოდერძი შველიძე ("მონპელიე"), ასევე "ნიცას" შუამარბი დავით კაჭარავა წლეულს "ბარბაროსებში" სათამაშოდ მიიწვიეს.

ახლახან, კი "მიდი ოლიმპიკმა" კიდევ ერთი სიმბოლური ნაკრები დაასახელა, რომელშიც ამ სარაგბო გაზეთის აზრით, წლევანდელ სეზონში აღმოჩენილი
მორაგბეები შევიდნენ. გუნდს პირობითად ნიჭიერთა სიმბოლური ნაკრები დაარქვეს. სასიხარულოა, რომ ამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში შერკინების ორი ქართველი ბურჯი გიორგი ჟღენტი (მონპელიე) და ვასილ კაკოვინი (ბრივი) მოხვდნენ.

აი რას წერს მათ შესახებ "მიდი ოლიმპიკი":
გიორგი ჟღენტი. ქართველი შერკინების ბურჯი საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მეორე სეზონს ატარებს და არაერთხელ დაამტკიცა, რომ შერკინების დგომში ბადალი არ ჰყავს. მან დისციპლინის გამოსწორებაც შესძლო, რაც აქამდე პრობლემური იყო.
ვასილ კაკოვინი. 22 წლის ქართველმა დიდი ხანია ფრანგული გრანდების ყურადღება მიიპყრო. ის ძალიან სწრაფია და დინამიურია ბურთით ხელში. კაკოვინი ერთნაირად ძლიერია ღია თამაშში და შერკინების დგომშიც. მისი შეჩერება ძალიან ძნელია.

შეგახსნებთ, რომ ვასილ კაკოვინმა ახლახან წინასწარ შეთანხმებას მიაღწია საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონთან, ერთ-ერთ გრანდ "ტულუზთან", რომლის საფუძველზე საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯმა კონტრაქტი კლუბთან მომავალი წლის თებერვალში უნდა გააფორმოს.

ევროპული საკლუბო რაგბის ერთ-ერთ უძლირეს გუნდში თამაშს კი შემდეგი სეზონიდან შეძლებს.

რაც შეეხება გიორგი ჟღენტს, ის იმდენად კარგად მოერგო "მონპელიეს", რომ მის გარეშე ამ გუნდის შერკინების პირველი ხაზი თითქმის ყველას წინააღმდეგ უძლურია. ჟღენტი "მონპელიეში" კიდევ ორი წელიწადი ითამაშებს.

სიმბოლური ნაკრები
15. ჟან-მარსელ ბუტინი (კლერმონი), 14. ტიმოკი მატანავუ (ტულუზი), 13. ვესლი ფოფანა (კლერმონი), 12. იან დავიდი (ტულუზი), 11. დევიდ სმიტი (ტულონი), 10. ლუკ მაკალისტერი (ტულუზი), 9. ჟულიენ დიუპიუი (სტად ფრანსე). 1. ვასილ კაკოვინი (ბრივი), 2. ჩეზ ბრუნო (ტულონი), 3. გიორგი ჟღენტი (მონპელიე), 4. ლუკას მაესტრი (ტულუზი), 5. ჯონ ქუვუ (მეტრო რასინგი), 6. გერჰარდ ვოსოლო (კლერმონი), 7. იანიკ ნიანგა (ტულუზი), 8. კრის მასო (კასტრი).
16. ლიონელ ფური (კლერმონი), 17. დევიდ რუმიო (ბაიონი), 18. კარენა ვიონგი (კასტრი), 19. დიუვალ სენკალი (აჟენი), 20. ალექსანდრ ბიასი (ბრივი), 21. კონრად ბერნარი (აჟენი), 22. ჰენრი შავანსი (მეტრო რასინგი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული