ხუთი ლიდერი და გიორგაძის დებიუტი

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში, მე-14 ტურის შეხვედრაში, ფრანგული გრანდის, "ტულუზის" შემადგენლობაში პირველად ითამაშა ქართველმა მორაგბემ აქვსენტი გიორგაძემ.

სატურნირო ცხრილის პირველი ხუთი საფეხური კი ქართველ მორაგბეთა გუნდებს უკავიათ. საპლეიოფო ექვსეულს მიუახლოვდა კიდევ ერთი "ქართული გუნდი" "მონპელიე".

გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი "ტულუზი", რომელმაც მე-14 ტურში შინ მიიღო ბასკური "ბაიონი" და 30:15 დაამარცხა. ამ შეხვედრაში შესანიშნავად ითამაშა ტულუზელთა მგეზავმა ლიონელ ბუქსიმ, რომელმაც რვა საჯარიმო და ორი არეკნი გაიტანა.

ტულუზელთა რიგებში პირველად გამოჩნდა საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭი აქვსენტი გიორგაძე, რომელმაც
49-ე წუთზე საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრილი ვილიამ სერვა შეცვალა.

აღსანიშნავია, რომ სერვა 11 იანვარს საფრანგეთის რაგბის ნაცინალური ლიგის სადისციპლინო სხდომაზეა დაბარებული და დისკვალიფიკაცია ემუქრება. ამდენად, შესაძლებელია, გიორგაძემ გუნდის ძირითად შემადგენლობაში გადაინაცვლოს. მით უფრო, რომ "გლობუსამ" "ბაიონთან" მატჩში დაკისრებულ მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვა.

"ტულუზს" ხუთი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა დავით ზირაქაშვილის "კლერმონი", რომელმაც სტუმრად ფრედ ითამაშა გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონთან" - 6:6. ლიონელებმა, რომლებიც 20 ქულით ბოლოსწინა ადგილზე არიან, უკანასკნელ ტურებში აშკარად უმატეს. მათი შერკინება ტოლს არავის უდებს და, შესაბამისად, დამაკმაყოფილებელ შედეგსაც აღწევენ. შინ მრსიხანე "ვულკანებთან" ფრე ლიონელოებს ნამდვილად აქტივში უნდა ჩაეთვალოს.

კავთიძე თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო, რატიანიძესა და ზირაქაშვილს არ უთამაშიათ.

"კლერმონს" ექვსი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი", რომელმაც შინ შანსი არ დაუტოვა კატალონიურ "პერპინიანს" -33:6. კასტრელები მატჩის დასაწყისიდან ბოლომდე აშკარა სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და ცხადი იყო, სტუმრები ვერას გახდებოდნენ. მასპინძლებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათი ყოფნა ლიდერებში ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში კანონზომიერებაა.

"კასტრს", წესით პლეი ოფში მოხვედრა არ უნდა გაუჭირდეს, თუმცა ჩემპიონობისთვის უმწვავესი ბრძოლების გადატანა მოუწევს.

ფეიქრიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის 73-ე წუთზე შეცვალეს.

"კასტრს" ერთი ქულით ჩამორჩება და მე-4 ადგილზეა დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი", რომელმაც ყველასთვის მოულოდნელად სტუმრად წააგო აუტსაიდერ "ბიარიცთან" - 6:25. ბასკური გუნდი საგრძნობლად გამოაცოცხლა ტრავმამოშუშებული ქართული წარმოშობის ცხრა ნომერის, დიმიტრი იაშვილის დაბრუნებამ. "იაშიმ" გუნდს 20 ქულა შესძინა (ექვსი საჯარიმო და ერთი გარდასახვა).

ტულონელთა მგეზავმა ჯონი ვილკინსონმა კი ორი საჯარიმო მიითვალა. ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს, ჩილაჩავასა და მიქაუტაძეს არ უთამაშიათ.

"ტულონს" სამი ქულით ჩამორჩება და მე-5 ადგილზეა ბექა შეყლაშვილის "აჟენი", რომელმაც შინ დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივს" უმასპინძლა და 15:9 მოუგო.

აჟენელებმა, რომლებიც წლეულს მოულოდნელად კარგად ასპარეზობენ, ამ გამარჯვებით საპლეიოფო ექვსეულში გაიმყარეს ადგილი. "ბრივის" სატურნირო მდგომარეობა კი საგრძნობლად გაუარესდა. ჩვენებურთა ამ გუნდს ახლა 24 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა.

ხინჩაგიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 44-ე წუთზე კაკოვინმა შეცვალა, ნატრიაშვილი თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო, შეყლაშვილი განაცხადში არ იყო.

მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიემ" საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტი, პარიზული "მეტრო რასინგი" მიიღო და 29:14 მოუგო.

მონპელიელებმა წინა ტურში შინ "ტულუზთან" მარცხის გამო სრულად შეძლეს რეაბილიტაცია და სატურნირო ცხრილის გაუმჯობესებაც. პარიზელები ჩვენებურთა გუნდს მხოლოდ სამი ქულით უსწრებენ, რაც სულაც არ არის რთულად აღმოსაფხვრელი ჩამორჩენა.

მონპელიელთა რიგებში კვლავ საუკეთესო ოყო მამუკა გორგოძე, რომელმაც თავიდან ბოლომდე ითამაშა. გუნდს დაუბრუნდა ლიდერი და კაპიტანი, მესამეხაზელი ფულენსე უოდრაოგო. ძირითად შემადგენლობაში იყო ჟღენტიც, რომელიც 57-ე წუთზე შეცვალეს, ნარიაშვილი მოედანზე 76-ე წუთიდან გამოჩნდა. შველიძე განაცხადში არ იყო.

XIV ტური

ტულუზი-ბაიონი 30:15, მონპელიე-მეტრო რასინგი 29:14, კასტრი-პერპინიანი 33:6, ბორდო-სტად ფრანსე 39:6, ლიონი-კლერმონი 6:6, აჟენი-ბრივი 15:9, ბიარიცი-ტულონი 25:6.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 51 ქულა, 2. კლერმონი - 46, 3. კასტრი - 40, 4. ტულონი - 39, 5. აჟენი - 36, 6. მეტრო რასინგი - 34, 7. სტად ფრანსე - 34, 8. მონპელიე - 31, 9. ბორდო - 26, 10. პერპინიანი - 25, 11. ბრივი - 24, 12. ბაიონი - 22, 13. ლიონი - 20, 14. ბიარიცი - 19.

XV ტური
აჟენი-ბიარიცი, ბაიონი-ბორდო, სტად ფრანსე-კასტრი, ტულუზი-ლიონი, ბრივი-მონპელიე, პერპინიანი-მეტრო რასინგი, კლერმონი-ტულონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული