საფრანგეთის ჩემპიონატში კი "ქართული გუნდების" უმრავლესობა ლიდერები არიან. სატურნორო ცხრილის პირველი ხუთი საფეხური სწორედ მათ უკავიათ.
გათამაშების ლიდერი, აქვსენტი გიორგაძის "ტულუზი", რომელსაც დღესდღეობით 51 ქულა დაუგროვდა შინ ეთამაშება ერთ-ერთ აუტსაიდერს, გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონს". ცხადია, ამ წყვილში გამარჯვებულის ვინაობის გამოცნობა რთული არ არის. "ტულუზი"
ლიონელებს რადიკალურად განსხვავებული პრობლემა აქვთ გადასაჭრელი. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ნელ-ნელა უმატებს და ნამდვილ პირველდივიზიონელს ემსგავსება, "ლიონი" მაინც სახიფათო ზონაშია. ჩვენებურთა ამ გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლო ორ ტურში მათ შესანიშნავად იასპარეზეს. ჯერ სტუმრად გაუწიეს უდიდესი წინააღმდეგობა ჩემპიონატის ერთ ფავორიტ "ტულონს". მერე კი შინ მრისხანე "კლერმონი" დააჯერეს ფრეს - 6:6.
რაც შეხება "ტულუზს", ფრანგულ გრანდში წინა ტურში საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯის, აქვსენტი გიორგაძის დებიუტი შედგა, სავარაუდოდ, ის "ლიონთან" მატჩშიც 22-კაციან განაცხადში შევა.
მე-15 ტურის ცენტრალური მატჩი კი დავით ზირაქაშვილის "კლერმონისა" და დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავს "ტულონის" დაპირისპირება იქნება. თამაში "ვუკანების" სტადიონზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ კლერმონელები ლიდერ "ტულუზს" ხუთი ქულით ჩამორჩებიან და მე-2 ადგილზე არიან. "ტულონი" კი თავის მხრივ "კლერმონს" შვიდი ქულით ჩამორჩება და მეოთხეა.
მიუხედავად იმისა, რომ მულტიმილიონერმა მურად ბურჯელალმა ახლახან გუნდი რამდენიმე სუპერ ვარსკვლავით გააძლიერა, "ტულონმა" თამაშს უკლო და ფონს მხოლოდ ინგლისელი მგეზავის ჯონი ვილკინსონის ფეხჩუბინობის წყალობით გადის. წინა, მე-14 ტურში კი სულაც პირწმინდად დამარცხდა სტუმრად აუტსაიდერ "ბიარიცთან" - 6:25.
"კლერმონი", სავარაუდოდ, ამჯერადაც გამარჯვებული დარჩება, მით უფრო, რომ წლეულს "ვულკანებს" საკუთარი მოედნიდან გახარებული არავინ გაუშვია. სამწუხაროდ, ისევ ვერ ითამაშებს ზირაქაშვილი, რომელმაც მხარი დაიშავა და ამჟამად მკურნალობს. ძირითად შემადგენლობაში იქნება ქუბრიაშვილი, ხოლო მიქაუტაძე და ჩილაჩავა სათადარიგო გუნდში არიან.
"ტულონს" ერთი ქულით უსწრებს და მესამე ადგილზეა ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი", რომელიც ზედიზედ მესამე სეზონია საპლეიოფო ზონაში ტრიალებს, თუმცა ფინალში გაღწევა ვერაფრით შეძლო. კასტრელებს ამის კარგი შანსი წლეულსაც აქვთ.
ფეიქრიშვილი და კომპანია მე-15 ტურში სტუმრად ეთამაშება პარიზულ "სტად ფრანსეს", რომელმაც შარშან თავსდატეხილი ფინანსური კრიზისი წლევანდელი სეზონის წინ დაძლია და ნელ-ნელა პოზიციებს იბრუნებს.
თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ პარიზელებს არასტაბილურობა დასჩემდათ. მაგალითად, გუნდმა, რომელიც პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვის, სტუმრად დიდი ანგარიშით წააგო ერთ-ერთ აუტსაიდერ "ბორდოსთან" - 6:39. ამის მიზეზი "სტად ფრანსეს" მოთამაშეთა უდისციპლინობა იყო.
მატჩის არბიტრმა მოედნიდან ერთმანეთის მიყოლებით სამი პარიზელი გაასინბინა და გუნდს 30 წუთი კაცნაკლულს მოუწია თამაში.
"კასტრი" კი, პირიქით, შესანიშნავად დალაგებული, კარგი დისციპლინით გამორჩეული გუნდია და შედეგსაც შესაბამისს აღწევს. ძნელი სათქმელია, ამ გუნდების დაპირისპირება როგორ დასრულდება. "სტად ფრანსემ" თუ "აიშვა", მისი შეჩერება, ფაქტობრივად შეუძლებელია.
საპლეიოფო ექვსეულშია ბექა შეყლაშვილის "აჟენიც", რომელმაც დღეისთვის 36 ქულა დააგროვა. ჩვენებურის ეს გუნდი შინ ეთამაშება აუტსაიდერ "ბიარიცს", რომელმაც ტრავმის მოშუშების შემდეგ, ცხრა ნომრის, დიმიტრი იაშვილის დაბრუნების შემდეგ საგრძნობლად მოუმატა და შინ ფავორიტი "ტულონი" დაამარცხა.
ბასკურ გუნდს ელიტურ, პირველ დივიზიონში ადგილის შენარჩუნების შანსი ჯერ არ დაუკარგავს და, ცხადია, ბოლომდე თავდადებით იბრძოლებს.
შესაბამისად "აჟენს" საკმაოდ ძნელი ბრძოლოს გადატანა მოუწევს, თუმცა წარმატების შემთხვევაში ჩვენებურის გუნდი სატურნირო მდგომარეობას კიდევ უფრო გაიუმჯობესებს.
პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიე", რომელიც ამჯერად სტუმრად ეთამაშება დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივს".
აღსანიშნავია, რომ პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსი ორივე გუნდს აქვს. ამასთან, წარუმატებლობის შემთხვევაში "ბრივს" ბევრად უარესი სატურნირო მდგომარეობა შეექმნება. ამიტომ, მასპინძლები უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოლებენ და მოღონიერებულ "მონპელიეს" იოლად არაფერს დაუთმობენ. ასევე საინტერესო იქნება ქართველი მორკინალების დაპირისპირებაც.
XV ტური
აჟენი-ბიარიცი, ბაიონი-ბორდო, სტად ფრანსე-კასტრი, ტულუზი-ლიონი, ბრივი-მონპელიე, პერპინიანი-მეტრო რასინგი, კლერმონი-ტულონი.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 51 ქულა, 2. კლერმონი - 46, 3. კასტრი - 40, 4. ტულონი - 39, 5. აჟენი - 36, 6. მეტრო რასინგი - 34, 7. სტად ფრანსე - 34, 8. მონპელიე - 31, 9. ბორდო - 26, 10. პერპინიანი - 25, 11. ბრივი - 24, 12. ბაიონი - 22, 13. ლიონი - 20, 14. ბიარიცი - 19.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"