გიორგაძის უიღბლო დებიუტი "ტულუზში"

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირვველ დივიზიონში მე-15 ტური ფატალური აღმოჩნდა საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭ აქვსენტი გიორგაძისთვის.

მისმა "ტულუზმა", რომელიც გათამაშების ლიდერი და უმთავრესი ფავორიტია, მეტოქე გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონი" დიდი ანგარიშით 51:10 დაამარცხა, მაგრამ "გლობუსა", რომელსაც გუნდის ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა, მატჩის მე-15 წუთზე მძიმედ დაშავდა.

"მისი ტრავმა ჩვენი გუნდისთვის დიდი დარტყმაა. გიორგაძესთან დაკავშირების სერიოზული გეგმები გვქონდა. ამ პოზიციაზე სეზონის დაწყებიდანვე მუდამ პრობლემა გვექმნებოდა, როგორც ჩანს, ის ჯერ არ დამთავრებულა. ახლა ისინი უნდა ვათამაშოთ, ვინც დაგვრჩა. გიორგაძეს სერიოზული
სამედიცინო კვლევა ჩაუტარდება და იმედი გვაქვს, რომ კუნთი გაწყვეტილი არ აქვს" - თქვა "ტულუზის" მთავარმა მწვრთნელმა, გი ნოვემ.

ტულუზელთაგან კვლავ საუკეთესო იყო მგეზავი ლიონელ ბუქსი, რომელმაც გუნდს 21 ქულა მოუტანა (ექვსი გარდასახავა და სამი საჯარიმო). კავთიძე და რატიანიძე განაცხადში არ იყვნენ.

მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიემ" სტუმრად დაამარცხა ვასილ კაკოვინის, დავით ხინჩაგიშვილისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივი" - 23:9. შედეგად მონპელიელები, მიუხედავად იმისა, რომ ისევ მერვე ადგილზე არიან, საპლეიოფო ექვსეულს ამჟამად მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან.

"ბრივის" საქმე კი საკმაოდ გართულდა. ჩვენებურთა ამ გუნდმა საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეხუთედ წააგო და გასავარდნ ზონას დაუახლოვდა, ბრიველები მე-11 ადგილზე არიან აუტსაიდერ "ლიონს" ოთხი ქულით უსწრებენ.

თამაში საკმაოდ საინტერესო, უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. მატჩის არბიტრმა მოედნიდან ოთხი მორაგბე გაასინბინა, აქედან სამი სტუმართა გუნდიდან. პირველი, ვისაც მოედნის ათი წუთით დატოვებამ მოუწია, "მონპელიეს" ქართველი შერკინების ბურჯი გიორგი ჟღენტი იყო. ის მე-9-ე წუთზე გაასინბინეს და 47-ე წუთზე შეცვალეს.

ძირითად შემადგენლობაში ითამაშა მამუკა გორგოძემაც, რომელმაც მოედანი 67-ე წუთზე დატოვა, კაკოვინი და ხინჩაგიშვილი მატჩში 41-ე წუთიდან ჩაერთნენ, ნარიაშვილი მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა, ორ წუთში მას მატრიაშვილი მოჰყვა, შველიძე განაცხადში არ იყო.

ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი" სტუმრად დამარცხდა პარიზულ "სტად ფრანსესთან" - 21:38. თუმცა მიუხედავად ამისა, სატურნირო ცხრილში 40 ქულით მესამე ადგილს მაინც ინარჩუნებს. ფეიქრიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს.

ბექა შეყლაშვილის "აჟენი" შინ დამარცხდა აუტსაიდერ ბასკურ "ბიარიცთან" - 6:15. მას შემდეგ, რაც ამ გუნდს ტრავმამოშუშებული ცხრა ნომერი დიმიტრი იაშვილი დაუბრუნდა, ბასკებმა ზედიზედ ორი თამაში მოიგეს. ისევე როგორც წინა ტურის მატჩში, "იაში" ამჯერადაც საუკეთესო იყო, მის ანგარიშზე 12 ქულაა (ოთხი საჯარიმო).

"აჟენმა" ამ მარცხის შემდეგ საპლეიოფო ექვსეული დატოვა და ახლა 36 ქულით მე-7 ადგილზეა. შეყლაშვილი განაცხადში არ იყო.

ლიდერების, დავით ზირაქაშვილის "კლერმონისა" და დავით ქუბრიაშვილის "ტულონის" შეხვედრა გვიან ღამით დასრულდა.

I დივიზიონი
XV ტური
აჟენი-ბიარიცი 6:15, ბაიონი-ბორდო 20:27, სტად ფრანსე-კასტრი 38:21, ტულუზი-ლიონი 51:10, ბრივი-მონპელიე 9:23, პერპინიანი-მეტრო რასინგი 14:14, კლერმონი-ტულონი (გვიან დასრულდა).
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 56 ქულა, 2. კლერმონი - 46, 3. კასტრი - 40, 4. ტულონი - 39, 5. სტად ფრანსე - 39, 6. მეტრო რასინგი - 36, 7. აჟენი - 36, 8. მონპელიე - 35, 9. ბორდო - 30, 10. პერპინიანი - 27, 11. ბრივი - 24, 12. ბაიონი - 23, 13. ბიარიცი - 23, 14. ლიონი - 20.

XVI ტური
ლიონი-აჟენი, ტულონი-ბაიონი, კასტრი-ბიარიცი, ბორდო-კლერმონი, მონპელიე-სტად ფრანსე, ბრივი-პერპინიანი, მეტრო რასინგი-ტულუზი.

საშობაო არდადეგების შემდეგ მე-15 ტურის მატჩებით განახლდა მეორე დივიზიონის გათამაშება. აქ ლიდერი გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლია", რომელმაც შინ დაამარცხა "ოიონაქსი" 24:9 და სატურნირო ცხრილში პოზიცია კიდევ უფრო განიმტკიცა.

ისევ აუტსაიდერია თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილისა და დავით დადუნაშვილის "პერიგო", რომელმაც სტუმრად წააგო "დაქსთან" - 8:19. მარგველაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს, დადუნაშვილი თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო, ზიბზიბაძე ტრავმირებულია და არ უთამაშია.

აუტსაიდერთა შორისაა ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასიშვილის "ორიაკიც", რომელმაც სტუმრად წააგო "ლა როშელთან" - 16:26. დათუნაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ნაცარაშვილი მოედანზე 74-ე წუთიდან გამოჩნდა, ასეიშვილი განაცხადში არ იყო.
მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" შინ მოუგო "ალბის" - 22:19. მაგრაქველიძე მატჩში 46-ე წუთიდან ჩაერთო, მირცხულავას არ უთამაშია.

დავით ლოსაბერიძისა და ზერო პეტრიაშვილის "პომ" საკუთარ მოედანზე დაამარცხა "ოში" - 16:3. ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ.

II დივიზიონი
XV ტური
ექსი-პერიგო 19:8, ბეზიე-კარკასონი 13:18, დაქსი-ბურგუენი 25:12, ნარბონი-მონ დე მარსანი 9:13, პო-ოში 16:3, ლა როშელი-ორიაკი 26:16, ტარბი-ალბი 22:19, გრენობლი-ოიონაქსი 24:9.
სატურნირო მდგომარეობა
1. გრენობლი - 52 ქულა, 2. დაქსი - 46, 3. მონ დე მარსანი - 43. 4. პო - 42, 5. ლა როშელი - 42, 6. კარკასონი - 41, 7. ექსი - 39, 8. ოიონაქსი - 37, 9. ალბი - 36, 10. ბურგუენი - 35, 11. ტარბი - 34, 12. ოში - 31, 13. ორიაკი - 26, 14. ნარბონი - 20, 15. ბეზიე - 18, 16. პერიგო - 14.

XVI ტური
ბეზიე-დაქსი, ალბი-ნარბონი, ოში-პერიგო, ლა როშელი-ოიონაქსი, პო-ექსი, გრენობლი-ორიაკი, ბურგუენი-კარკასონი, ტარბი-მონ დე მარსანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული