ჯაბა ბრეგვაძის დებიუტი და მამუკა გორგოძის ჩვეული თავდადება

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-16 ტურის მატჩებში ქართველ მორაგბეთა რვა გუნდიდან შვიდმა მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ამ ტურში ფრანგული რაგბის გრანდის, "ტულუზის" შემადგენლობაში შედგა საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭის ჯაბა ბრეგვაძის დებიუტი, რომელიც წარმატებული გამოდგა.

საფრანგეთის ჩემპიონი "ტულუზი" სტუმრად ეთამაშა პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლ და მუდამ ამბიციურ "მეტრო რასინგს". ტულუზელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და პირველ ნახევარში საკმაოდ დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ. შესაბამისად პირველი ტაიმიც მათ სასარგებლოდ 9:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ პარიზელები გონს მოეგნენ და 11 წუთში ანგარიშში დაწინაურება
მოახერხეს - 10:9. ბრეგვაძე თამაშში რვა წუთის შემდეგ ჩაერთო. მომდევნო ათ წუთში კი გუნდებმა თითო-თითო საჯარიმო გაცვალეს. გამარჯვება "ტულუზს" შეცვლაზე შესულმა 19 წლის მესამეხაზელმა ჟილან გალანმა ლელოთი მოუტანა - 19:13.

"ტულუზმა" ამ გამარჯვების შემდეგ 60 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან, დავით ზირაქაშვილის "კლერმონთან" ექვსქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა. "ვულკანებმა" მე-16 ტურში უმძიმესი ბრძოლა გადაიტანეს სტუმრად "ბორდოსთან". ჩვენებურის გუნდმა პირველი ტაიმი 8:10 დათმო. თუმცა შესვენების შემდეგ ვითარებას მოედანზე მთლიანად კლერმონელები აკონტროლებდნენ. მეტოქეს მონაგარის გაზრდის საშუალება აღარ მისცეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მიპოვეს - 17:10. ზირაქაშვილი ტრავმირებულია და არ უთამაშია.

"კლერმონს" 9 ქულით ჩამორჩება და მე-3 ადგილზეა დავით ქუბრიაშვილის "ტულონი", რომელმაც შინ გაანადგურა აუტსაიდერი "ბაიონი" - 50:10. მასპინძლებმა ბასკებს ხუთი ლელო გაუტანეს, აქედან ორი ინგლისელმა მესამეხაზელმა სტეფან არმითიჯმა მიითვალა. მატჩში ყველაზე შედეგიანი კი მისი თანამემამულე მგეზავი ჯონი ვილკინსონი იყო, რომელმაც ხუთ-ხუთი საჯარიმო და გარდასახვა გაიტანა (25 ქულა).

შესანიშნავად გამოიყურებოდა ტულონელთა რიგებში ვილკინსონისა და ავსტრალიელი შუამარბის მეთ გიტოს დუეტი. სამხრეთაფრიკელმა მეორეხაზელმა ბაკის ბოთამ კი, ტრადიციულად მეორე ტაიმში შეცვალა ინგლისელი კოლეგა საიმონ შოუ. ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ქუბრიაშვილმაც, რომელიც 55-ე წუთზე შეცვალეს.

"ტულონს" ერთი ქულით ჩამორჩება და მეოთხე ადგილზეა ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი", რომელმაც მე-16 ტურში შინ დაამარცხა ბასკური "ბიარიცი" - 29:23. თამაში საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მასპინძლები ანგარიშში დიდი სხვაობით დაწინაურებას ვერაფრით ახერხებდნენ. გადამწყვეტი უპირატესობა კასტრელებმა მატჩის დასკვნით მეოთხედში მოიპოვეს. ფეიქრიშვილი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 49-ე წუთიდან ჩაერთო.

საპლეიოფო ექვსეულში შეაღწია მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიემ", რომელმაც შინ შესანიშნავ სტილში დაამარცხა უშუალო კონკურენტი, პარიზული "სტად ფრანსე" - 38:6.

მონპელიელებმა უმაღლესი დონის რაგბი აჩვენეს, რომელთა რიგებშიც კვლავ გამორჩეული იყო საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი მამუკა გორგოძე. "მონპელიეს" მთავარმა მწვრთნელმა ფაბიენ გალტიემ ის ამ შეხვედრაში მეორეხაზში დააყენა. თუმცა ამით არაფერი შეცვლილა, გორგოძე, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც აქტიური და ყველაზე მონდომებული იყო.

ეს მონდომება, ერთ-ერთ ეპიზოდში, მატჩის 45-ე წუთზე, სინბინის ფასად დაუჯდა. რაკში თამაშისას, მან პარიზელთა არგენტინელ პირველხაზელ როდრიგო რონსეროს, რომელიც წესის დარღვევით თამაშგარეში იმყოფებოდა და ბურთის რაკიდან გამოსვლას ხელს უშლიდა, ფეხი ჩაარტყა. რაც გვერდით არბიტრს შეუმჩნეველი არ დარჩენია.

მატჩის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდი გორგოძისა და მსოფლიოს საუკეთესო რვა ნომრის, იტალიელი სერჯო პარისეს შერკინება იყო. მოედნის ცენტრში პარისეს ბურთი რაკიდან გამოუტანეს, მას წინ ჩვენი "გულივერა" დახვდა, რომელმაც იტალიელი შებოჭა და დაახლოებით ათი მეტრი ათრია. რის შემდეგაც მოედანზე დასცა, თამაში რაკში გადავიდა, სადაც სტუმრებმა წესი დაარღვიეს და "მონპელიემ" საჯარიმოს დარტყმის უფლება მიიღო.

გორგოძემ მატჩში თავიდან ბოლომდე ითამაშა, ჟღენტი 57-ე წუთზე შეცვალეს, ნარიაშვილი და შველიძე განაცხადში არ იყვნენ.

ოდნავ გამოიკეთა სატურნირო მდგომარეობა დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივმა", რომელმაც შინ დაამარცხა "პერპინიანი" - 17:9. მასპინძლებმა პირველი ტაიმი გაჭირვებით მოიგეს - 10:9. ბრიველებს დიდი უპირატესობა არც მეორე ნახევარში ჰქონიათ, თუმცა მეტოქისგან განსხვავებით უშეცდომოდ ითამაშეს და უაღრესად საჭირო გამარჯვება მოიპოვეს.

"ბრივს" ახლა 28 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა. კაკოვინი ძირითად შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს, ნატრიაშვილი მოედანზე 66-ე წუთიდან გამოჩნდა, ხინჩაგიშვილს არ უთამაშია.

სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურს თავი დააღწია გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონმა", რომელმაც საკუთარ მოედანზე ბექა შეყლაშვილის "აჟენს" სძლია - 19:11. კავთიძესა და რატიანიძეს არ უთამაშიათ, შეყლაშვილი განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გამოჩენილა.

I დივიზიონი
XVI ტური
მონპელიე-სტად ფრანსე 38:6, ლიონი-აჟენი 19:11. ტულონი-ბაიონი 50:10, კასტრი-ბიარიცი 29:23, ბრივი-პერპინიანი 17:9, მეტრო რასინგი-ტულუზი 13:19, ბორდო-კლერმონი 10:17.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 60 ქულა, 2. კლერმონი - 54, 3. ტულონი - 45, 4. კასტრი - 44, 5. მონპელიე - 40, 6. სტად ფრანსე - 39, 7. მეტრო რასინგი - 37, 8. აჟენი - 36, 9. ბორდო - 31, 10. ბრივი - 28, 11. პერპინიანი - 27, 12. ბიარიცი - 24, 13. ლიონი - 24, 14. ბაიონი - 23.

XVII ტური
მონპელიე-პერპინიანი, ბიარიცი-ტულუზი, ტულონი-ბორდო, ლიონი-ბრივი, აჟენი-კასტრი, ბაიონი-სტად ფრანსე, კლერმონი-მეტრო რასინგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული