მე-17 ტურის შედეგებს სატურნირო ცხრილში არაფერი შეუცვლია. ყველა მომგებმა მოიგო და პოზიციები კიდევ უფრო განიმტკიცეს.
გათამაშებას სათავეში ერთბაშად ხუთი "ქართული გუნდი" უდგას.
ლიდერი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ჯაბა ბრეგვაძისა და აქვსენტი გირგაძის "ტულუზი" სტუმრად დაუპირისპირდა ერთ-ერთ აუტსაიდერ "ბიარიცს" და 20:15 დაამარცხა.
მიუხედავად იმისა, რომ ტულუზელებს ეროვნულ ნაკრებში მივლინებული შვიდი მორაგბე
50-ე წუთისთვის ჩვენებურთა გუნდი 20:6-ს იგებდა. ბასკებმა ამის შემდეგღა შეძლეს გააქტიურება, თუმცა მხოლოდ ანგარიშში სხვაობის ხუთ ქულამდე შემცირება მოახერხეს.
ბრეგვაძე სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო, გიორგაძე ტრავმირებულია.
მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიემ" შინ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა "პერპინიანთან" - 22:11.
მონპელიელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და მე-20 წუთისთვის მეტოქეს მშრალი ანგარიშით 15:0-ს უგებდნენ. სტუმრებმა დიდი ძალისხმევის წყალობით მეორე ტაიმის დასაწყისისში ანგარიშში სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირეს - 11:15. მატჩში გარდამტეხი პერიოდი დადგა, სწორედ ასეთ ვითარებაში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა მამუკა გორგოძემ, რომელმაც 59-ე წუთზე თავისივე წამოწყებული შეტევა ლელოთი დაასრულა, არგენტინელმა მარტინ ბუსტოს მოიანომ გარდასახა - 22:11. პერპინიენელთა თავგანწირული თამაშის მიუხედვად, ანგარიში შეხვედრაში აღარ შეცვლილა.
გორგოძემ სრულად ითამაშა, ჟღენტი მოედანზე 49-ე წუთიდან გამოჩნდა, ნარიაშვილმა საქართველოს ნაკრებში ითამაშა, შველიძე განაცხადში არ იყო. "მონპელიეს" ახლა 44 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა.
დავით ქუბრიაშვილის "ტულონმა", რომელიც 50 ქულით მესამე ადგილზეა, შინ გაანადგურა "ბორდო" - 44:7. ტულონელებმა ხუთი ლელო გაიტანეს. ინგლისელმა მგეზავმა ჯონი ვილკინსონმა ხუთივე გარდასახა და სამი საჯარიმოც მიუმატა (24 ქულა).
ქუბრიაშვილი თადარიგში იყო და თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო.
"ტულონს" ცხრა ქულით უსწრებს და მეორე ადგილზეა დავით ზირაქაშვილის "კლერმონი", რომელმაც შინ მოუგო "მეტრო რასინგს" - 31:13. ზირაქაშვილი ტრავმირებულია და არ უთამაშია.
გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონს" შინ უნდა ეთამაშა დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივთან", თუმცა უამინდობის გამო გადაიდო. ამავე მიზეზით არ შედგა ბექა შეყლაშვილის "აჟენისა" და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრის" დაპირისპირებაც.
I დივიზიონი
XVII ტური
მონპელიე-პერპინიანი 22:11, ბიარიცი-ტულუზი 15:20, ტულონი-ბორდო 44:7, ბაიონი-სტად ფრანსე 26:20, კლერმონი-რასინგი 31:13, ლიონი-ბრივი (გადაიდო), აჟენი-კასტრი (გადაიდო)
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 65 ქულა, 2. კლერმონი - 59, 3. ტულონი - 50, 4. მონპელიე - 44, 5. კასტრი - 44, 6. სტად ფრანსე - 40, 7. მეტრო რასინგი - 37, 8. აჟენი - 36, 9. ბორდო - 36, 10. ბრივი - 28, 11. ბაიონი - 27, 12. პერპინიანი - 27, 13. ბიარიცი - 25, 14. ლიონი - 24.
XVIII ტური
პერპინიანი-ბიარიცი, ტულუზი-აჟენი, ბაიონი-კლერმონი, ბორდო-მონპელიე, ლიონი-მეტრო რასინგი, სტად ფრანსე-ტულონი, ბრივი-კასტრი.
ფედერალ 1 დივიზიონში მატჩების აბსოლუტური უმრავლესობა გადაიდო. აქ სულ ოთხი შეხვედრა ჩატარდა. აქედან ორში ქართველ მორაგბეთა გუნდებმა ითამაშეს.
B ჯგუფში დავით კაჭარავასა და ნიკოლოზ მაღალდაძის "ნიცამ" შინ წააგო ირაკლი მაჩხანელის "სენტ ეტიენთან" - 19:23. "ნიცა" 22 ქულით მე-8 ადგილზეა. "სენტ ეტიენი" მას 10 ქულით უსწრებს და სატურნირო ცხრილში მეხუთეა.
C ჯგუფში მოასპარეზე მერაბ კვირიკაშვილის, გიორგი ჩხაიძის, რობერტ აბესლამიძისა და დავით ოზგებაშვილის "სენ ჟუნიენმა" სტუმრად წააგო "სენ ნაზერთან" - 6:33. ჩვენებურთა გუნდი 22 ქულით მე-7 ადგილზეა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"