ქართველები საფრანგეთში: ხუთი ისევ ლიდერია, მეექვსეც იქვეა

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში 18 თებერვალს XVIII ტურის შეხვედრები გაიმართება. ამ ტურის წინ სატურნირო ცხრილის პირველი ხუთი საფეხური ქართველ მორაგებთა გუნდებს უკავიათ.

გათამაშების ლიდერი, ჯაბა ბრეგვაძისა და აქვსენტი გიორგაძის "ტულუზი" შინ ეთამაშება ბექა შეყლაშვილის "აჟენს", რომელიც 36 ქულით მე-8 ადგილზეა და ჯერ კიდევ ინარჩუნებს პლეი ოფში მოხვედრის შანსს.

წესით ტულუზელებს გამარჯვევბის მიღწევა არ უნდა გაუჭირდეთ. გი ნოვეს ბიჭებს ორი წელიწადია საკუთარ მოედანზე არ წაუგიათ და მიმდნარე ჩემპინატშიც ზედიზედ ათი შეხვედრა მოიგეს. ახალხან კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ტულუზის" შერკინების
კვაჭი ვილიამ სერვა სეზონის დასრულების შემდეგ გუნდში მწვრთნელად იმუშავებს. ეს ფაქტი თუნდაც იმიტომაა საყურადღებო, რომ საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭს, ჯაბა ბრეგვაძეს "ტულუზში" ფეხის მოკიდება გაუადვილდება.

ჯაბამ უკვე ითამაშა გუნდის მიერ გამართულ ორ შეხვედრაში. ის ორივეჯერ სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო მატჩში და ურიგოდ არ გამოიყურებოდა. გამორიცხული არ არის ბრეგვაძემ ამჯერად ძირითად შემადგენლობაში დაიკავოს ადგილი. გიორგაძე ტრავმირებულია. შეყლაშვილი სათადარიგოთა შორისაა.

მეორეადგილოსანი დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" ტულუზელებს ექვსი ქულით ჩამორჩება. "ვულკანები" მე-18 ტურში სტუმრად ეთამაშებიან ბასკურ "ბაიონს", რომელიც 27 ქულით მე-11 ადგილზეა და დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ცხადია, ჩვენებურის გუნდი მხოლოდ გამარჯვებისთვის გამოიდებს თავს, თუმცა არც მარცხი იქნება ტრაგედია. სხვა საქმეა შესწევს თუ არა "კლერმონის" დამარცხების ძალა "ბაიონს".

ზირაქაშვილი ტრავმირებულია და, სავარაუდოდ, ერთ თვის შემდეგ შეძლებს თამაშს.

"კლერმონსა" და მესამე ადგილზე მყოფ დავით ქუბრიაშვილის "ტულონს" ერთმანეთთან ცხრა ქულა აშორებს. ტულონელებს უმძიმესი მატჩის გადატანა მოუწევს სტუმრად პარიზში "სტად ფრანსესთან". შეხვედრა "სტად დე ფრანსზე" გაიმართება, რომელიც ახლახან ექვსი ერის გათამაშებაში სკანდალური მოვლენების ეპიცენტრში იყო.

აღსანიშნავია, რომ პარიზელებს წლეულს შინ არ წაუგიათ. თუმცა "სტად ფრანსეს" პირველი დივიზიონის კლუბებიდან ყველაზე ცუდი დაცვა ჰყავს. ეს კი მათთვის დიდი ხიფათის შემცველია, მით უფრო, რომ "ტულონმა" ბოლო ორ შეხვედრაში 94 ქულის დაგროვება შეძლო.

საინტერესოა, რომ "ტულონის" ამჟამინდელი თავკაცი ბერნარ ლაპორტი, ოდესღაც "სტად ფრანსეს" მთავარი მწვრთნელი იყო და ამ გუნდის აღმასვლაში მას დიდი წვლილი მიუძღვის. პარიზელებს, რომლებიც 40 ქულით მე-6 ადგილზე არიან, ჰაერივით სჭირდებათ გამარჯვება.

ქუბრიაშვილი "ტულონის" ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.

ბოლო ტურებში ზედიზედ ოთხი მოგებული მატჩის შემდეგ საგრძნობლად გამოისწორა სატურნირო მდგომარეობა მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიემ", რომელიც 44 ქულით მე-4 ადგილზეა. ჩვენებურთა ეს გუნდი სტუმრად ეთამაშება "ბორდოს", რომელიც ყველასთვის მოულოდნელად საკმაოდ წარმატებით ასპარეზობს და სატურნირო ცხრილის შუაში დაიმკვიდრა ადგილი.

ჩვენებურთა გუნდი თამშიდან-თამაშამდე უმატებს და ყველაფერს იღონებს, რათა გასვლით მატჩში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვოს. "მონპელიეს" რიგებში ნაკრებიდან დაბრუნდა მგეზავი ფრანსუა ტრინ-დუკი, რომელიც გუნდის შეტევით პოტენციალს საკმაოდ გაზრდის.

გორგოძე, როგორც გუნდის ლიდერი, ცხადია, ძირითად შემადგენლობაში იქნება. გუნდის მთავარი მწვრთნელი ფაბიენ გალტიე საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო შერკინების ბურჯს, გიორგი ჟღენტს დაღლილი მეტოქის საბოლოოდ გასანადგურებლად იყენებს და ბოლო შეხვედრებში შეცვლაზე ათამაშებს. შველიძე და ნარიაშვილი განაცხადში არ არიან.

ასევე 44 ქულით მეხუთე ადგილზეა ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი", თუმცა ერთი თამაში თადარიგში აქვს. კასტრელები სტუმრად ეთამაშებიან დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივს", რომელიც 28 ქულით მე-10 ადგილზეა და დივიზიონიდან გავარდნის საფრთხე ემუქრება.

ბრიველები პირველ დივიზონში ყველაზე კარგი დაცვით გამოირჩევა და თუ შეტევაშიც ოდნავ უკეთესად ითამაშებს, წესით, მეტოქის დამარცხება უნდა შესძლოს.

ქართველი მორაგბეები ამ პატარა ქალაქში საკმაოდ პოპულარულები არიან. ამჟამად ბრივში რაგბის ახალგაზრდული ფესტივალი იმართება, რომელსაც "ბრივის" მორკინალები ვასილ კაკოვინი და ირაკლი ნატრიაშვილი სტუმრობდნენ. ისინი ნორჩ მორაგბეებს შეხვედნენ, ბევრ რამეზე ისაუბრეს და ავტოგრაფებიც უხვად დაარიგეს.

გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონი", რომელიც 24 ქულით ბოლო ადგილზეა, შინ ეთამაშება პარიზულ "მეტრო რასინგს". პარიზელებს მეტოქისგან სრულიად განსხვავებული ამბიციები აქვთ და შეეცდებიან შესანიშნავად მოთამაშე ლიონის წინააღმდეგობა დასძლიონ.

ქართველი მორაგბეები განაცხადში არ არიან.

I დივიზიონი
XVIII ტური
პერპინიანი-ბიარიცი, ტულუზი-აჟენი, ბრივი-კასტრი, ბაიონი-კლერმონი, ბორდო-მონპელიე, ლიონი-მეტრო რასინგი, სტად ფრანსე-ტულონი.

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 65 ქულა, 2. კლერმონი - 59, 3. ტულონი - 50, 4. მონპელიე - 44, 5. კასტრი - 44, 6. სტად ფრანსე - 40, 7. მეტრო რასინგი - 37, 8. აჟენი - 36, 9. ბორდო - 36, 10. ბრივი - 28, 11. ბაიონი - 27, 12. პერპინიანი - 27, 13. ბიარიცი - 25, 14. ლიონი - 24.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული