ქართველ მორაგბეთა რვა გუნდიდან სამმა მოიგო

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-18 ტურის შეხვედრები საინტერესო, დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და რამდენიმე მატჩი მოულოდნელი ანგარიშით დასრულდა. ქართველ მორაგბეთა რვა გუნდიდან მხოლოდ სამმა მოიგო, თუმცა მოწინავე ხუთეულში ისევ ჩვენებურთა კლუბები არიან.

გათამაშების ლიდერმა, ჯაბა ბრეგვაძისა და აქვსენტი გიორგაძის "ტულუზმა" მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა. საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა ამჯერად შინ ბექა შეყლაშვილის "აჟენი" დაამარცხა - 21:10.

სტუმრებმა მრისხანე მეტოქეს პირველ ნახევრაში მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში მუდმივად წინ იყვნენ, ტაიმი სამი ქულით დათმეს
- 10:13.

შესვენების შემდეგ მოედანზე მთლიანად ტულუზელები დომინირებდნენ და მეტოქე, საბოლოოდ, მეორე ტაიმის პირველ ოც წუთში გატეხეს. ბრეგვაძე სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო, გიორგაძე ტრავმირებულია.

დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" სტუმრად ფრეს დასჯერდა ბასკურ "ბაიონთან" 22:22. "ვულკანებმა", მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მეტოქის დაძლევა ვერაფრით შესძლეს. მასპინძლებმა ბოლომდე თავდადებით იბრძოლეს და "კლერმონს" გამარჯვება, მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე გატანილი ლელოთი, ხელიდან გამოსტაცეს.

ზირაქაშვილი ტრავმირებულია და არ უთამაშია.

ასევე ფრეს გამორჩა სტუმრად, პარიზში "სტად ფრანსესთან" დაპირისპირებაში დავით ქუბრიაშვილის "ტულონი" - 19:19. სტუმართა ინგლისელი მგეზავი ჯონი ვილკინსონი მატჩის 24-ე წუთზე დაშავდა, რის შემდეგაც მასპინძლები სათამაშო უპირატესობას დაეუფლნენ, მაგრამ ანგარიშში წინ გასვლა მხოლოდ შვიდი ქულით შესძლეს.

მატჩის ბოლო წუთისთვის "სტად ფრანსე" 19:12-ს იგებდა. ტულონელები წაგებისგან ინგლისელი მესამეხაზელის სტეფან არმითიჯის ლელომ იხსნა, რომელიც ავსტრალიელმა შუამარბმა მეთ გიტომ გარდასახა - 19:19.

ვილკინოსნის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და მას სულ მცირე სამი კვირა გაუცდება. ქუბრიაშვილი თადარიგში იყო და მოედანზე 54-ე წუთიდან გამოჩნდა.

მორიგი გამარჯვება მოიპოვა მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიემ".

ჩვენებურთა გუნდმა სტუმრად უმძიმეს ბრძოლაში მოუგო "ბორდოს" - 30:26.

თამაში გარადმავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. დასაწყიში ბორდოელები დაწინაურდნენ, თუმცა ტაიმი "მონპელიემ" მოიგო - 13:10. მეორე ნახევრის საწყისი 15 წუთი ისევ სტუმრების იყო, მერე მასპინძლები გამოცოცხლდნენ და იმდენი მოახერხეს, რომ 68-ე წუთისთვის ანგარიშში დაწინაურდნენ - 26:23. მატჩის მიწურულს "მონპელიემ" შეძლო გადამწყვეტი ლელოს გატანა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვება.

ჟღენტმა სრულად ითამაშა, გორგოძე თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო, ნარიაშვილი და შველიძე განაცხადში არ იყვნენ.

ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა" სტუმრად დაამარცხა ვასილ კაკოვინის, დავით ხინჩაგიშვილისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივი" - 15:13. ბრიველები ამ მარცხის შედეგად სატურნირო ცხრილში ბოლოდან მესამე საფეხურზე დაქვეითდნენ და მათი დივიზიონიდან გავარდნის საფრთხე საგრძნობლად გაიზარდა.

ხინჩაგიშვილი 54-ე წუთზე შეცვალეს, ნატრიაშვილი თამაშში ერთი წუთის შემდეგ ჩაერთო, კაკოვინმა მოედანი 64-ე წუთზე დატოვა, ფეიქრიშვილი განაცხადში არ იყო.

გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონმა" შინ წააგო პარიზულ "მეტრო რასინგთან" - 22:33 და 24 ქულით ბოლო ადგილზეა.

ლიონელები დივიზიონიდან გავარდნის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატები არიან. ქართველ მორაგბეებს "მეტრო რასინგის" წინააღმდეგ არ უთამაშიათ.

I დივიზიონი
XVIII ტური
პერპინიანი-ბიარიცი 25:6, ტულუზი-აჟენი 21:10, ბრივი-კასტრი 13:15, ბაიონი-კლერმონი 22:22, ბორდო-მონპელიე 26:30, ლიონი-მეტრო რასინგი 22:33, სტად ფრანსე-ტულონი 19:19.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 69 ქულა, 2. კლერმონი - 61, 3. ტულონი - 52, 4. მონპელიე - 48, 5. კასტრი - 48, 6. სტად ფრანსე - 42, 7. მეტრო რასინგი - 41, 8. ბორდო - 37, 9. აჟენი - 36, 10. პერპინიანი - 31, 11. ბაიონი - 29, 12. ბრივი - 29, 13. ბიარიცი - 25, 14. ლიონი - 24.

XIX ტური
ტულონი-მონპელიე, მეტრო რსინგი-ბაიონი, ბიარიცი-ბორდო, ბრივი-სტად ფრანსე, აჟენი-პერპინიანი, კლერმონი-ტულუზი, კასტრი-ლიონი.

* * *

მეორე დივიზიონში ისევ გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლი" ლიდერობს. "ალპელებმა" მე-20 ტურში სტუმრად მოუგეს ალქსანდრე მარგველაშვილის, თედო ზიბზიბაძისა და დავით დადუნაშვილის "პერიგოს" - 11:9.

ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკი" სტუმრად ფრეს დასჯერდა "ექსთან" - 18:18.

დათუნაშვილმა სრულად ითამაშა, ასეიშვილი თამაშში 52-ე წუთდან ჩაერთო, ნაცარაშვილი განაცხადში არ იყო.

დავით ლოსაბერიძისა და ზერო პეტრიაშვილის '"პომ", რომელიც 59 ქულით მესამე ადგილზეა, შინ მინიმალური ანგარიშით სძლია მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბს" - 28:27. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

II დივიზიონი
XX ტური
ალბი-ოში 14:12, ექსი-ორიაკი 18:18, დაქსი-ნარბონი 21:16, პო-ტარბი 28:27, პერიგო-გრენობლი 9:11, კარკასონი-ლა როშელი 21:11, ოიონაქსი-ბეზიე (გადაიდო), ბურგუენი-მონ დე მარსანი (გადაიდო).

სატურნირო მდგომარეობა
1. გრენობლი - 68 ქულა, 2. დაქსი - 65, 3. პო - 59, 4. მონ დე მარსანი - 52, 5. ლა როშელი - 51, 6. ალბი - 51, 7. ოში - 46, 8. ექსი - 44, 9. ბურგუენი - 43, 10. კარკასონი - 43, 11. ოიონაქსი - 42, 12. ტარბი - 42, 13. ორიაკი - 36, 14. ნარბონი - 29, 15. ბეზიე - 22, 16. პერიგო - 21.

XXI ტური
პერიგო-ალბი, ორიაკი-ოში, ტარბი-დაქსი, ბეზიე-ლა როშელი, ბურგუენი-ოიონაქსი, ნარბონი-პო, გრენობლი-ექსი, მინ დე მარსანი-კარკასონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული