"კლერმონი" VS "ტულუზი" - ქართველებს ერთმანეთის წინააღმდეგ არ ითამაშებენ

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე შვიდი ტური დარჩა. აღსანიშნავია, რომ ქართველ მორაგებთა გუნდები წელს არნახულად წარმატებულად ასპარეზობენ. მოწინავე, საპლეიოფო ექვსეულიდან ხუთი სწორედ ჩვენებურთა კლუბია.

მე-19 ტურში ცენტრალური მატჩი კლერმონფერანში გაიმართება, სადაც მეორეადგილოსანი, დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" გათამაშების ლიდერს, ჯაბა ბრეგვაძისა და აქვსენტი გიორგაძის "ტულუზს" უმასპინძლებს.

თამაშს პეწს ის ფაქტი უკარგავს, რომ ორივე გუნდს წამყვანი მოთამაშეები დააკლდება. "ვულკანებს" საფრანგეთის ეროვნულ გუნდში, რომელიც ექვსი ერის გათამაშების გამოტოვებულ შეხვედრაში ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება, ექვსი მორაგბე ჰყავს მივლენილი, "ტულუზს" კი - რვა.

აღსანიშნავია, რომ "კლერმონს" ნოემბრის შემდეგ არ წაუგია, "ტულუზმა" კი ბოლოს ოქტომბერში წააგო. ამასთან ერთად, ისიც საგულისხმოა, რომ ტულუზელებს სტუმრად "ვულკანებისთვის" 2002 წლიდან არ მოუგია.

ზირაქაშვილი და გიორგაძე ვერ ითამაშებენ, რადგან ტრავმორებულნი არიან. ბრეგვაძე სათადრიგოთა შორისაა.

არანაკლებ მძაფრი ბრძოლაა მოსალოდნელი ტულონში, სადაც დავით ქუბრიაშვილის ადგილობრივი გუნდი მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიეს" უმასპინძლებს. ორივე გუნდი პლეი ოფში გასვლისთვის იბრძვის. "ტულონი" 52 ქულით მესამე ადგილზეა, "მონპელიე" კი მეოთხეა და მას ოთხი ქულით ჩამორჩება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მატჩს წინ საკმაოდ დაძაბული, ნერვული ატმოსფერო უძღვის. "ტულონსა" და "მონპელიეს" შორის დიდი ხანია სერიოზული უთანხმოებაა, რომელიც საქართველოს ნაკრების მესამეხაზელის მამუკა გორგოძის სატრანსფერო ციებ-ცხელებიდან იღებს სათავეს.

მატჩის წინადღეს ტულონელთა მულტიმილიონერმა პრეზიდენტმა მურად ბურჯელალმა საკუთარი გუნდის ქომაგებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და სთხოვა მეტოეს პატივისცემით მოპყრობოდა.

"მართალია, ჩვენს შორის საკამოდ დაძაბული ურთიერთობაა, მაგრამ ეს რაგბია, რომლის წმინდა ფასეულობებს პატივი უნდა ვცეთ და მისი დაუწერელი კანონები არ უნდა დავარღვით", - თქვა მან.

გოროგძე და ჟღენტი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებენ, ქუბრიაშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება, ნარიაშვილი და შველიძე განაცხადში არ არიან.

საპლეიოფო ექვსეულის მეხუთე ქართული გუნდი, ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი" შინ ეთამაშება გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონს". კასტრელებს სატურნირო მდგომარეობის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად აუცილებლად გამარჯვება სჭირდებათ, რისი მიღწევაც, წესით, აუტსაიდერ "ლიონთან" არ უნდა გაუჭირდეთ.

აღსანიშნავია, რომ "კასტრი" სახლის გუნდადაა შერაცხული და ამ გუნდთან სტუმრად პაექრობა არავის უხარია. ფეიქრიშვილს და კომპანიას წლეულს შინ არ წაუგია.

დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივი" შინ მიიღებს პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლ "სტად ფრანსეს". გამოტოვებულ შეხვედრაში "ლიონთან" გამარჯვების შემდეგ ბრიველთა სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. წესით, ჩვენებურთა გუნდმა პარიზელთა დამარცხებაც უნდა შეძლოს, მით უფრო, რომ "სატად ფრანსეს" ეროვნულ ნაკრებში ოთხი მორაგბე ჰყავს მივლენილი. საეჭვოა ასევე იტალიის ნაკრების მესამეხაზელის სერჯო პარისეს თამაშიც.

ბექა შეყლაშვილის "აჟენი", რომელიც პლეი ოფში მოხვედრის შანსს ისევ ინარჩუნებს, შინ შეხვდება ერთ-ერთ აუტსაიდერ "პერპინიანს". შეყლაშვილი სათადარიგოთა შორისაა.

I დივიზიონი
XIX ტური
ტულონი-მონპელიე, მეტრო რასინგი-ბაიონი, ბიარიცი-ბორდო, ბრივი-სტად ფრანსე, აჟენი-პერპინიანი, კლერმონი-ტულუზი, კასტრი-ლიონი.

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 69 ქულა, 2. კლერმონი - 61. 3. ტულონი - 52, 4. მონპელიე - 48, 5. კასტრი - 48, 6. სტად ფრანსე - 42, 7. მეტრო რასინგი - 41, 8. აჟენი - 40, 9. ბორდო - 37, 10. ბრივი - 33, 11. პერპინიანი - 31, 12. ბაიონი - 29, 13. ბიარიცი - 25, 14. ლიონი - 24.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული