პლეი ოფისთვის ქართველ მორაგბეთა შვიდი გუნდი იბრძვის

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში 24-ე ტურის მატჩები გაიმართა. ქართველი მორაგბის, გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლმა" ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა და უახლოეს მდევარ "დაქსს" ახლა 12 ქულით უსწრებს. ძნელი სავარაუდოა, ამ უკანასკნელმა დარჩენილ 6 ტურში ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლოს. ასეთ შემთხვევაში "ალპელები" ელიტური, პირველი დივიზიონის საგზურს ავტომატურად მოიპოვებენ.

"გრენობლმა" 24-ე ტურში შინ დაამარცხა მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბი" - 21:3. მაგრაქველიძე სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 37-ე წუთიდან ჩაერთო. მენაბდიშვილი და მირცხულავა საქართველოს A ნაკრებში არიან გამოძახებულნი.

ზერო პეტრიაშვილისა და დავით
ლოსაბერიძის
"პომ", რომელიც 68 ქულით მესამე ადგილზეა, სტუმრად წააგო "მონ დე მარსანთან" - 16:37. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

ისევ ბოლო ადგილზეა თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილისა და დავით დადუნაშვილის "პერიგო", რომელმაც 24-ე ტურში შინ დაამარცხა ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკი" - 22:15.

ასეიშვილი პირველივე ტაიმში, 32-ე წუთზე შეცვალეს, მარგველაშვილმა და დადუნაშვილმა მოედანი ერთდროულად, მე-60 წუთზე დატოვეს, ნაცარაშვილმა თამაშში ხუთი წუთით მეტი დაჰყო. ზიბზიბაძემ და დათუნაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშეს.

II დივიზიონი
XXIV ტური
ბურგუენი-ექსი 13:19, ბეზიე-ოში 23:6, პერიგო-ორიაკი 22:15, ოიონაქსი-კარკასონი 13:13, ნარბონი-ლა როშელი 28:22, მონ დე მარსანი-პო 27:16, გრენობლი-ტარბი 21:3, ალბი-დაქსი 33:9.
სატურნირო მდგომარეობა
1. გრენობლი - 82 ქულა, 2. დაქსი - 70, 3. პო - 68, 4. მონ დე მარსანი - 66, 5. ლა როშელი - 64, 6. ალბი - 61, 7. კარკასონი - 55, 8. ოში - 55, 9. ექსი - 53, 10. ოიონაქსი - 50, 11. ბურგუენი - 48, 12. ტარბი - 47, 13. ნარბონი - 45, 14. ორიაკი - 42, 15. ბეზიე - 32, 16. პერიგო - 32.

* * *

ფედერალ 1 დივიზიონში მე-12 ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელიც ერთი თვის წინ უნდა ჩატარებულიყო და დიდთოვლობის გამო გადაიდო. სულ კი ამ დივიზიონში 15 ტურია გამართული და რეგულარული გათამაშების დასრულებამდე გუნდებს სამ-სამი თამაში დარჩათ გასამართი. დღესდღეობით ფლეი ოფში მოხვედრის რეალურ შანსს ქართველ მორაგბეთა შვიდი გუნდი ინარჩუნებს.

A ჯგუფის გათამაშებას სათავეში ქართველ მორაგბეთა ოთხეული უდგას. დავით ბოლღაშვილის "ლილმა", რომელიც 56 ქულით პირველ ადგილზეა, შინ დაამარცხა "ნევერი" - 12:3. ჩვენებურს თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.

"ლილელებს" ორი ქულით ჩამორჩება შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის "მასი", რომელმაც საკუთარ მოედანზე მოუგო შოთა მელიქიძის "მაკონს" - 42:20. აშვეთია თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო, კობაური და მელიქიძე განაცხადში არ იყვნენ, სუთიაშვილმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა.

პარიზელებს 14 ქულით ჩამორჩება ელიზბარ ყუფარაძისა და დევი დათუნაშვილის "მონლუსონი", რომელმაც შინ მინიმალური სხვაობით დაამარცხა "ბობინი" - 18:17. ყუფარაძე თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო, დათუნაშვილი განაცხადში არ იყო.

40 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა გიორგი მჭედლიშვილის "დიჟონი", რომელმაც შინ სძლია შოთა საყვარელიძისა და ავთანდილ კოპალიანის "ორლეანს" - 26:22. მჭედლიშვილი განაცხადში არ იყო, საყვარელიძემ და კოპალიანმა სრულად ითამაშეს.

ზედიზედ მე-14 შეხვედრა წააგო რეზო გიგაურის, ნიკოლოზ გიორგაძისა და დიმა ხოჭოლავას "ბულონმა". ჩვენებურთა ამ გუნდს ამჯერად "სტრასბურმა" მოუგო - 30:6. გიგაურმა და ხოჭოლავამ თავიდან ბოლომდე ითამაშეს, გიორგაძე მე-60 წუთზე შეცვალეს.

A ჯგუფი
მასი-მაკონი 42:20, ლილი-ნევერი 12:3, დიჟონი-ორლეანი 26:22, მონლუსონი-ბობინი 18:17, ბულონი-სტრასბური 6:30.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლილი - 56 ქულა, 2. მასი - 54, 3. მონლუსონი - 40, 4. დიჟონი - 40, 5. მაკონი - 37, 6. ნევერი - 36, 7. ბობინი - 32, 8. სტრასბური - 25, 9. ორლეანი - 15, 10. ბულონი - 0.

* * *

B ჯგუფში ყველაზე კარგი შედეგი გია ლაბაძის, რეზო ბელქანიასა და ვახტანგ მაისურაძის "ლა სეინს" აქვს. ჩვენებურთა ეს გუნდი 41 ქულით მე-4 ადგილზეა და მეორეადგილოსანი "კასტანე" მხოლოდ 3 ქულით უსწრებს. ლასეინელებმა გამოტოვებული მე-12 ტურის მატჩში შინ წააგეს ირაკლი ნინიძის "რომანთან" - 20:24.

ნინიძე თამაშში 47-ე წუთიდან ჩაერთო, ლაბაძე სამი წუთის შემდეგ შეცვალეს, ბელქანიამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშა, მაისურაძე ტრავმირებულია.

"ლა სეინს" 8 ქულით ჩამორჩება და მე-6 ადგილზეა ირაკლი მაჩხანელის "სენტ ეტიენი", რომელმაც შინ წააგო "კასტანესთან" - 16:32. მაჩხანელმა "ბორჯღალოსნების" რიგებში რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.

გიორგი კუთარაშვილის "შატორენარი" შინ ფრეს დასჯერდა დავით კაჭარავასა და ნიკოლოზ მაღალდაძის "ნიცასთან" - 13:13. კუთარაშვილი თამაშში მე-40 წუთიდან ჩაერთო, მაღალდაძე განაცხადში არ იყო, კაჭარავამ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა.

B ჯგუფი
მონტობანი-ნიმი 43:25, პოკენი-ბურგ ან ბრესი 3:75, სენტ ეტიენი-კასტანე 16:32, შატორენარი-ნიცა 13:13, ლა სეინი-რომანი 20:24.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბურგ ან ბრესი - 55 ქულა, 2. კასტანე - 44, 3. მონტობანი - 43, 4. ლა სეინი - 41, 5. რომანი - 33, 6. სენტ-ეტიენი - 33, 7. ნიცა - 28, 8. შატორენარი - 28, 9. ნიმი - 16, 10. პოკენი - 3.

* * *
C ჯგუფში მოასპარეზე მერაბ კვირიკაშვილის, გიორგი ჩხაიძის, რობერტ აბესლამიძისა და დავით ოზგებაშვილის "სენ ჟუნიენმა" შინ წააგო გათამაშების ლიდერ "კოლომიესთან" - 12:25. ოზგებაშვილი თამაშში 72-ე წუთიდან ჩაერთო, აბესლამიძე განაცხადში არ იყო, კვირიკაშვილმა და ჩხაიძემ საქართველოს ნაკრებში ითამაშეს. "სენ ჟუნიენს" ახლა 31 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა.

C ჯგუფი
სენ მედარი-სენ ნაზერი 18:13, ვანი-ლანჟონი 10:9, სენ ჟუნიენი-კოლომიე 12:25, აგეტმო-ლავორი 15:32, მორლა-სენ ჟან დე ლუზი 22:24.
სატურნირო მდგომარეობა
1. კოლომიე - 56 ქულა, 2. ვანი - 41, 3. სენ ნაზერი - 37, 4. ლავორი - 37, 5. სენ მედარი - 32, 6. სენ ჟუნიენი - 31, 7. სენ ჟან დე ლუზი - 31, 8. ლანჟონი - 28, 9. აგეტმო - 25, 10. მორლა - 21.

* * *

დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი ნემსაძის "ვალანს დაჟენმა" შინ წააგო უშუალო კონკურენტ "ლურდთან" 18:22 და ახლა 44 ქულით მესამე ადგილზეა. ორივე ქართველმა ეროვნულ ნაკრებში ითამაშა.

D ჯგუფი
ოლორონი-რიბერაკი 45:18, ბლანიაკი-ლიმოჟი 18:17, მარმანდი-მოლეონი 34:12, ლანამეზანი-ტიროსი 3:20, ვალანს დაჟენი-ლურდი 18:22.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 55 ქულა, 2. ლიმოჟი - 47, 3. ვალანს დაჟენი - 44, 4. ლურდი - 38, 5. ბლანიაკი - 38, 6. ოლორონი - 33, 7. ლანამეზანი - 32, 8. მარმანდი - 29, 9. მოლეონი - 16, 10. რიბერაკი - 9.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული