21-ე ტურში ყველასათვის მოულოდნელად დამარცხდა გათამაშების ლიდერი, ფრანგული რაგბის გრანდი ჯაბა მალაღურაძისა და აქვსენტი გიორგაძის "ტულუზი". ჩვენებურთა ეს გუნდი სტუმრად ეთამაშა "ბორდოს" და მინიმალური სხვაობით დამარცხდა 18:17. არადა, ტულუზელებს მოგებაც რეალურად შეეძლოთ. ასეც იქნებოდა, 76-ე წუთზე მგეზავ ლიონელ ბუქსის გარდასახვა რომ გაეტანა.
ბრეგვაძე სათადარიგოთა შორის
"ტულუზის" ამ წაბორძიკებით კარგად ისარგებლა დავით ზირაქაშვილის "კლერმონმა", რომელმაც შინ დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი "პერპინიანი" - 29:23 და ლიდერთან ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა.
ზირაქაშვილი სამთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ მოედანზე მატჩის 54-ე წუთიდან გამოჩნდა.
"ვულკანებს" კვალში უდგას დავით ქუბრიაშვილის "ტულონი", რომელმაც შინ საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში შეძლო ერთ-ერთი კონკურენტის, პარიზული "მეტრო რასინგის" დამარცხება - 32:20. შეხვედრაში გამორჩეული ინგლისელი მგეზავი ჯონი ვილკინსონი იყო, რომელმაც გუნდს 22 ქულა მოუტანა (ექვსი საჯარიმო და ორი გარდასახვა). ქუბრიაშვილი თამაშში 71-ე წუთიდან ჩაერთო.
დიდი ინტერესი გამოიწვია მეოთხე-მეხუთე ადგილებზე მყოფი ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრისა" და მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიეს" დაპირისპირებამ. კასტრელებმა ფულბეკ რომენ ტულეს ფეხჩუბინობის წყალობით მეტოქე 27:18 დაამარცხეს. შედეგად "კასტრმა" და "მონპელიემ" სატურნირო ცხრილში ადგილები გაცვალეს.
ჟღენტი 68-ე წუთზე შეცვალეს; გორგოძემ მოედანზე ორი წუთით მეტი დაჰყო; ნარიაშვილი, შველიძე და ფეიქრიშვილი განაცხადში არ იყვნენ.
მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად "სტად ფრანსესთან" დიდი ანგარიშით 53:27 დამარცხდა, პლეი ოფში მოხვედრის შანსს ისევ ინარჩუნებს ბექა შეყლაშვილის "აჟენი". ჩვენებურის გუნდმა დაცვაში ძალიან ცუდად ითამაშა. მასპინძლებმა მეტოქეს შვიდი ლელო გაუტანეს.
მატჩის გმირი არგენტინელი მგეზავი ფელიპე კონტეპომი იყო, რომელმაც ორი ლელო, ხუთი გარდასახვა და ორი საჯარიმო გაიტანა (26 ქულა). ამასთან ერთად, ის მატჩის არბიტრმა მე-60 წუთზე გაასინბინა. შეყლაშვილი 59-ე წუთზე შეცვალეს. ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ ის სეზონის დასრულებისთანავე "აჟენს" დატოვებს. რომელ გუნდში გადაბარგდება ქართველი შერკინების ბურჯი, ჯერ უცნობია.
დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივმა" სტუმრად წააგო ერთ-ერთ აუტსაიდერ "ბაიონთან" - 12:19. ბრიველები ახლა 38 ქულით მე-10 ადგილზე არიან. ბოლოსწინა, მე-13 ადგილზე მყოფი "ბაიონი" მას უკვე მხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩება.
კაკოვინი ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს, ნატრიაშვილი და ხინჩაგიშვილი თამაშში 47-ე წუთიდან ჩაერთვნენ.
ისევ დამარცხდა აუტსაიდერი, გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონი". ჩვენებურთა ამ გუნდმა ამჯერად შინ წააგო "ბიარიცთან" - 17:34. ბასკების გუნდში საუკეთესო იყო ქართველი ცხრა ნომერი დიმიტრი იაშვილი, რომელმაც ერთი ლელო, ოთხი გარდასახვა და ორი საჯარიმო გაიტანა (19 ქულა). ამასთან ერთად, ის არბიტრმა 76-ე წუთზე გაასინბინა.
კავთიძე თამაშში 66-ე წუთიდან ჩაერთო, რატიანიძე განაცხადში არ იყო.
I დივიზიონი
XXI ტური
ბორდო-ტულუზი 18:17, სტად ფრანსე-აჟენი 53:27, ლიონი-ბიარიცი 17:34, კასტრი-მონპელიე 27:18, კლერმონი-პერპინიანი 29:23, ტულონი-მეტრო რასინგი 32:20, ბაიონი-ბრივი 19:12.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 74 ქულა, 2. კლერმონი - 73, 3. ტულონი - 62, 4. კასტრი - 55, 5. მონპელიე - 52, 6. სტად ფრანსე - 52, 7. მეტრო რასინგი - 49, 8. აჟენი - 44, 9. ბორდო - 41, 10. ბრივი - 38, 11. ბიარიცი - 38, 12. პერპინიანი - 35, 13. ბაიონი - 34, 14. ლიონი - 26.
XXII ტური
მეტრო რასინგი-კასტრი, ბიარიცი-კლერმონი, მონპელიე-აჟენი, პერპინიანი-ბაიონი, ლიონი-ბორდო, ბრივი-ტულონი, სტად ფრანსე-ტულუზი.
* * *
მეორე დივიზიონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე დამაჯერებლად ლიდერობს გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლი", რომელიც უახლოეს მდევარ "დაქსს" 17 ქულით უსწრებს. "ალპელებს" ელიტური, პირველი დივიზიონის საგზურის გასანაღდებლად დარჩენილ ექვს მატჩში ათი ქულის დაგროვება, ანუ ორი მატჩის მოგება უნდა, თანაც, ორივეში პრემიალური უნდა აიღოს.
"გრენობლმა" 24-ე ტურში შინ დაამარცხა მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბი" - 21:3. მენაბდიშვილი და მირცხულავა საქართველოს A ნაკრებში არიან გამოძახებულნი და უელსში იმყოფებიან. მაგრაქველიძე თამაშში 37-ე წუთიდან ჩაერთო.
თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილისა და დავით დადუნაშვილის "პერიგომ" შინ დაამარცხა ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასეიშვილის "ორიაკი" - 22:15. ასეიშვილი პირველივე ტაიმში, 32-ე წუთზე შეცვალეს; დადუნაშვილმა და მარგველაშვილმა მოედანი ერთდროულად, მე-60 წუთზე დატოვეს; ნაცარაშვილმა ხუთი წუთით მეტი ითამაშა; ზიბზიბაძე და დათუნაშვილი განაცხადში არ იყვნენ.
II დივიზიონი
XXIV ტური
ბურგუენი-ექსი 13:19, ბეზიე-ოში 23:6, პერიგო-ორიაკი 22:15, ოიონაქსი-კარკასონი 13:13, ნარბონი-ლა როშელი 28:22, მონ დე მარსანი-ლა როშელი 28:22, მონ დე მარსანი-პო 27:16, გრენობლი-ტარბი 21:3, ალბი-დაქსი 33:9.
სატურნირო მდგომარეობა
1. გრენობლი - 87 ქულა, 2. დაქსი - 70, 3. პო - 68, 4. ლა როშელი - 68, 5. მონ დე მარსანი - 66, 6. ალბი - 61, 7. კარკასონი - 59, 8. ოიონაქსი - 55, 9. ოში - 55, 10. ექსი - 53, 11. ბურგუენი - 48, 12. ტარბი - 48, 13. ორიაკი - 47, 14. ნარბონი - 45, 15. ბეზიე - 32, 16. პერიგო - 31.
XXV ტური
ექსი-ალბი, ტარბი-ბურგუენი, ორიაკი-მონ დე მარსანი, გრენობლი-ნარბონი, დაქსი-ოიონაქსი, კარკასონი-პო, ლა როშელი-ოში, პერიგო-ბეზიე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"