ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი უკვე პლეი ოფშია

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტური დარჩა. უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს ქართველ მორაგბეთა გუნდებმა, A ჯგუფის ლიდერებმა "მასიმ" და "ლილმა". შემდეგ ეტაპზე ბრძოლის გაგრძელების რეალურ შანსს კი კიდევ ექვსი ქართული გუნდი ინარჩუნებს.

A ჯგუფში სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზე დავით ბოლღაშვილის "ლილია", რომელმაც მე-16 ტურში შინ დაამარცხა გიორგი მჭედლიშვილის "დიჟონი" - 45:16 და 61 ქულა დაუგროვდა. ბოლღაშვილი განაცხადში არ იყო, მჭედლიშვილი კი თამაშში 45-ე წუთი
დან ჩაერთო.

ლიდერს სამი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის "მასი". პარიზელებმა შინ მოუგეს ელიზბარ ყუფარაძისა და დევი დათუნაშვილის "მონლუსონს" - 36:29.

მასიმ თამაში აქტიურად დაიწყო და მე-16 წუთისთვის უკვე 21:3-ს იგებდა. მერე მასპინძლები ოდნავ მოდუნდნენ და მონლისონელებმა 61-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეძლეს - 24:24. თამაშის დასკვნითი ნაწილი ისევ მასელების უპირატესობით წარიმართა და ლოგიკურ დასასრულამდეც მივიდა.

აშვეთია 41-ე წუთზე შეცვალეს; ყუფარაძე თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო; სუთიაშვილი, კობაური და დათუნაშვილი განაცხადში არ იყვნენ...

"მონლუსონი", მარცხის მიუხედავად, 41 ქულით მე-4 ადგილზეა და პლეი ოფისთვის ბრძოლას განაგრძობს. ამდენივე ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა შოთა მელიქიძის "მაკონი". ამ გუნდმა შინ დაამარცხა ავთანდილ კოპალიანის "ორლეანი" - 23:0. კოპალიანი, რომელმაც სრულად ითამაშა, 77-ე წუთზე გაასინბინეს.

რეგულარულ გათამაშებაში ჯერ არ მოუგია რეზო გიგაურის, ნიკოლოზ გიორგაძისა და დიმა ხოჭოლავას "ბულონს". ჩვენებურთა ეს გუნდი ამჯერად შინ დამარცხდა "ნევერთან - 3:52.

A ჯგუფი
მასი-მონლუსონი 36:29, ლილი-დიჟონი 45;16, სტრასბური-ბობინი 32:13, მაკონი-ორლეანი 23:0, ბულონი-ნევერი 3:52.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლილი - 61 ქულა, 2. მასი - 58, 3. ნევერი - 41, 4. მონლუსონი - 41, 5. მაკონი - 41, 6. დიჟონი - 40, 7. ბობინი - 32, 8. სტრასბური - 30, 9. ორლეანი - 15, 10. ბულონი - 0.

* * *

B ჯგუფში ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან საუკეთესო შედეგი გია ლაბაძის, ვახტანგ მაისურაძისა და რეზო ბელქანიას "ლა სეინს" აქვს.

მე-16 ტურში ლასეინელებმა აუტსაიდერი "პოკენი" გაანადგურეს - 92:6. ჩვენებურთა გუნდს ახლა 46 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, მას ორი ქულით უსწრებს მეორეადგილოსანი "მონტობანი".

პირველობას კი არავის უთმობს "ბურგ ან ბრესი", რომელმაც შინ ირაკლი მაჩხანელის "სენტ ეტიენი" დაამარცხა 53:18 და 60 ქულა დაუგროვდა.

საქართველოს ნაკრების გარემარბმა თავიდან ბოლომდე ითამაშა და 65-ე წუთზე ლელო გაიტანა. სენტეტიენელებს ახლა 33 ქულა აქვთ და მე-6 ადგილზე არიან.

სტუმრად "მონტობანთან" დამარცხდა გიორგი კუთარაშვილის "შატორენარი" - 3:37. ქართველი შერკინების ბურჯი ძირითად შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს. "შატორენარს" 28 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა.

ამდენივე ქულა აქვს და ერთი საფეხურით წინ არის დავით კაჭარავასა და ნიკოლოზ მაღალდაძის "ნიცა", რომელიც სტუმრად დამარცხდა ირაკლი ნინიძის "რომანთან" - 13:27. ქართველ მორაგბეებს თამაშში მონაწილეობა არ მიუღიათ.

B ჯგუფი
რომანი-ნიცა 27:13, მონტობანი-შატოენარი 37:3, ბურგ ან ბრესი-სენტ ეტიენი 53:18, ნიმი-კასტანე 25:22, ლა სეინი-პოკენი 92:6
სატურნირო მდგომარეობა
1. ბურგ ან ბრესი - 60 ქულა, 2. მონტობანი - 48, 3. ლა სეინი - 46, 4. კასტანე - 45, 5. რომანი - 37, 6. სენტ ეტიენი - 33, 7. ნიცა - 28, 8. შატორენარი - 28, 9. ნიმი - 20, 10. პოკენი - 3.

* * *

C ჯგუფში პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს მერაბ კვირიკაშვილის, გიორგი ჩხაიძის, დავით ოზგებაშვილისა და რობერტ აბესლამიძის "სენ ჟუნიენი", რომელმაც შინ "სენ მედარი" დაამარცხა - 25:9. მასპინძლებს დასაწყისში ძალიან გაუჭირდათ. მართალია, პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგეს - 7:6, მაგრამ შესვენების შემდეგ სტუმრებმა ანგარიშში დაწინაურება შეძლეს. ამას ისიც დაემატა, რომ არბიტრმა საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძე გაასინბინა.

მოედანზე მისი დაბრუნების შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა. "სენ ჟუნიენმა" ორი ლელოს გატანა მოახერხა, რასაც კვირიკაშვილმა ორი საჯარიმო მიუმატა. მის ანგარიშზე კი სულ 10 ქულაა (ორი გარდასახვა და ორი საჯარიმო).

"სენ ჟუნიენს" ახლა 36 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ პლეი ოფში მოწინავე ოთხეული ითამაშებს.

C ჯგუფი
ვანი-მორლაა 32:6, სენ ჟუნიენი-სენ მედარი 25:9, ლანჟონი-სენ ნაზერი 21:9, ლავორი-სენ ჟან დე ლუზი 34:29, აგეტმო-კოლომიე 22:15.
სატურნირო მდგომარეობა
1. კოლომიე - 57 ქულა, 2. ვანი - 46, 3. ლავორი - 41, 4. სენ ნაზერი - 38, 5. სენ ჟუნიენი - 36, 6. სენ ჟან დე ლუზი - 32, 7. ლანჟონი - 32, 8. სენ მედარი - 32, 9. აგეტმო - 29, 10. მორლაა - 21.

* * *

D ჯგუფში გიორგი ნემსაძისა და დიმიტრი ბასილაიას "ვალანს დაჟენმა", რომელიც 44 ქულით მესამე ადგილზეა, შინ წააგო უშუალო კონკურენტთან, მეორეადგილოსან "ლიმოჟთან" - 19:30. ნემსაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ბასილაია განაცხადში არ იყო.

D ჯგუფი
ლურდი-სტიროსი 15:19, ოლორონი-ლანამეზანი 24:28, ბლანიაკი-მარმანდი 44:10, ვალანს დაჟენი-ლიმოჟი 19:30, რიბერაკი-მოლეონი 21:21.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 59 ქულა, 2. ლიმოჟი - 51, 3. ვალანს დაჟენი - 44, 4. ბლანიაკი - 43, 5. ლურდი - 39, 6. ლანამეზანი - 36, 7. ოლორონი - 34, 8. მარმანდი - 29, 9. მოლეონი - 18, 10. რიბერაკი - 11.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სუთიაშვილს ისევ ფეხი აწუხებს და მაგიტომ ვერ ითამაშა. მასი გადავა წელს უეჭველი. ეკუთVნის მაგ გუნდს:)
karlsoni
10:48 27-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული