თედო ზიბზიბაძის პირველი ელიტური ლელო

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ოთხი ტური დარჩა.

განვლილი, 22-ე ტურის შვიდი მატჩიდან ექვსში მასპინძლებმა გაიმარჯვეს. ერთადერთი, ვინც სტუმრად მეტოქეს სძლია, გათამაშების ლიდერი ჯაბა ბრეგვაძისა და აქვსენტი გიორგაძის "ტულუზია". აღსანიშნავია, რომ მატჩების შედეგებმა დადებითად იმოქმედა ქართველ მორაგებთა თითქმის ყველა გუნდის სატურნირო მდგომარეობაზე.

"ტულუზი" რომ ლიდერია, უკვე ვახსენეთ. ჩვენებურთა ეს გუნდი სტუმრად ეთამაშებოდა ფრანგული რაგბის მეორე გრანდს, პარიზულ "სტად ფრანსეს" და, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა, მასპინძლები 22:18 დაამარცხა.

"ტულუზს" ლიდერობის დაკარგვის საფრთხე ემუქრებოდა. ამიტომ
გი ნოვემ და კომპანიამ ყველაფერი იღონეს, რათა ქვეყნის ჩემპიონს ზედიზედ მეორედ არ წაეგო. ბრეგვაძე, ისევე, როგორც ვილიამ სერვა, რომლის დუბლიორადაც ის მიიჩნევა, განაცხადში არ იყვნენ. გიორგაძე ტრავმირებულია.

უმძიმესი ბრძოლა გადახდა თავს სტუმრად ბასკურ "ბიარიცთან" ტულუზელთა უახლოეს მდევარს, დავით ზირაქაშვილის "კლერმონს".

"ვულკანები" მთელი მატჩის განმავლობაში ანგარიშით წინ იყვნენ, 38-ე წუთისთვის რვა ქულის სხვაობით 34:6 იგებდნენ, თუმცა ბოლოს მაინც დამარცხდნენ მინიმალური ანგარიშით - 14:15. ბასკურ გუნდს ყველა, თხუთმეტივე ქულა ქართული წარმოშობის ცხრა ნომერმა დიმიტრი იაშვილმა მოუტანა (ხუთი საჯარიმო). ზირაქაშვილი განაცხადში არ იყო.

"კლერმონმა" რვა ქულაზე ნაკლები სხვაობით წაგების გამო ერთი პრემიალური ქულა მიიღო და ახლა "ტულუზს" ოთხი ქულით ჩამორჩება.

63 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა დავით ქუბრიაშვილის "ტულონი", რომელმაც სტუმრად წააგო ვასილ კაკოვინის, დავით ხინჩაგიშვილისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივთან" - 9:14.

ტულონელებს ინგლისელი მგეზავის, ჯონი ვილკინსონის ფეხჩუბინობამაც ვერ უშველა. მან სულ სამი საჯარიმოს გატანა შეძლო. მეტიც, "ბრივის" ქებულ დაცვას სტუმრები 38-ე წუთამდე ვერაფერს უხერხებდნენ და მშრალი ანგარიშით 0:8 აგებდნენ.

ამ გამარჯვებით "ბრივმა" საგრძნობლად გამოიკეთა სატურნირო მდგომარეობა და პლეი ოფში მოხვედრის თეორიული შანსიც კი გაუჩნდა.

ჩვენებურთა ეს გუნდი 42 ქულით მე-9 ადგილზეა.

ხინჩაგიშვილი 57-ე წუთზე შეცვალეს, ქუბრიაშვილმა მოედანი ოთხი წუთის შემდეგ დატოვა, კაკოვინმა 71 წუთი ითამაშა, ნატრიაშვილი განაცხადში არ იყო.

მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიემ" შინ დიდი ანგარიშით დაამარცხა ბექა შეყლაშვილის "აჟენი" - 44:18. მასპინძლებს მეტოქის წინააღმდეგობის გატეხვა საწყის 45 წუთში ძალიან გაუჭირდათ. ამ დროისთვის მონპელიელები მხოლოდ მინიმალური სხვაობით იგებდნენ - 16:15.

ბოლო ოცი წუთი გადამწყვეტი აღმოჩნდა ამ მატჩში. "მონპელიემ" მეტოქეს სამი ლელო გაუტანა, რაზეც "აჟენმა" მხოლოდ ერთი საჯარიმოთი უპასუხა. მასპინძელთა გუნდში ყველაზე შედეგიანი არგენტინელი გარემარბი მარტინ ბუსტოს მოიანო იყო, რომელმაც გუნდს 24 ქულა მოუტანა (ერთი ლელო, ხუთი გარდასახვა და სამი საჯარიმო).

გორგოძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, შეყლაშვილი 56-ე წუთზე შეცვალეს, ჟღენტმა მოედანი 13 წუთის შემდეგ დატოვა, ნარიაშვილი თამაშში 75-ე წუთიდან ჩაერთო, შველიძე განაცხადში არ იყო. "მონპელიეს" ახლა 57 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა. მას ორი ქულით ჩამორჩება ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი", რომელმაც სტუმრად წააგო პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლ "მეტრო რასინგთან" - 16:27.

კასტრელები მთელი მატჩის განმავლობაში უშანსოდ გამოიყურებოდნენ და პრემიალური ქულის მოპოვებაც ვერ შეძლეს. ფეიქრიშვილი თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო.

დივიზიონში დარჩენის თეორიულ შანსს ისევ ინარჩუნებს გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონი", რომელმაც შინ დაამარცხა "ბორდო" - 24:13. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

I დივიზიონი
XXII ტური
მეტრო რასინგი-კასტრი 27:16, ბიარიცი-კლერმონი 15:14, მონპელიე-აჟენი 44:18, პერპინიანი-ბაიონი 47:9, ლიონი-ბორდო 24:13, ბრივი-ტულონი 14:9, სტად ფრანსე-ტულუზი 18:22.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 78 ქულა, 2. კლერმონი - 74, 3. ტულონი - 63, 4. მონპელიე - 57, 5. კასტრი - 55, 6. მეტრო რასინგი - 54, 7. სტად ფრანსე - 53, 8. აჟენი - 44, 9. ბრივი - 42, 10. ბიარიცი - 42, 11. ბორდო - 41, 12. პერპინიანი - 40, 13. ბაიონი - 34, 14. ლიონი - 30.

XXIII ტური
პერპინიანი-ტულუზი, მეტრო რასინგი-ბრივი, მონპელიე-ლიონი, კლერმონი-სტად ფრანსე, აჟენი-ტულონი, ბაიონი-ბიარიცი, კასტრი-ბორდო.

* * *

მეორე დივიზიონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე დამაჯერებლად ლიდერობს გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლი", რომელმაც შინ დაამარცხა "ნარბონი" - 33:26. "ალპელებს" ახლა 91 ქულა აქვთ და უახლოეს მდევარ "დაქსს" 17 ქულით უსწრებენ.

ჩვენებურის გუნდს ელიტური, პირველი დივიზიონის საგზურის მოსაპოვებლად დარჩენილ ხუთ მატჩში ორი თამაშის მოგება ყოფნის.

მენაბდიშვილი საქართველოს A ნაკრებთან ერთად ბრიტანულ ტურნეში იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ მეორე დივიზიონში, 25-ე ტურის ყველა მატჩში მასპინძლებმა გაიმარჯვეს. აუტსაიდერების დაპირისპირებაში თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილისა და დავით დადუნაშვილის "პერიგომ" შინ დაამარცხა ლანგედოკური "ბეზიე" - 33:26.

ზიბზიბაძემ, რომელმაც თავიდან ბოლომდე ითამაშა, 57-ე წუთზე ლელო გაიტანა. ერთ წუთში არბიტრმა მოედნიდან დადუბაშვილი გაასინბინა. ქართველი შერკინების ბურჯი 75-ე წუთზე შეცვალეს, მარგველაშვილი კი პირველ ტაიმში დაშავდა და სათადარიგოთა შორის 32-ე წუთზე გადაინაცვლა.

ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკმა" შინ მოუგო პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლ "მონ დე მარსანს" - 26:12. დათუნაშვილმა სრულად ითამაშა, ნაცარაშვილი მოედანზე 41-ე წუთიდან გამოჩნდა, ასეიშვილი კი თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო.

მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" შინ დაამარცხა "ბურგუენი" - 23:16. მარგველაშვილი თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო, მირცხულავამ საქართველოს A ნაკრებში ითამაშა.

II დივიზიონი
XXV ტური
ექსი-ალბი 35:27, ტარბი-ბურგენი 23:16, ორიაკი-მონ დე მარსანი 26:12, გრენობლი-ნარბონი 32:26, დაქსი-ოიონაქსი 38:14, კარკასონი-პო 34:16, ლა როშელი-ოში 34:25, პერიგო-ბეზიე 33:26.

სატურნირო მდგომარეობა
1. გრენობნლი - 91 ქულა, 2. დაქსი - 74, 3. ლა როშელი - 72, 4. პო - 68, 5. მონ დე მარსანი - 66, 6. კარკასონი - 64, 7. ალბი - 61, 8. ექსი - 57, 9. ოიონაქსი - 55, 10. ოში - 55, 11. ორიაკი - 52, 12. ტარბი - 52, 13. ბურგუენი - 49, 14. ნარბონი - 46, 15. პერიგო - 35, 16. ბეზიე - 33.

XXVI ტური
პო-ორიაკი, ექსი-კარკასონი, ბეზიე-მონ დე მარსანი, ოში-ნარბონი, ალბი-ოიონაქსი, ლა როშელი-ტარბი, ბურგუენი-გრენობლი, დაქსი-პერიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული