"ეკიპი": სულ სხვა მამუკა გორგოძე [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
ასე დაასათაურა ფრანგულმა სპორტულმა გაზეთმა "ეკიპმა" რეპორტაჟი, რომელიც "მონპელიესა" და "ლიონის" დაპირისპირების შესახებ მოგვითხრობს.

საქართველოს ნაკრებისა და "მონპელიეს" მესამეხაზელმა მამუკა გორგოძემ შესანიშნავად ითამაშა და მეტოქეს სამი ლელო გაუტანა.

აი, რას წერს "ეკიპი" გორგოძეზე:

"ის მუდამ ძალისმიერი თამაშით გამოირჩეოდა, მაგრამ დღეს მას ვერ იცნობდით. გორგოძემ შთამბეჭდავად იბურთავა და ღია თამაშში გარჯის ბრწყინვალე უნარი გამოავლინა".

მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიემ" შინ გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონი" 43:12 დაამარცხა.

მონპელიელებმა რეგულარული გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე საპლეიოფო
ექვსეულში პოზიციები საგრძნობლად გაიმყარეს.

ჩვენებურთა გუნდი მეშვიდე ადგილზე მყოფ "სტად ფრანსეს" ცხრა ქულით უსწრებს.

"ლიონი" კი, მარცხის მიუხედავად, მაინც ინარჩუნებს დივიზიონში დარჩენის თეორიულ შანსს. გორგოძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა; ჟღენტი შეხვედრაში მე-60 წუთიდან ჩაერთო; ნარიაშვილი, შველიძე, კავთიძე და რატიანიძე განაცხადში არ იყვნენ.

ჯაბა ბრეგვაძისა და აქვსენტი გიორგაძის "ტულუზმა" სტუმრად წააგო ერთ-ერთ აუტსაიდერ "პერპინიანთან" - 10:25 და ლიდერობა დაკარგა, თუმცა ტულუზელებს პლეი ოფის ნახევარფინალში პირდაპირ თამაში გარანტირებული აქვთ. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

"ტულუზს" ლიდერობა დავით ზირაქაშვილის "კლერმონმა" ჩამოართვა, რომელმაც შინ დაამარცხა პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლი "სტად ფრანსე" - 25:9. ზირაქაშვილი, რომელიც ერთი კვირის წინ "ჰაინეკენის თასის" გათამაშების მეოთხედფინალის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს, ამჯერად თადარიგში იყო და მოედანზე 61-ე წუთიდან გამოჩნდა.

დავით ქუბრიაშვილის "ტულონი" მოულოდნელად სტუმრად დამარცხდა ბექა შეყლაშვილის "აჟენთან" - 13:22.

ტულონელები 63 ქულით მესამე ადგილზე არიან, თუმცა თეორიული შანსი იმისა, რომ პლეი ოფში ვერ მოხვდნენ, არსებობს.

სამაგიეროდ, ამ გამარჯვების შემდეგ მოწინავე ექვსეულში მოხვედრის ასევე თეორიულ შანსს ინარჩუნებს "აჟენი".

ქუბრიაშვილი თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო, შეყლაშვილი კი მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა.

ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა", რომელიც 59 ქულით მე-5 ადგილზეა, შინ დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი "ბორდო" - 44:20.

მასპინძლებს დასაწყისში გაუჭირდათ, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს მაინც მოახერხეს მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევა.

ფეიქრიშვილი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 55-ე წუთიდან ჩაერთო.

კვლავ გაურთულდა სატურნირო მდგომარეობა დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივს", რომელმაც სტუმრად წააგო "მეტრო რასინგთან" - 19:40.

ბრიველებს ახლა 42 ქულა აქვთ და ბოლოსწინა ადგილზე მყოფ "ბაიონს" მხოლოდ ოთხი ქულით უსწრებენ.

კაკოვინი, რომელიც 49-ე წუთზე შეცვალეს, მატჩის არბიტრმა 30-ე წუთზე გაასინბინა. ხინჩაგიშვილი და ნატრიაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

I დივიზიონი
XXIII ტური
პერპინიანი-ტულუზი 25:10, მეტრო რასინგი-ბრივი 40:19, მონპელიე-ლიონი 43:12, კლერმონი-სტად ფრანსე 25:9, აჟენი-ტულონი 22:13, ბაიონი-ბიარიცი 24:19, კასტრი-ბორდო 44:20.
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 78 ქულა, 2. ტულუზი - 78, 3. ტულონი - 63, 4. მონპელიე - 62, 5. კასტრი - 59, 6. მეტრო რასინგი - 59, 7. სტად ფრანსე - 53, 8. აჟენი - 48, 9. პერპინიანი - 44, 10. ბიარიცი - 43. 11. ბრივი - 42, 12. ბორდო - 41, 13. ბაიონი - 38, 14. ლიონი - 30.

XXIV ტური
კლერმონი-მონპელიე, ბორდო-აჟენი, ლიონი-ბაიონი, ტულუზი-ბრივი, სტად ფრანსე-პერპინიანი, ბიარიცი-მეტრო რასინგი, ტულონი-კასტრი.

* * *

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლმა" პირველ დივიზიონში თამაშის უფლება რეგულარული გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაინაღდა.

"ალპელებმა" შინ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელი "ლა როშელი" დაამარცხეს - 35:3. მათ ასი ქულა დაუგროვდათ და მდევრებისთვის მიუწვდომელნი შეიქნენ.

სამწუხაროდ, უკვე გადაწყვეტილია, რომ მეორე დივიზიონის დატოვება მოუწევს თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილისა და დავით დადუნაშვილის "პერიგოს", რომელიც 27-ე ტურში შინ დამარცხდა ზერო პეტრიაშვილისა და დავით ლოსაბერიძის "პოსთან" - 16:22.

მარგველაშვილი, რომელმაც სრულად ითამაშა, არბიტრმა 67-ე წუთზე გაასინბინა. ასევე, თავიდან ბოლომდე ითამაშა ზიბზიბაძემაც. დადუნაშვილი მოედანზე 52-ე წუთიდან გამოჩნდა. პეტრიაშვილი და ლოსაბერიძე განაცხადში არ იყვნენ.

მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" სტუმრად წააგო "ნარბონთან" - 14:29. ორივე ქართველი თამაშში ერთდროულად, 55-ე წუთიდან ჩაერთო. ასევე, სტუმრად დამარცხდა "ოიონაქსთან" ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასეიშვილის "ორიაკი" - 12:29. დათუნაშვილმა და ნაცარაშვილმა სრულად ითამაშეს, ასეიშვილი განაცხადში არ იყო.

II დივიზიონი
XXVII ტური
გრენობლი-ლა როშელი 35:3, ოში-ექსი 28:10, ოიონაქსი-ორიაკი 29:12, ბეზიე-ბურგუენი 18:11, კარკასონი-დაქსი 34:20, პერიგო-პო 16:22, ნარბონი-ტარბი 29:14, მონ დე მარსანი-ალბი 24:3.
სატურნირო მდგომარეობა
1. გრენობლი - 100 ქულა, 2. დაქსი - 79, 3. პო - 77, 4. ლა როშელი - 77, 5. კარკასონი - 72, 6. მონ დე მარსანი - 71, 7. ალბი - 66, 8. ოში - 63, 9. ოიონაქსი - 59, 10. ექსი - 58, 11. ორიაკი - 52, 12. ტარბი - 52, 13. ბურგუენი - 51, 14. ნარბონი - 51, 15. ბეზიე - 41, 16. პერიგო - 36.

XXVIII ტური
ოიონაქსი-ექსი, ტარბი-ოში, ნარბონი-ბურგუენი, ალბი-კარკასონი, ორიაკი-დაქსი, პერიგო-მონ დე მარსანი, გრენობლი-ბეზიე, ლა როშელი-პო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლელოს დებენ...და არა იტანენ,იტანენ გოლს...
giorgi
09:18 18-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული