"მონპელიეს" ბასკებთან უშეღავათო ბრძოლაში მამუკა გორგოძის იმედი აქვს

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში რეგულარული გათამაშების ბოლოსწინა, 25-ე ტურში, სავარაუდოდ, თითქმის ყველაფერს მოეფინება ნათელი.

უკვე ცნობილია პლეი ოფში მონაწილე სამი გუნდის ვინაობა, ესენია ქართველ მორაგბეთა გუნდები "ტულუზი", "კლერმონი" და "ტულონი". დიდი ხანია გარკვეულია ხელმოცარულის ვინოაბა. ისიც "ქართული გუნდია" - გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონი".

გასარკვევია კიდევ ერთი გუნდი, რომელსაც ელიტის დატოვება მოუწევს.

პლეი ოფში მოსახვედრად ბრძოლას ერთბაშად ოთხი გუნდი განაგრძობს. ამათგან ორი ქართველ მორაგბეთა გუნდები "მონპლიე" და "კასტრია".

მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის
"მონპელიე", რომელიც 62 ქულით მე-4 ადგილზეა, შინ დაუპირისპირდება ბასკურ "ბიარიცს". ქართული წარმოშობის ცხრა ნომრის, დიმიტრი იაშვილის გუნდს ჯერ კიდევ ემუქრება დივიზიონიდან გავარდნის საფრთხე. ამიტომ თამაში, წესით, საკმაოდ დაძაბული და უშეღავათო უნდა გამოდგეს.

ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ტრავმის გამო ბასკურ გუნდს ვერ დაეხმარება ლიდერი, მესამეხაზელი იმანოლ არინორდოკი, "იაში" კი სულაც სათადარიგოთა საკამზე დასვეს. ეს ცხადია, წყალს "მონპელიეს" წისქვილზე ასხამს, რომელიც საკუთარ მოედანზე უძლიერსი შემადგენლობით ითამაშებს.

გუნდს დაუბრუნდა მონპელიელეთა იმედი მამუკა გორგოძე, რომელმაც ტრავმის გამო განვლილი ტურის შეხვედრა გამოტოვა "კლერმონთან". ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს შერკინების ბურჯი გიორგი ჟღენტიც, ნარიაშვილი და შველიძე განაცხადში არ არიან.

"მონპელიეს" პლეი ოფის საგზურის დასაბევებლად ბასკების ნებისმიერი ანგარიშით დამარცხება აძლევთ ხელს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენებურთა გუნდი საქმეს გაირთულებს, რადგან ბოლო ტურში სტუმრად უწევს შერკინება გათამაშების ლიდერ "ტულუზთან".

პირველ წრეში "მონპელიემ" სტუმრად 30:23 მოიგო. planetrugby-ს მიაჩნია, რომ მინიმუმ ათი ქულით გამარჯვება ამჯერადაც მონპელიელებს დარჩებათ.

* * *
პლეი ოფის კიდევ ერთი პრეტენდენტი ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრია", რომელიც "მონპელიეს" ერთი ქულით ჩამორჩება და მე-5 ადგილზეა.

კასტრელები ბოლოსწინა ტურში შინ ეთამაშებიან დავით ზირაქაშვილის "კლერმონს". "ვულკანებს" პლი ოფის ნახევარფინალის საგზური დიდი ხანია განაღდებული აქვთ და ამ შეხვედრას ნაკლები მოტივაცია გააჩნია.

თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ "კლერმონის" სტუმრად რამეს იოლად დათმობს, მაგრამ გუნდს ერთი სერიოზული პრობლემა აქვს. გასულ უქმეებზე "ჰეინეკენის თასის" ნახევარფინალში ირლანდურ "ლენსტერთან" ხუთი მორაგბე დაუშავდა, რომლებიც ბოლოსწინა ტურის შეხვედრას გამოტოვებენ. ესენია: ჟულიენ მალზიო. ლი ბირნი, ნათან ჰინესი, ჟან-მარსელ ბატინი და ჟულიენ ბონერი.

"კასტრი" კი მეტოქეს, ცხადია, უძლიერესი შემადგენლობით დაუხვდება. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდის დამრტყმელს რომენ ტულეს შანსი აქვს რეკორდი დაამყაროს. მას შეუძლია თავისი მონაგარი 3 ათასამდე გაზარდოს.

პირველ წრეში "კლერმონმა" შინ 33:16 მოიგო. planetrugby-ს ვარაუდით, ამჯერად გამარჯვება მინიმუმ ხუთი ქულით "კასტრს" დარჩება.

გათამაშების ლიდერი ჯაბა ბრეგვაძისა და აქვსენტი გიორგაძის "ტულუზი" სტუმრად ეთამაშება დავით ქუბრიაშვილის "ტულონს".

საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი გათამაშებას თხუთმეტი ტურის განმავლობაში ლიდერობდა. სეზონის მიწურულს კი ტულუზელებს კრიზისი დაეწყოთ, მათ ბოლო რვა თამაშიდან ხუთი წააგეს.

ტულუზელთა მწვრთნელი გი ნოვე ქომაგებს დაჰპირდა, მიუხედავად იმისა, რომ პლეი ოფის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოპოვებული გვაქვს, ტულონში აუცილებლად კონკურენტუნარიანი შემადგენლობით ვითამაშებთო.

"ტულუზს" ტრავმების გამო დააკლდებათ ჯაბა ბრეგვაძე, აქვსენტი გიორგაძე, ლუკ მაკალისტერი, რომენ მიო-შლუსკი და ხუთრო სტენკამპი.

"ტულონს" კი ამ თამაშში აუცილებლად გამარჯვება სჭირდება, რათა პლეიო ოფის ნახევარფინალის შესარჩევი მატჩი შინ ითამაშოს. ქუბრიაშვილს და კომპანიას ტრავმის გამო შუამარბი მატიო ბასტარო დააკლდება.

პირველ წრეში "ტულუზმა" შინ 33:12 მოიგო. planetrugby-ს პროგნოზით ახლა "ტულონის" ჯერია, რომელიც, სავარაუდოდ, მინიმუმ ხუთი ქულით მოიგებს.

* * *
სახიფათო ზონაში იმყოფება ვასილ კაკოვინის, დავით ხინჩაგიშვილისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივი", რომელიც 42 ქულით მე-12 ადგილზეა. ჩვენებურთა ეს გუნდი, რომელიც წლეულს დაცვაში ძალიან კარგი თამაშით გამოირჩევა, შინ ეთამაშება უშუალო კონკურენტ "ბორდოს".

ბრიველებს ბოლო შანსი აქვთ, ამ მატჩის მოგებით მათ შესაძლებლობა ეძლევათ დივიზიონიდან გავარდნას გადაურჩნენ. ბოლო ტურში "ბრივი" სტუმრად ეთამაშება "კლერმონს", რომლის დამარცხებაზეც ბრიველები ალბათ არც ოცნებობენ. ამიტომ, ჩვენებურთა გუნდმა ყველაფერი უნდა იღონოს, რათა "ბორდო" შინ დამწუხრებული გაუშვას.

აღსანიშნავია, რომ "ბრივის" მეტოქეს სტუმრად იანვრის შემდეგ აღარ მოუგია. არადა, ბოლო ტურში შინ "პერპინიანს" დაუპირისპირდება, რომელიც ასევე დივიზიონში დარჩენისთვის იბრძვის.

პირველ წრეში "ბორდომ" საკუთარ მოედანზე 16:12 მოიგო.

planetrugby-ს პროგნოზით, "ბრივს" ძალიან გუაჭირდება, თუმცა მინინალური სხვაობით მაინც მოიგებს.

* * *
ბექა შეყლაშვილის "აჟენი", რომელიც 48 ქულით მე-8 ადგილზეა და არაფერი ემუქრება, სტუმრად ეთამაშება ერთ-ერთ აუსტსაიდერ "ბაიონს".

ბასკებს აუცილებლად გამარჯვება სჭირდებათ, რასაც, სავარაუდოდ, მიაღწევენ კიდეც. ეს კი ვითარებას სატურნირო ცხრილის ფსკერზე კიდევ მეტად დაძაბავს.

პირველ წრეში "აჟენმა" შინ 37:18 მოიგო. planetrugby-ს მიაჩნია, რომ ამჯერად მინიმუმ შვიდი ქულით "ბაიონი" მოიგებს.

I დივიზიონი
XXV ტური
მონპელიე-ბიარიცი, ბაიონი-აჟენი, ბრივი-ბორდო, კასტრი-კლერმონი, პერპინიანი-ლიონი, ტულონი-ტულუზი, მეტრო რასინგი-სტად ფრანსე.

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 82 ქულა, 2. კლერმონი - 82, 3. ტულონი - 65, 4. მონპელიე - 62, 5. კასტრი - 61, 6. მეტრო რასინგი - 59, 7. სტად ფრანსე - 57, 8. აჟენი - 48, 9. ბიარიცი - 47, 10. პერპინიანი - 45, 11. ბორდო - 45, 12. ბრივი - 42, 13. ბაიონი - 42, 14. ლიონი - 31.

"ერთი იბრძვის გადარჩენისთვის, ორი პლეი ოფისთვის" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული