შალვა სუთიაშვილი: ეროვნულ ნაკრებს ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია, წარმატებას მიაღწიოს

AutoSharing Option
ქართველი მორაგბეები ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ საყოველთაო ყურადღების ცენტრში არიან. რამდენიმე ბორჯღალოსანმა უკვე გააფორმა საკმაოდ სარფიანი კონტრაქტი უმაღლესი რანგის გუნდებთან.

როგორც ყოველთვის, ისევ დიდია მოთხოვნილება ახალგაზრდა ქართველ პირველხაზელებზე, თუმცა ისიც საგულისხმოა, რომ ამჯერად მათ არც მეორე-მესამეხაზელები ჩამორჩებიან.

საფრანგეთში უკვე დიდი ხანია თამაშობს საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი შალვა სუთიაშვილი, რომელთანაც ფრანგულ ვებსაიტზე, leparisien.fr-ზე, საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა. ამ პუბლიკაციას უცვლელად გთავაზობთ.

"ბედნიერება მარტო არ მოდის. საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "მასის" 28 წლის მესამეხაზელს უახლოესი კვირების განმავლობაში სერიოზული გამოცდა ელის.
მომდევნო თვეში ის მესამე ბიჭის მამა გახდება.

"მალე სარაგბო გუნდის დაკომპლექტებას შევძლებ" - სიცილით ამბობს შალვა.

სუთიაშვილი საფრანგეთში საქართველოდან 2007 წელს ჩამოვიდა. ერთი წელიწადი ფედერალ 1 დივიზიონის "ბობინიში" გაატარა. 2008 წლიდან კი დღემდე პარიზული "მასის" ერთგულია. შალვამ შარშან საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში იასპარეზა.

ამჟამად კი "მასისთან" ერთად ელიტურ, მეორე დივიზიონში გადასვლისთვის იბრძვის. მას ერთნაირი წარმატებით შეუძლია, როგორც მესამე, ისე მეორე ხაზში თამაშიც და ყველაფერს გააკეთებს გუნდთან ერთად, რომ შარშანდელი, ფინალურ მატჩში განცდილი წარუმატებლობა ამჯერადაც არ განმეორდეს.

- როგორი განწყობით ხვდებით წლევანდელი ჩემპიონატის ბოლო ეტაპს?
- ჩვენი მიზანია, პლეი ოფში ყველა თამაში მოვიგოთ. არ გვინდა ისე გამოვიდეს, როგორც შარშან, როცა მთელი წლის ნაშრომი ერთ მატჩში წაგებით წყალში ჩავყარეთ. ვიცით, რომ ისევ ძალიან გაგვიჭირდება საფრანგეთის სამხრეთ რეგიონის გუნდებთან თამაში, მაგრამ ახლა უკვე საკმარისი გამოცდილება გვაქვს. უკვე ვიცით, რას უნდა ველოდეთ მეტოქე გუნდებისგან და რა დავუპირისპიროთ მათ.

- როგორც ჩანს, თავდაჯერება რეგულარული გათამაშების ბოლო ტურში "ლილთან" გამარჯვებამ შეგძინათ...
- დიახ, შეიძლება ასეც ითქვას. ჩვენ შეგვეძლო "ლილი" უფრო დიდი სხვაობითაც დაგვემარცხებინა, მაგრამ როგორც კი ანგარიშში საგრძნობლად დავწინაურდით, ოდნავ მოვეშვით და მეტოქეს მდგომარეობის გამოსწორების შანსი მივეცით. ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ საბრძოლო შემართება თამაშის ბოლომდე შევინარჩუნოთ.

- ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ შარშანდელი ფიასკო დღემდე მწარედ გახსოვთ...
- არა, პირიქით, ჩვენ უკვე გადავლახეთ ეს სტრესი. იმ თამაშის ვიდეოფირი არაერთხელ ვნახეთ. ყოველ ჯერზე სულ უფრო ვრწმუნდებოდით, რომ არ უნდა წაგვეგო.

- რა არის თქვენი გუნდის თამაშის ძლიერი მხარე?
- შერკინება. განსკუთრებით მაშინ, როცა წვიმს და ძლიერი ქარია. წინასწარ არ ვიცით, როგორ მდგომარეობაში იქნება სტუმრად თამაშისას მოედანი. ამიტომ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერ პირობებში წარმატების მისაღწევად.

- თქვენ მესამე ხაზში თამაშის გარდა, ხშირად მეორეშიც გიწევთ გარჯა. ეს გარკვეულწილად სირთულეებს ხომ არ გიქმნით?
- არა, მე ხშირად ვთამაშობ ორივე პოზიციაზე. მეტიც, არცთუ ისე იშვიათად ერთ თამაშში მიწევს ხოლმე ორივე ფუნქციის შესრულება. მთავარი ის არ არის, რა პოზიციაზე ვარ; მთავარია, რომ ვთამაშობ.

- როგორ ფიქრობთ, ეს სეზონი "მასიში" თქვენთვის საუკეთესო იყო?
- წლევანდელი ჩემპიონატის ბოლო მონაკვეთი ცუდი არ იყო. მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ მცირე ჩავარდნა მქონდა.

რაღაც მომენტში ძალიან დაღლილი ვიყავი. თუმცა ახლა თავს შესანიშნავად ვგრძნობ. საუკეთესო სეზონი კი იმ შემთხვევაში მექნება, თუ "მასი" მეორე დივიზიონში გადასვლას შეძლებს.

- როგორ შეაფასებთ მსოფლიოს თასზე თქვენს ასპარეზობას?
- მსოფლიოს თასის გათამაშებაში, რომელიც შარშან ახალ ზელანდიაში გაიმართა, ორ მატჩში, ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებებთან ვმონაწილეობდი. ამ თამაშებმა ძალიან ბევრი შემძინა, დიდი გამოცდილება მივიღე.

მივხვდი, რომ თუ მოვინდომებთ და, რაც მთავარია, ვირწმუნებთ, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია, წარმატებას მიაღწიოს.

- "მასიდან" წასვლაზე ხომ არ ფიქრობთ?
- არა, მე ერთგული ვარ. ჩემს კარიერაში სულ სამი გუნდი იყო: ერთი ქართული (ლოკომოტივი) და ორი ფრანგული, "ბობინი" და "მასი". აქ ბევრი მეგობარი მყავს, ძმებივით ვცხოვრობთ. ეს ნამდვილი ოჯახია.

ყველაფერი ძალიან მარტივია. ჩვენ ერთმანეთისთვის ვთამაშობთ. მსოფლიოს თასის გათამაშების დასრულების შემდეგ რამდენიმე კლუბის მენეჯერმა შემომთავაზა მათთან გადასვლა, მაგრამ "მასიში" დარჩენა გადავწყვიტე.

ჩემი მიზანია, რომ ამ გუნდთან ერთად ვიბრძოლო მაღალი მიზნებისთვის.

"ის არსად წავა" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული