დავით ქუბრიაშვილი "ემლინ ჩელენჯ კაპის" ფინალში ითამაშებს

AutoSharing Option
20 მაისს ევროთასების გათამაშება დასრულდება. "ემლინ ჩელენჯ კაპის" ფინალში ერთმანეთს ფრანგული კლუბები დავით ქუბრიაშვილის "ტულონი" და დიმიტრი იაშვილის "ბიარიცი" დაუპირისპირდებიან.

ფინალური მატჩი ლონდონში "თვიქნემ სტუპზე" გაიმართება.

ტულონელები წლეულს ბასკურ გუნდზე გაცილებით უკეთ ასპარეზობენ. ბირიცელები საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონიდან გავარდნას ორი ტურით ადრე გადაურჩნენ.

"ტულონმა" კი რეგულარული გათამაშება მესამე ადგილზე დაასრულა და პლეი ოფში ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს.

წლევანდელი სეზონის დაწყების წინ "ტულონის" მულტიმილიონერმა პრეზიდენტმა მურად ბურჯელალმა დაიქადნა, წლეულს "ემლინ ჩელენჯ კაპი" ტულონში უნდა ჩამოვიტანოთო. ამ მიზნის მიღწევისგან მისი რაზმი შორს
აღარაა. მურადმა იქვე ისიც კი თქვა, საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულიც ბოლოს და ბოლოს უნდა მოვიპოვოთო.

ძნელი სათქმელია, აისრულებს თუ არა "აბეზარი მილიონერი" ოცნებას, თუმცა მას და "ტულონის" მორაგბეებსაც ისეთი საბრძოლო განწყობა აქვთ, როგორც არასდროს. აღსანიშნავია, რომ ტულონელები "ჩელენჯ კაპის" ფინალში მეორედ არიან. 2010 წელს მათ უელსურ "კარდიფ ბლუზთან" წააგეს.

"ბიარიცი" ამ მხრივ კიდევ უფრო გამოცდილია. ბასკები ორჯერ იყვნენ "ჰაინეკენის თასის" ფინალში 2006 და 2010 წლებში. ბიარიცელები შინ ორივეჯერ ხელცარიელნი დაბრუნდნენ. ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში ფინალური წყვილიდან ერთ-ერთი ევროთასებზე პირველად მოიგებს.

ქუბრიაშვილი ერთი კვირის წინ საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში დაშავდა, თუმცა ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. მან მუხლის მყესი დაიჭიმა. საფინალო განაცხადში "დუდუ" სათადრიგოთა შორისაა და იმედია, თამაშიც მოუწევს.

ამასობაში საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში პლეი ოფის ნახევარფინალი გაიმართება.

ზერო პეტრიაშვილისა და დავით ლოსაბერიძის "პო" შინ მიიღებს "ლა როშელს". გამარჯვების შემთხვევაში ჩვენებურთა გუნდი "მონ დე მარსანსა" და "დაქსს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე, სავარაუდოდ, ბორდოში ჩატარდება.

ფედერალ 1 დივიზიონში პლეი ოფის მეოთხედფინალის განმეორებითი შეხვედრები გაიმართება. შალვა სუთიაშვილის, არჩილ კობაურისა და დავით აშვეთიას "მასი" შინ "კასტანეს" ეთამაშება, რომელთანაც სტუმრად ფრეს მიაღწია - 23:23.

დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი ნემსაძის "ვალანს დაჟენი" კი სტუმრად შეხვდება "ნევერს", რომელიც პირველ მატჩში 32:15 დაამარცხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაგაგვიანდათ, დამთავრდა ეს თამაში და მოიგო ბიარიცმა უკვე.
vaja margiani
13:41 19-05-2012
0

სიახლეები პოპულარული