"ჰაინეკენისა" და "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში უპირატესობას ირლანდიურმა და ფრანგულმა კლუბებმა მიაღწიეს, რაც ინგლისური საკლუბო რაგბის სტაგნაციაზე მიუთითებს.
"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშების ფინალში, რომელიც ლონდონში, "თვიქნემ სტუპზე" გაიმართა, დავით ქუბრიაშვილის "ტულონმა" დიმიტრი იაშვილის "ბიარიცთან" 18:21 წააგო.
შეხვედრა იმდენად დაძაბულად და თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, რომ გუნდებმა ლელოს გატანა ვერ მოახერხეს.
გადამწყვეტი ამ მატჩში დამრტყმელების, "ტულონის" ინგლისელი მგეზავის, ჯონი ვილკინსონისა და ბასკური "ბიარიცის" ქართული წარმოშობის ცხრა ნომრის, დიმიტრი იაშვილის "დუელი" გამოდგა.
"იაშიმ" "ვილკოზე" ერთით
ქუბრიაშვილი "ტულონის" სათადარიგოთა შორის გახლდათ და თამაში არ მოუწია. ის ახლახან ტრავმირებული იყო და, სავარაუდოდ, ბერნარ ლაპორტმა საფრანგეთის ჩემპიონატის პლეი ოფისთვის შემოინახა.
ყველაზე პრესტიჟულ, "ჰაინეკენის თასის" გათამაშების ფინალში კი ურთიერთობა ირლანდიურმა კლუბებმა "ლენსტერმა" და "ალასტერმა" გაარკვიეს.
ლენსტერელებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, მეტოქეს ყველაფერში აჯობეს და ევროპის საუკეთესო გუნდის სახელი დამსახურებულად მოიპოვეს - 42:14.
* * *
ამასობაში საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში პლეი ოფის ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.
ზერო პეტრიაშვილისა და დავით ლოსაბერიძის "პო" შინ დაუპირისპირდა "ლა როშელს" და უმძიმეს ბრძოლაში 16:14 დაამარცხა.
პირველ ნახევარში მასპინძლებმა ბევრად უკეთ ითამაშეს და ოთხი ქულის სხვაობით, 13:9 მოიგეს.
შესვენების შემდეგ მდგომარეობა იმდენად დაიძაბა, რომ გუნდები ზედმეტადაც კი ფრთხილობდნენ.
ჩვენებურთა გუნდმა 56-ე წუთზე კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანა და სხვაობა შვიდ ქულამდე გაზარდა. "ლა როშელმა" ხელი დასკვნით ათ წუთშიღა გამოიღო, თუმცა მხოლოდ ერთ ლელოს დასჯერდა, რაც მატჩის გადარჩენისთვის საკმარისი არ გამოდგა.
პეტრიაშვილსა და ლოსაბერიძეს არ უთამაშიათ. "პომ" კი ფინალში გააღწია, სადაც "მონ დე მარსანსა" და "დაქსს" შორის გამარჯვებულს შეხვდება. იქ წარმატების შემთხვევაში კი ელიტური, პირველი დივიზიონის საგზურს მოიპოვებს.
იაშვილმა იყოჩაღა, ქუბრიაშვილს არ უთამაშია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"