საფრანგეთში ქართველ მორაგბეებზე მოთხოვნა ისევ დიდია

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის გათამაშება თითქმის ყველა დივიზიონში დასრულდა.

ერთადერთი შეხვედრა, რომელიც გასამართი დარჩა, ფედერალ 1 დივიზიონის ფინალია. აქ შალვა სუთიაშვილის, არჩილ კობაურისა და დავით აშვეთიას "მასი" დაუპირისპირდება "კოლომიეს". ორივე გუნდმა ელიტური, მეორე დივიზიონის საგზური უკვე მოიპოვა, თუმცა დივიზიონის საუკეთესო გუნდის ვინაობა მაინც უნდა გამოვლინდეს.

აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდმა, გამორიცხული არ არის, რამდენიმე ქართველი მორაგბე დაიტოვოს. "მასიმ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა აშვეთიას; სუთიაშვილს კი, ხელშეკრულების მიხედვით, კიდევ ერთი წელი აქვს სათამაშო.

ამასობაში ელიტური, პირველი დივიზიონის "მონპელიე" დატოვა და მეორე დივიზიონში გავარდნილ "ბრივთან" გააფორმა
კონტრაქტი საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯმა გოდერძი შველიძემ. ამ კლუბში მომავალ სეზონში მასთან ერთად დავით ხინჩაგიშვილი და ირაკლი ნატრიაშვილი ითამაშებენ.

ელიტურ, პირველ დივიზიონში ხელმოცარული "ლიონი" დატოვა და მეორე დივიზიონში მოასპარეზე "დაქსში" გადაბარგდა კიდევ ერთი ქართველი შერკინების ბურჯი ტარიელ რატიანიძე. მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამავე გუნდთან გააფორმა ხელშეკრულება "აჟენის" პირველხაზელმა ბექა შეყლაშვილმა. თუმცა უკვე რამდენიმე დღეა, მისი სახელი და გვარი სატრანსფერო სიებში აღარ ფიგურირებს, რის გამოც უნდა ვივარაუდოთ, რომ შეყლაშვილი "აჟენში" დარჩა.

სავარაუდოდ, თავიანთ კლუბებს დატოვებენ და ახალ გუნდებში განაგრძობენ კარიერას დავით კაჭარავა (ნიცა), თედო ზიბზიბაძე (პერიგო) და გიორგი ჩხაიძე (სენ ჟუნიენი). სამივე ამჟამად საქართველოს ნაკრებშია და აშშ-ში იმყოფება. რომელ გუნდებში ითამაშებენ ისინი მომავალში, ჯერჯერობით უცნობია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული