ქართველ ლეგიონერთა მიდი-მოდი საფრანგეთის ჩემპიონატში

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი საბოლოოდ გასულ კვირას დასრულდა. ფედერალ 1 დივიზიონის გათამაშების ფინალში შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის "მასი" "კოლომიეს" დაუპირისპირდა და 16:20 დამარცხდა.

მართალია, ფედერალ 1 დივიზიონის გამარჯვებულად "კოლომიე" გამოცხადდა, მაგრამ რანგით უფრო მაღალი, ელიტური, მეორე დივიზიონის საგზური ორივე გუნდს ერგო. სუთიაშვილმა ამ მატჩში სრულად ითამაშა, აშვეთია ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს, კობაურს არ უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ "მასის" მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი მეორეხაზელი ვიქტორ დიდებულიძეა.

ცხადია, რომ მეორე დივიზიონში საასპარეზოდ პარიზელებს გაძლიერება დასჭირდებათ. ამიტომ გამორიცხული არ
არის, "მასიში" სხვა ქართველი მორაგბეებიც გამოჩნდნენ.

მანამდე კი, როგორც უკვე ვიუწყებოდით, ფედერალ 1 დივიზიონის "სენ ჟუნიენი" დატოვა "ბორჯღალოსნების" მესამეხაზელმა გიორგი ჩხაიძემ. მისი ახალი გუნდის ვინაობა ახლახან გახდა ცნობილი. "ბინგო" კარიერას ელიტური, მეორე დივიზიონის "ტარბში" განაგრძობს.

აღსანიშნავია, რომ ჩხაიძე მესამე ქართველია, ვინც მიმდინარე სატრანსფერო ციებ-ცხელებისას "ტარბთან" გააფორმა ხელშეკრულება.

მანამდე ამ კლუბთან კონტრაქტს ხელი მოაწერეს საქართველოს ნაკრების მეორეხაზელმა გიორგი ნემსაძემ (ვალანს დაჟენი) და "პერიგოს" შერკინების ბურჯმა დავით დადუნაშვილმა.

ამავე გუნდში განვლილი სეზონი კიდევ ორმა ქართველმა გაატარა: პირველხაზელებმა ირაკლი მირცხულავამ და მამუკა მაგრაქველიძემ.

საფრანგეთის ესპუართა გათამაშების ჩემპიონის, "კლერმონის" რიგები დატოვა ორივე ქართველმა.

საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი ძირითად გუნდში გადაბარგდა. შერკინების ბურჯი გიორგი ჯაშიტაშვილმა კი კონტრაქტი ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე "მონლუსონთან" გააფორმა.

ამ გუნდში მის გარდა კიდევ ორი ქართველი: ელიზბარ ყუფარაძე და დევი დათუნაშვილი ირიცხება.

საფრანგეთში, ლეგიონერების გადინების პარალელურად, უკუპროცესი დაიწყო. ვწერდით, რომ ფედერალ 1 დივიზიონის "სენტ ეტიენი" დატოვა და თბილისის "არმაზში" ჩაირიცხა საქართველოს ნაკრების გარემარბი ირაკლი მაჩხანელი.

ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მომავალ ჩემპიონატში თბილისის "ლელოს" ღირსებას დაიცავს ამავე გუნდის აღზრდილი, საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭი რეზო ბელქანია, რომელიც აქამდე ფედერალ 1 დივიზიონის "ლა სეინში" თამაშობდა.

ზოგი მიდის, ზოგიც მოდის (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგრად აჯობა მასიმ თამაშით. არ იმსახურებდნენ წაგებას. ერთი ნაღდი ლელოც არ ჩაუთვალა მსაჯმა;) წარმატებები მასის პრო2ში:)))
karlsoni
12:04 19-06-2012
0

სიახლეები პოპულარული