ქართველების "ტულონმა" ორმხრივი მატჩი გამართა

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის დაწყებამდე სამი კვირაღა დარჩა. ქართველ მორაგბეთა გუნდები დიდი ხანია შეიკრიბნენ და ფიზიკური კონდიციების დახვეწაზე ზრუნავენ. 27 ივლისიდან კი საწვრთნელი შეხვედრებია დაგეგმილი.

შეჯიბრების ერთ-ერთი ფავორიტი დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონია".

"ვულკანებმა" საწვრთნელი შეკრება 9 ივლისიდან დაიწყეს, თუმცა დღემდე რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდათ, რომლებმაც მზადების საწყისი ეტაპი სხვადასხვა მიზეზის გამო გამოტოვეს.

გუნდის ახალზელანდიელი თავკაცის, ვერნ კოტერის განკარგულებაში ორი ახალწვეულის, ბენსონ სტენლისა და ნაპოლიონი ნალაგას გარდა, ამჟამად ყველა იმყოფება. გუნდს ახლახან შეუერთდნენ ივნისის ტესტებზე საფრანგეთის ნაკრებში გამოძახებული მორაგბეები: ვენსან
დებატი, ტომას დომინგო, ალექსანდრ ლაპანდრი, მორგან პარა, ვესლი ფოფანა და ჟან-მარსელ ბუტინი. ასევე, სამოას ნაკრების წევრი ტიი პაულო და "ბორჯღალოსანთა" შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილი.

კლერმონელები პირველ საკონტროლო შეხვედრას 3 აგვისტოს "ლიონთან" გამართავენ. საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში კი "ბაიონს" უმასპინძლებენ.

ამასობაში დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა" ორმხრივი მატჩი გამართა. "სტად დე მაიოზე" პირობითად ძირითად შემადგენლობაში ქუბრიაშვილმა ითამაშა, სათადარიგო გუნდში კი ჩილაჩავა და მიქაუტაძე გაისარჯნენ.

მაქსიმ მერმოსი, ფრედერიკ მიშალაკი, ნიკოლას დურანი, გეთინ ჯენკინსი, ენდრიუ შერიდანი, ნიკ კენედი, კრის მასო, ძმები გაი და დელონ არმითიჯები - ეს ის მორაგბეები არიან, რომლებიც "ტულონმა" ახალი სეზონისთვის შეიძინა, მაგრამ, როგორც გაირკვა, ტულონელთა მულტიმილიონერი პრეზიდენტი მურად ბურჯელალი ამაზე გაჩერებას არ აპირებს.

"დიახ, ჩვენ გვინდა, კიდევ ორი უმაღლესი რანგის მორაგბე დავიმატოთ. ისინი შესაძლოა იყვნენ ზე რაგბის კლუბების, "კრუსეიდერზის", "სტორმერზის", "ნატალ შარქსის" ან "ჩიფსის" მორაგბეები. ჯერჯერობით რამდენიმე კანდიდატთან მხოლოდ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ და არჩევანს მალე გავაკეთებთ." - თქვა მურად ბურჯელალმა.

კლუბში, რომლის წლიური ბიუჯეტი 23 მილიონნახევარი ევროა, საკმაოდ ბევრი უმაღლესი დონის მორაგბე თამაშობს. ესენია: ბაკის ბოთა, მეთ გიტო, ჯონი ვილკინსონი, ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე, ჯო ფან ნიკერკი და კარლ ჰეიმანი.

ტულონელები 27 ივლისს საწვრთნელ შეხვედრაში ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსეს" დაუპირისპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული