ლეგიონერები: რაგბი და პეტანკი მეგობრობის სამსახურში

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის დაწყებამდე ორ კვირაზე ოდნავ მეტი დარჩა. ქართველ მორაგბეთა გუნდები დიდი ხანია, მომავალი ბატალიებისთვის გამალებით ემზადებიან და უკვე საწვრთნელი შეკრებების გამართვა დაიწყეს.

ცხადია, არაოფიციალური მატჩების შედეგებით კონკრეტული დასკვნების გაკეთება ძნელია, თუმცა გარკვეული წარმოდგენის შექმნა, თუ რა პერსპექტივა აქვს გუნდს, რა მიზნებისთვის იბრძოლებს, ადვილად შესაძლებელია.

ისევე, როგორც შარშანდელ სეზონში, ამჯერადაც ჩემპიონობისთვის იბრძოლებს დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი". საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონმა ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსე" დამაჯერებლად დაამარცხა - 40:12.

პარიზელთაგან ასეთი უსუსური თამაში მოულოდნელი იყო, თუმცა თამამად შეიძლება
ითქვას, რომ ეს არაფერს ნიშნავს. ჩემპიონატში "სტად ფრანსე" ბევრად უფრო მობილური და ანგარიშგასაწევი გუნდი იქნება.

ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, ჟვანია თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო, ჩილაჩავა და მიქაუტაძე მოედანზე არ გამოჩენილან.

მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიემ" მინიმალური სხვაობით წააგო შეხვედრა ბასკურ "ბაიონთან" - 25:26. ჩვენებურთა გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში იგებდა, თუმცა მეტოქემ თამაშის მიწურულს გარდატეხის შეტანა შეძლო და გამარჯვებას მიაღწია.

მონპელიელები წლეულსაც პირველობისთვის იბრძოლებენ. გუნდს დაემატნენ ინგლისელი შონთაი ჰეპი და შოტლანდიელი ჯინი ბითი.

მთავარმა მწვრთნელმა ფაბიენ გალტიემ შერკინების მწვრთნელად მიიწვია ლეგენდარული არგენტინელი პირველხაზელი მარიო ლედესმა, რომელსაც თავისი ხანგრძლივი, წარმატებული კარიერის განმავლობაში უდიდესი გამოცდილება დაუგროვდა.

სეზონისთვის ემზადებიან ელიტური, მეორე დივიზიონის გუნდებიც. ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასიეშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკმა" მატჩში, რომელიც სამი 30-წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა, მინიმალური სხვაობით, 24:23 მოუგო გიორგი კობერიძის, ვახტანგ მაისურაძისა და ალექსანდრე თოდუას "ალბის".

დათუნაშვილმა და ასეიშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშეს, ნაცარაშვილი მატჩში მეორე ტაიმიდან ჩაერთო. კობერიძემ და მაისურაძემ მხოლოდ მეორე 30-წუთიან ტაიმში იასპარეზეს, თოდუა კი მეორე და მესამე ტაიმებში გაისარჯა.

საკმაოდ საინტერესო მზადების მეთოდიკა აღმოაჩნდა "ალბის" მთავარ მწვრთნელ ანრი ბრონკანს, რომელიც 2007 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებისას საქართველოს ნაკრების კონსულტანტი იყო. "ორიაკთან" მატჩის შემდეგ მან გუნდი ალბის პეტანკის (ფრანგული თამაშია) კლუბში წაიყვანა, სადაც მორაგბეები ქალთა გუნდს გაეჯიბრნენ.

ასპარეზობაში სამივე ქართველმა მიიღო მონაწილეობა და როგორც სარაგბო კლუბ "ალბის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, თავი ყველაზე მეტად გიორგი კობერიძეს გამოუჩენია.

"ძალიან მინდა, რომ ჩვენი მორაგბეთა კლუბი ალბიში არსებულ სხვადა
სხვა სპორტის სახეობის კლუბებს დაუმეგობრდეს, ერთმანეთს ხშირად შეხვდნენ, ითამაშონ. ვფიქრობთ, ჩვენ ძალიან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია თითოეული მათგანისგან, ისევე, როგორც მათ ჩვენგან.

თავად განსაჯეთ, ჩვენს მორაგბეებს კარგი ურთიერთობა აქვთ მოკრივეებთან, ძიუდოისტებთან, ფრენბურთელებთან და ფეხბურთელებთან, რომლ
ებიც სულაც ჩვენი მეზობლები არიან. ღრმად მწამს, რომ ასეთი ურთიერთობა ყველასთვის სასარგებლოა. ასე ერთმანეთის პატივისცემას ვსწავლობთ" - თქვა "ალბის" მთავარმა მწვრთნელმა ანრი ბრონკანმა.

თედო ზიბზიბაძის "პერიგომ" პირველი საწვრთნელი შეხვედრა "რომანთან" გამართა - 20:7 მოიგო.

საკონტროლო მატჩები
ტულონი-სტად ფრანსე 40:12, ლა როშელი-გრენობლი 21:24, ბაიონი-მონპელიე 26:25, მონ დე მარსანი-ოში 26:21, ორიაკი-კოლომიე 15:12, ნარბონი-ბეზიე 26:23, პერიგო-რომანი 20:7, კარკასონი-სენ ნაზერი 16:31, ბურგუენი-ოიონაქსი 26:16, მონტობანი-ალბი 15:31, ექსი-გრენობლი 17:37, სტად ფრანსე-ლა როშელი 35:14, ბორდო-დაქსი 33:10.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კობერიძე რა პოზიციაზე თამაშობს?
zangura
12:09 01-08-2012
0
ჟვანიამ ითამაშა პირველი ტაიმიდან და 65 წუთზე შეცვალეს.ითამაშა 1 ნომრით და როგორც ვიცი 1 ნომერი მეორე ტაიმში არ შემოდის ცვლილებით.http://www.facebook.com/media/set/?set=a.415439541825220.79227.352230241479484&type=3
moragbe
23:35 01-08-2012
0

სიახლეები პოპულარული