ქართველები საფრანგეთში - დებიუტანტები და ელიტის ბინადარნი

AutoSharing Option
18 აგვისტოს საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონის გათამაშება იწყება. აქ ქართველ მორაგებთა ექვსი გუნდი ასპარეზობს. შარშანდელი ჩემპიონი კი აქვსენტი გიორგაძის, ვასი კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის "ტულუზია".

ახალი შეჯიბრების გახსნის პატივი სწორედ ტულუზელებს ხვდათ წილად. ჩვენებურთა გუნდის მეტოქე შინ ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი" იქნება. კასტრელებს ბოლო 11 სეზონის განმავლობაში სტუმრად "ტულუზისთვის" არ მოუგიათ.

ქართველი მორაგბეები ტულუზელთა რიგებში ტრავმების გამო არ იქნებიან. ამავე მიზეზით დააკლდებიან გუნდს საფრანგეთის ნაკრების წევრები იანიკ ჟოზიონი, იან დავიდი და მაქსიმ მედარი. ნიკოლას ვერგალო და პატრისიო ალბასეტე კი
არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში ოთხი ერის გათამაშებაში იასპარეზებენ.

რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დააკლდება "კასტრსაც", მათ შორის არის ტრავმირებული შერკინების ქართველი პირველხაზელი ანტონ ფეიქრიშვილი.

ყოველივე ზემოთქმულის მიუხედვად, "კასტრი" მეზობელ ქალაქში საბრძოველად ჩავა, მით უფრო, რომ სეზონის წინ ორ საწვრთნელ შეხვედრაში შესანიშნავად გაისარჯა და ორივე მოიგოი.

გათამაშების ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი" სტუმრად ეთამაშება ბასკურ "ბაიონს". თამაში შუადღის სამ საათზე უნდა გამართულიყო, მაგრამ რადგან ბასკების ქვეყანაში ძალიან ცხელა, შეხვედრა საღამოს 19 საათზე დაიწყება.

"ვულკანებმა" საკმაოდ ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი გაიარეს და სპეციალისტთა შეფასებით საფრანგეთის ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს შორის ყველაზე თანაბრად დაკომპლექტებული შემადგენლობა ჰყავს.

გუნდს დაუბრუნდა ტრავმამოშუშებული ერთ-ერთი საუკეთესო მელელოვე ნაპოლიონი ნალაგა. პირველ ხაზს გააძლიერებს ტომას დომინგო, რომელსაც ასევე ტრავმის გამო ძალიან ბევრი გაუცდა.

"კლერმონის" რიგებში დებიუტი ექნებათ სტენლი ბენსონს და დამიენ შულის, საეჭვოა ორელიან რუჟერის თამაში, რომელსაც მიკრო ტრავმა აწუხებს.

ზირაქაშვილი სათადარიგოთა შორისაა, კოლელიშვილი კი განაცხადში არ არის.

ფრანგული რაგბის ერთ-ერთი გრანდი, ზურაბ ჟვანიას პარიზული "სტად ფრანსე" შინ მიიღებს მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიეს".

მასპინძელთა გუნდს გახსნის მატჩში 2005 წლის შემდეგ არ წაუგია. ფინანსური კრიზისის გამო ამ გუნდმა ბოლო სამი წელიწადია პოზიციები დათმო და ახლა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ შელახული რეპუტაცია აღიდგინოს.

ამჯერად, "სტად ფრანსე" მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად მზადაა, რაც ახლახან არგენტინის ეროვნულ გუნდთან თამაშმაც დაადასტურა, რომელშიც პარიზელები უშეღავათო ბრძოლაში დამარცხდნენ.

საფრანგეთის ჩემპიონატში დებიუტი ექნება ქართველ პირველახაზელ ზურაბ ჟვანიას, რომელიც პარიზულ გუნდში წლეულს ჩაირიცხა. მისი ფრანგული ეპოპეა ჯერ კიდევ შარშან დაიწყო, როცა "სტად ფრანსემ" თავის რიგებში მიიწვია, თუმცა სავიზო პრობლემების გამო საფრანგეთში გამგზავრება ვერაფრით მოახერხა.

ამჯერად ჟვანიას გაუმართლა, საბუთები მოაწესრიგა და პარიზელებს თავი ისე მოაწონა, რომ გახსნით მატჩში ადგილი ძირითად შემადგენლობაში ანდეს.

"მონპელიეს" ამჟამად საკადრო პრობლემები აწუხებს. ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ფაბიენ გალტიე, რომელიც "სტად ფრანსეს" მორაგბე და მწვრთნელი იყო, ძალიან უკმაყოფილოა, რომ ყოფილ გუნდთან საასპარეზოდ ექვსი არგენტინელი მორაგბე აკლია, რომლებიც ოთხი ერის გათამაშებაში სამხრთ აფრიკის წინააღმდეგ ითამაშებენ.

ტრავმირებულია და "სტად ფრანსესთან" შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმარება საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი მამუკა გორგოძე. გიორგი ჟღენტი ძირითად შემადგენლობაშია და შერკინებაში პაექრობა ზურაბ ჟვანიასთან მოუწევს, მიხეილ ნარიაშვილი თადარიგში იქნება.

შეუპოვარი ბრძოლა გაიმართება კატალონიაში, სადაც "პერპინიანი" დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონს" დაუპირისპირდება.

ჩვენებურთა გუნდმა შარშან ჩემპიონატის ფინალში "ტულუზთან" წააგო. წლევანდელ სეზონს კი ბევრად უფრო გაძლიერებული ხვდება. სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნდა მგეზავი ფრედერიკ მიშალაკი. ტულონელთა რიგებში დებიუტი ექნებათ, ვინსენ მარტის, ჯეტინ ჯენკინსს, მაქსიმ მერმოსსა და დელონ არმითიჯს.

დავით ქუბრიაშვილი სათადრიგოთა შორისაა, ჩილაჩავა და მიქაუტაძე განაცხადში არ არიან.

I დივიზიონი
I ტური
ტულუზი-კასტრი, ბაიონი-კლერმონი, აჟენი-მეტრო რასინგი, ბიარიცი-მონ დე მარსანი, ბორდო-გრენობლი, სტად ფრანსე-მონპელიე, პერპინიანი-ტულონი.

* * *
ამასობაში მორიგი საწვრთნელი შეხვედრები გამართეს ელიტური, მეორე დივიზიონის გუნდებმა. ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი კობერიძისა და გიორგი თეთრაშვილის "ალბიმ" შინ დაამარცხა ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე "ნევერი" - 30:27.

თოდუა ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა, მაისურაძე, კობერიძე და თეთრაშვილი მატჩში მეორე ტაიმიდან ჩაერთნენ.

ბექა შეყლაშვილის "ბეზიე" სტუმრად მინიმალური სხვაობით დამარცხდა "ნარბონთან" - 24:25. შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული