საფრანგეთში ქართველ მორაგბეთა ექვსი გუნდიდან ოთხმა წარმატებით იასპარეზა

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში პირველი ტურის შეხვედრები სენსაციების გარეშე წარიმართა.

მომგებმა მოიგო და სტარტზევე გააკეთა ჩემპიონობისთვის ბრძოლაზე განაცხადი. ქართველ მორაგბეთა ექვსი გუნდიდან ოთხმა წარმატებით იასპარეზა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ არც პირველ ტურში დამარცხებული "ქართული გუნდები" მიიჩნევიან აუტსაიდერებად.

ძალიან გაუჭირდა პირველივე ტურში გამარჯვების მიღწევა საფრანგეთის ჩემპიონს, აქვსენტი გიორგაძის, ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის "ტულუზს".

ჩვენებურთა ეს გუნდი შინ ეთამაშებოდა ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს" და უმძიმეს ბრძოლაში მინიმალური სხვაობით - 23:22 მოუგო.

ტულუზელებს ტრავმების გამო სამივე ქართველი, ასევე, წამყვანი მოთამაშეები -
იანიკ ჟოზიონი, იან დავიდი და მაქსიმ მედარი აკლდათ. არგენტინელებმა ნიკოლას ვერგალომ და პატრისიო ალბასეტემ კი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ოთხი ერის გათამაშების პირველ ტურში იასპარეზეს.

მატჩის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა დასასრულისკენ მასპინძლებმა მაინც მოახერხეს მცირედი უპირატესობის მოპოვება და ტაიმი ექვსი ქულის სხვაობით, 15:19 მოიგეს.

შესვენების შემდეგ "კასტრი" საგრძნობლად გააქტიურდა და 73-ე წუთამდე ოთხი ქულის სხვაობით, 22:18 იგებდა. ტულუზელებმა სწორედ ამ დროს ლელოს გატანა შეძლეს, რაც საბოლოოდ გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.

ტულუზელი ქართველების მსგავსად, ტრავმის გამო არ უთამაშია ანტონ ფეიქრიშვილსაც.

დიდ ინტერესს იწვევდა ფრანგული გრანდის, ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსეს" საშინაო დაპირისპირება მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიესთან".

მატჩის პირველი ნახევარი საკმაოდ მძიმედ წარიმართა და მაყურებლისთვის დიდი ვერაფერი სანახაობა გამოვიდა.

გუნდებმა მხოლოდ სამ-სამი საჯარიმო მიითვალეს - 9:9. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ მოედანზე სრულიად სხვა "სტად ფრანსე" ვიხილეთ. პარიზელებმა მეტოქე უკვე ყველა კომპონენტში დაჩაგრეს. მათ ორი ლელოს გატანა მოახერხეს, რაზეც "მონპელიემ" ერთით უპასუხა.

ამასთან ერთად, შესანიშნავად გაისარჯა მასპინძელთა ფულბეკი ჟერომ პორიკალი, რომელმაც ექვსი საჯარიმო და ორი გარდასახვა მიითვალა (22 ქულა). შედეგად, "სტად ფრანსემ" მეტოქე 32:16 დაამარცხა.

ჟვანია ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს, ჟღენტმა მოედანზე ოცი წუთით მეტი დაჰყო, ნარიაშვილი განაცხადში იყო, თუმცა არ უთამაშია.

ტრავმის გამო "მონპელიეს" ლიდერი მამუკა გორგოძე დააკლდა. არ უთამაშია ასევე გუნდის ექვსივე არგენტინელს, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში იყვნენ გამოძახებულნი.

დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა", რომელიც წლევანდელ ჩემპიონატში ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტადაა მიჩნეული, სტუმრად მოუგო ბასკურ "ბაიონს" - 13:6.

თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ანგარიში მასპინძლებმა მატჩის 23-ე წუთზე გახსნეს ჟაკ პოთხითერის საჯარიმოთი, რაზეც კლერმონელთა ცხრა ნომერმა მორგან პარამ შვიდ წუთში ასევე საჯარიმოთი უპასუხა - 3:3. რაგბისთვის ასეტი უჩვეულო ანგარიშით დასრულდა პირველი ტაიმი.

მეორე ნახევარში დიდად არაფერი შეცვლილა. "ვულკანებმა" დასაწყისშივე, 42-ე წუთზე ლელო მიითვალეს, რასაც მატჩის მიწურულს კიდევ ერთი საჯარიმო მიუმატეს და საკმაოდ ძნელი გამარჯვება მოიპოვეს.

ზირაქაშვილი თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო, კოლელიშვილი განაცხადში არ იყო.

მძიმე ბრძოლა გადახდა თავს სტუმრად "პერპინიანთან" დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონს" - 21:15. ჩვენებურთა გუნდს გამარჯვება ინგლისელმა მგეზავმა ჯონი ვილკინსონმა მოუტანა, რომელმაც ექვსი საჯარიმო და ერთი არეკნი გაიტანა (21 ქულა).

ქუბრიაშვილი თამაშში 68-ე წუთიდან ჩაერთო, ჩილაჩავა და მიქაუტაძე განაცხადში არ იყვნენ.

I დივიზიონი
I ტური
ტულუზი-კასტრი 23:22, ბიარიცი-მონ დე მარსანი 35:10, სტად ფრანსე-მონპელიე 32:16, ბორდო-გრენობლი 28:29, აჟენი-მეტრო რასინგი 20:24, ბაიონი-კლერმონი 6:13, პერპინიანი-ტულონი 15:21.

სატურნირო მდგომარეობა
1. ბიარიცი - 5 ქულა, 2. სტად ფრანსე - 4, 3. კლერმონი - 4, ტულონი - 4, 5. მეტრო რასინგი - 4, 6. ტულუზი - 4, 7. გრენობლი - 4, 8. კასტრი - 1, 9. ბორდო - 1, 10. აჟენი - 1, 11. პერპინიანი - 1, 12. ბაიონი - 1, 13. მონპელიე - 0, 14. მონ დე მარსანი - 0.

II ტური
ბორდო-პერპინიანი, მეტრო რასინგი-ტულონი, აჟენი-ბიარიცი, მონპელიე-კლერმონი, ტულუზი-მონ დე მარსანი, კასტრი-გრენობლი, ბაიონი-სტად ფრანსე.

* * *
ამასობაში სეზონის დაწყების წინ ბოლო საწვრთნელი მატჩები გამართეს ელიტური, მეორე დივიზიონის ქართველ მორაგბეთა გუნდებმა.

ალექსანდრე თოდუას, გიორგი კობერიძისა და ვახტანგ მაისურაძის "ალბი" სტუმრად დამარცხდა "ოშთან" - 17:23.

თოდუამ, რომელმაც თავიდან ბოლომდე ითამაშა, მე-7 წუთზე ლელო გაიტანა. მაისურაძე და კობერიძე თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთვნენ.

შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის "მასიმ" სტუმრად წააგო ფედერალ 1 დივიზიონის ბინადარ "ნევერთან" - 19:21.

ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკმა" შინ დაამარცხა დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივი" - 30:14.

დათუნაშვილი და შველიძე ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და მეორე ტაიმში შეცვალეს; ნაცარაშვილი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა; ასეიშვილი, ხინჩაგიშვილი და ნატრიაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

საწვრთნელი შეხვედრა გამართა ბრიტანეთში მოასპარეზე ერთადერთი ქართველის, დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგმა". ჩვენებურის გუნდი სტუმრად დაუპირისპირდა ინგლისურ "ნიუკასლს" და 3:21 წააგო.

ბასილია, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს, არბიტრმა მატჩის მე-14 წუთზე სინბინში გაუშვა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა მორაგბემ, რომელიც ამპლუით შერკინების შემკვრელია (#8), მისთვის უჩვეულო, ფლანკერის (#6) პოზიციაზე ითამაშა.

საფრანგეთის ქართული ლეგიონი მოქმედებაში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული