ლეგიონი საფრანგეთში: მამუკა გორგოძე ბრუნდება, "ვულკანები" შფოთავენ

AutoSharing Option
25 აგვისტოს, საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება. ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან პირველ ტურში მხოლოდ ორმა "კასტრმა" და "მონპელიემ" ვერ მოიგო, რომლებიც ამჯერად მდგომაროების გამოსწორებას შეეცდებიან.

მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიე" შინ ეთამაშება დავით ზირაქიშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონს", რომელიც სეზონის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე გათამაშების უმთავრეს ფავორიტად მიიჩნეოდა.

მონპელიელებმა სეზონი წარუმატებლად დაიწყეს, პირველ ტურში მათ სტუმრად წააგეს პარიზულ "სტად ფარნსესთან". ამ შეხევდრაში "მონპელიეს" მამუკა გორგოძე და ექვსი არგენტინელი მორაგბე აკლდა, რომელებიც ამჟამად არგენტინის
ნაკრების შემადგენლობაში არიან და ოთხი ერის გათამაშებაში ასპარეზობენ.

გორგოძემ ტრავმა უკვე მოირჩინა და "ვულკანებს", სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში დაუხვდება. ძირითად გუნდში იქნება შერკინების ბურჯი გიორგი ჟღენტიც, მიხეილ ნარიაშვილი კი სათადარიგოთა შორის დაიკავებს ადგილს.

"მონპელიესგან" განსხვავებით, პირველ ტურში სტუმრად გაიმარჯვა "კლერმონმა", თუმცა გუნდის ქომაგები და რაგბის სპეციალისტები თამაშის ხარისხით უკმაყოფილონი არიან. არადა მონპელიელთაგან განსხვავებით, "ვულკანებს" საკადრო პრობლემები არ აქვს.

"კლერმონის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე დეტალურადაა განხილული მეტოქის, "მონპელიეს" ავან-ჩავანი, პლუსი და მინუსი. "ვულკანები" ყველაზე მეტად საქართველოს ნაკრების მესამეხაზელს მამუკა გორგოძეს უფრთხიან, რაც სულაც არ არის გასაკვირი.

"გულივერას" უკვე დიდი ხანია კარგად იცნობენ და მისი შესაძლებლობებიც შესანიშნავად იციან.

საფრანგეთის ჩემპიონს, ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზს" წესით არ უნდა გაუჭირდეს შინ დივიზიონის დებიუტანტის "მონ დე მარსანის" ძლევა. ტულუზელებმა ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს და, სავარაუდოდ, ამჯერადაც მოიგებენ, თანაც ისე, რომ ერთი პრემიალური ქულაც მიიღონ.

ბრეგვაძე და კაკოვინი ტრავმირებულნი არიან და მწყობრში, სავარადოდ, ერთი თვის შემდეგ ჩადგებიან.

როგორც უკვე ვთქვით, "მონპელიეს" პირველ ტურში ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსემ" მოუგო. პარიზელები ამჯერად სტუმრად დაუპირისპირდებიან საკმაოდ მოღონიერებულ ბასკურ "ბაიონს".

საგულისხმოა, რომ ჩვენებურის გუნდის სათადრიგო შემადგენლობამ ახლახან საწვრთნელი მატჩი გამართა ინგლისის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან, "სარასენზთან" და 7:61 დამარცხდა. ამ შეხევდრაში უნდა ეთამაშა ქართველ შერკინების ბურჯ მამუკა მაგრაქველიძესაც, რომელიც ამჟამად უგუნდოდაა, თუმცა სავიზო პრობლემების გამო ეს არ მოხერხდა.

არადა, მას კარგი შანსი მიეცემოდა "სტად ფრანსეს" თავკაცებისთვის თავისი შესაძლებლობები ეჩვენებინა, თუმცა, სავარაუდოდ, პარიზულ კლუბში ჩარიცხვის შანსი მისთვის ამოწურული არ უნდა იყოს.

სტუმრად უმძიმესი მატჩი ელის პარიზულ "მეტრო რასინგთან" დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონს". ჩვენებურთა ვარსკვლავებით დახუნძლული გუნდი წლეულს ისევ მხოლოდ პირველობისთვის იბრძოლებს და ყველაფერს იღონებს, რათა შარშანდელივით ფინალში არ დამარცხდეს.

"ტულონისა" და მისი მულტიმილიონერი პრეზიდენტის მურად ბურჯელალის ამბიციები საყოველთაოდაა ცნობილი. რამდენად საფუძვლიანია იგი, წესით, კარგად უნდა გამოჩნდეს "მეტრო რასინგთან" დაპირისპირებაში. ერთის თქმა კი გადაჭრით შეიძლება, სანამ ინგლისელი მგეზავი ჯონი ვილკინსონი ჯანმრთელია და ფორმაშია, "ტულონს" არაფერი ემუქრება.

პარიზელებთან მატჩში ქუბრიაშვილი განახცადშია, თუმცა მოსალოდნელია, რომ ის თადარიგში იქნება, მიაქუტაძე და ჩილაჩავა არ ითამაშებენ.

კიდევ ერთი "ქართული გუნდი", რომელსაც სერიოზული ამბიციები აქვს ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრია". ჩვენებურის ამ გუნდმა პირველ ტურში მინიმალური სხვაობით - 22:23 სტუმრად წააგო ქვეყნის ჩემპიონ "ტულუზთან", თუმცა თამაშის ხარისხის მიხედვით, გამარჯვებას სწორედ ისინი იმსახურებდნენ.

ამჯერად "კასტრი" შინ ეთამაშება დივიზიონის დებიუტანტ "გრენობლს", რომელმაც პირველ ტურში სენსაციურად მოიგო სტუმრად "ბორდოსთან". "ალპელები" ძირითადად ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული და ამდენად, ნებისმიერი გუნდისთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს.

ფეიქრიშვილი ტრავმირებულია და "გრენობლის" წინააღმდეგ არ ითამაშებს.

I დივიზიონი
II ტური
ბოროდო-პერპინიანი, მეტრო რასინგი-ტულონი, მონპელიე-კლერმონი, ტულუზი-მონ დე მარსანი, კასტრი-გრენობლი, ბაიონი-სტად ფრანსე, აჟენი-ბიარიცი.

სატურნირო მდგომარეობა
1. ბიარიცი - 5 ქულა, 2. სტად ფრანსე - 4, 3. კლერმონი - 4, 4. ტულონი - 4, 5. მეტრო რასინგი, 6. ტულუზი - 4, 7. გრენობლი - 4, 8. კასტრი - 1, 9. ბორდო - 1, 10. აჟენი - 1, 11. პერპინიანი - 1, 12. ბაიონი - 1, 13. მონპელიე - 0, 14. მონ დე მარსანი - 0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული