საფრანგეთის პირველ დივიზიონში სამი დაუმარცხებელი გუნდიდან ორი ქართველებისაა

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მეორე ტურის შემდეგ დაუმარცხებელი სამი გუნდია. აქედან ორი ქართველი მორაგბეებისაა - "ტულუზი" და "ტულონი".

ახლახან დაწყებულ ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ".

ჩვენებურთა ამ გუნდმა, რომელსაც ექვსი არგენტინელი მორაგბე აკლია, შინ უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა გათამაშების ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი, დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი" - 13:8.

მატჩის ბედი, ფაქტობრივად, პირველი ტაიმის მიწურულს კლერმონელთა შეცდომამ გადაწყვიტა.

მონპელიელთა გარემარბმა პიერ ბერარმა ცხრა ნომრის, მორგან პარას გადაცემა ჩაჭრა და ლელო გაიტანა.

პირველი ნახევარი მასპინძლებმა 10:5 მოიგეს.

"ვულკანებმა", დიდი მცდელობის მიუხედავად, ეს ჩამორჩენა ვერაფრით აღმოფხვრეს. მეორე ტაიმში გუნდებმა თითო საჯარიმო მიითვალეს და შეხვედრა "მონპელიეს" დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა.

ნარიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს. ჟღენტმა მასზე 15 წუთით მეტი ითამაშა. გორგოძე მატჩში 41-ე წუთიდან ჩაერთო. ზირაქაშვილმა მოედანი 58-ე წუთზე დატოვა. კოლელიშვილი განაცხადში არ იყო.

საკმაოდ საინტერესო გამოდგა ქვეყნის ჩემპიონის, ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზის" დაპირისპირება შინ დივიზიონის დებიუტანტ "მონ დე მარსანთან". სტუმრებმა მრისხანე მეტოქეს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს და მე-60 წუთამდე იგებდნენ კიდეც - 22:20.

ტულუზელებმა ძალები დასკვნით 20 წუთში მოიკრიბეს და ნამდვილად საჩემპიონო რაგბობა აჩვენეს.

საბოლოოდ კი მონაგარს კიდევ 17 ქულა მიუმატეს, მეტოქეს ჯამში ოთხი ლელო გაუტანეს და ერთი პრემიალური ქულაც მიითვალეს.

ბრეგვაძეს და კაკოვინს ტრავმების გამო არ უთამაშიათ.

უმძიმესი ბრძოლის გადატანა მოუწია სტუმრად პარიზულ "მეტრო რასინგთან" დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონს".

ჩვენებურთა გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იყო და გამარჯვებას 76-ე წუთზე ინგლისელი მგეზავის, ჯონი ვილკინსონის საჯარიმოს წყალობით მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლებს ორი ლელო ავსტრალიელმა შუამარბმა მეთ გიტომ გაუტანა.

ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს, მიქაუტაძე და ჩილაჩავა განაცხადში არ იყვნენ.

წლევანდელ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა", რომელმაც შინ შანსი არ დაუტოვა დივიზიონის დებიუტანტ "გრენობლს" - 30:13. თამაში საკმაოდ უხეში გამოდგა. მატჩის არბიტრმა მორაგბეებს ხუთი ყვითელი და ერთიც წითელი ბარათი უჩვენა.

ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსემ" კი სტუმრად ვერაფერი გააწყო ბასკურ "ბაიონთან" - 11:24. მატჩის გმირი მასპინძელთა მგეზავი ჟაკ-ლუის პოთხიტერი გახდა, რომელმაც პარიზელებს რვა საჯარიმო გაუტანა (24 ქულა). ჟვანია განაცხადში არ იყო.

I დივიზიონი
II ტური
ბორდო-პერპინიანი 26:22, მეტრო რასინგი-ტულონი 21:23, მონპელიე-კლერმონი 13:8, ტულუზი-მონ დე მარსანი 37:22, კასტრი-გრენობლი 30:13, ბაიონი-სტად ფრანსე 24:11, აჟენი-ბიარიცი 19:25.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბიარიცი - 9 ქულა, 2. ტულუზი - 9, 3. ტულონი - 8, 4. კასტრი - 5, 5. ბაიონი - 5, 6. ბორდო - 5, 7. კლერმონი - 5, 8. მეტრო რასინგი - 5, 9. სტად ფრანსე - 4, 10. მონპელიე - 4, 11. გრენობლი - 4, 12. პერპინიანი - 2, 13. აჟენი - 2, 14. მონ დე მარსანი - 0.

III ტური
გრენობლი-სტად ფრანსე, ბიარიცი-ტულუზი, კლერმონი-პერპინიანი, კასტრი-ბაიონი, მონპელიე-აჟენი, მეტრო რასინგი-ბორდო, მონ დე მარსანი-ტულონი

* * *

პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა ელიტური, მეორე დივიზიონის გათამაშებაში. როგორც მოსალოდნელი იყო, სავარაუდო ფავორიტებმა თავიანთი მატჩები მოიგეს. გურამ კავთიძის "ლიონმა", რომელიც ამ დივიზიონში უძლიერესად მიაჩნიათ, შინ დაამარცხა გიორგი ჩხაიძის, ირაკლი მირცხულავას, დავით დადუნაშვილისა და გიორგი ნემსაძის "ტარბი" - 30:12.

მასპინძელთა უპირატესობა მთელი მატჩის განმავლობაში აშკარა იყო, თუმცა ლიონელებმა საპრემიო ქულის აღება მაინც ვერ მოახერხეს. ჩხაიძე სტუმართა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს. ზუსტად ამავე დროს ჩაერთვნენ თამაშში კავთიძე, დადუნაშვილი, მირცხულავა და ნემსაძე.

პირველივე ტურში მოიგო დივიზიონის დებიუტანტმა, დავით აშვეთიასა და შალვა სუთიაშვილის "მასიმ".

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი მეორეხაზელი ვიქტორ დიდებულიძეა. პარიზელებმა შინ დაამარცხეს "ექსი" - 21:18.

თამაში, ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ საკმაოდ დაძაბული გამოდგა. არბიტრმა მოედნიდან ორივე გუნდის ორ-ორი მორაგბე გაასინბინა. მათ შორის - შერკინების ქართველი ბურჯი დავით აშვეთიაც, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს. სუთიაშვილი ტრავმირებულია და არ უთამაშია.

ასევე ურთულეს დაპირისპირებაში გაიმარჯვა შინ "კოლომიესთან" ვახტანგ მაისურაძის, ალექსანდრე თოდუასა და კახაბერ კობერიძის "ალბიმ" - 22:20. მაისურაძე თამაშში 66-ე წუთიდან ჩაერთო, თოდუა და კობერიძე განაცხადში არ იყვნენ.

ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკმა" სტუმრად მოუგო ტარიელ რატიანიძის "დაქსს" - 31:16. დათუნაშვილმა სრულად ითამაშა. ასეიშვილი თამაშში 33-ე წუთზე ჩაერთო და შვიდ წუთში არბიტრმა სინბინში გაუშვა. ნაცარაშვილი მოედანზე 62-ე წუთიდან გამოჩნდა. რატიანიძე კი, რომელიც მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, 54-ე წუთზე შეცვალეს.

დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივმა" სტუმრად მოუგო ბექა შეყლაშვილის "ბეზიეს" - 27:20. ხინჩაგიშვილი და შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და მეორე ტაიმში შეცვალეს. ნატრიაშვილი და შველიძე კი თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთვნენ. მატჩის დამთავრებამდე ორი წუთით ადრე შველიძე არბიტრმა გაასინბინა.

II დივიზიონი
I ტური
ლიონი-ტარბი 30:12, ლა როშელი-ოიონაქსი 12:22, მასი-ექსი 21:18, ნარბონი-პო 13:17, ალბი-კოლომიე 22:20, დაქსი-ორიაკი 16:31, ოში-კარკასონი 24:23, ბეზიე-ბრივი 20:27
სატურნირო მდგომარეობა
1. ბრივი - 4 ქულა, 2. ლიონი - 4, 3. ორიაკი - 4, 4. ოიონაქსი - 4, 5. პო - 4, 6. მასი - 4, 7. ალბი - 4, 8. ოში - 4, 9. ბეზიე - 1, 10. კარკასონი - 1, 11. კოლომიე - 1, 12. ექსი - 1, 13. ნარბონი - 1, 14. ლა როშელი - 0, 15. დაქსი - 0, 16. ტარბი - 0.

II ტური

ოში-მასი, ორიაკი-ექსი, კოლომიე-ნარბონი, ტარბი-პო, კარკასონი-ბრივი, ოიონაქსი-ალბი, ლიონი-ბეზიე, ლა როშელი-დაქსი.

სამი სინბინი მეორე დივიზიონის სტარტზე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული