ლეგიონერები: ორის დებიუტი, ორი ჯერაც დაუმარცხებელია

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში ოთხი ტურის შემდეგ დაუმარცხებელი ისევ ორი გუნდია: ბასკური "ბიარიცი" და დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი".

ტულონელებმა ყველაზე მეტი, 18 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილს ჩაუდგნენ სათავეში. ეს პირველი შემთხვევაა, როცა "ტულონი" სეზონის დასაწყისშივე გალიდერდა.

ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ერთის თქმა თამამად შეიძლება - კლუბის პრეზიდენტმა, მურად ბურჯელალმა მაინც შეძლო საოცნებო გუნდის შექმნა.

მე-4 ტურში "ტულონი" შინ დაუპირისპირდა "ბორდოს" და დიდი ანგარიშით, 42:12 სძლია. ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ მასპინძლები სათამაშო
უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ.

ტულონელებმა მეტოქეს ხუთი ლელო გაუტანეს და ერთი პრემიალური ქულაც ირგუნეს.

"ბორდოსთან" მატჩში შედგა სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნებული მგეზავის, ფრედერიკ მიშალაკის დებიუტი. მან ინგლისელი ჯონი ვილკინსონი მე-19 წუთზე შეცვალა და გუნდს 18 ქულა მოუტანა (3 საჯარიმო და 3 გარდასახვა). ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-16 წუთზე შეცვალეს. მან მუხლი დაიზიანა და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, რამდენად სერიოზულია ტრავმა.

საფრანგეთის ჩემპიონის, "ტულუზის" რიგებში ვასილ კაკოვინის დებიუტი შედგა. საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი ამ გუნდში "ბრივიდან" გადაბარგდა და ტრავმის გამო სეზონის დასაწყისი გაუცდა.

ტულუზელებმა შინ "აჟენი" მიიღეს და 62:13 გაანადგურეს.

კაკოვინმა პირველ ტაიმში ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. "ტულუზმა" მეტოქეს რვა ლელო გაუტანა. აქედან ახალზელანდიელმა მგეზავმა ლუკ მაკალისტერმა შვიდი გარდასახა და ზედ ორი საჯარიმოც მიაყოლა (20 ქულა). ჯაბა ბრეგვაძე ტრავმირებულია და არ უთამაშია.

ძალიან უჭირს სტარტზე გათამაშების აღიარებულ ფავორიტს დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონს". "ვულკანებმა", მართალია, ოთხიდან სამი შეხვედრა მოიგეს, მაგრამ სამივე მატჩში უდიდესი ძალისხმევის გაღება დასჭირდათ.

"კლერმონმა" მეოთხე ტურში პარიზულ "მეტრო რასინგს" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 13:12 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სტუმრები 58-ე წუთამდე 12:7-ს იგებდნენ. თამაშის დასრულებამდე დარჩენილ დროში "ვულკანების" ცხრა ნომერმა მორგან პარამ ორი საჯარიმოს გატანა მოახერხა და თავისიანებს გამარჯვება მოუტანა.

ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს, კოლელიშვილს არ უთამაშია.

მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიემ" სტუმრად წააგო ჯერაც დაუმარცხებელ ბასკურ "ბიარიცთან" - 8:27.

ჩვენებურთა გუნდს ექვსი არგენტინელი მორაგბე აკლია, რომლებიც ოთხი ერის გათამაშებაში თავიანთი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობენ.

მონპელიელთა რიგებში არ იყო შერკინების ქართველი ბურჯი გიორგი ჟღენტი. მისი არყოფნა გუნდს საგრძნობლად დაეტყო. გორგოძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ნარიაშვილი თამაშში 37-ე წუთიდან ჩაერთო.

კიდევ ერთხელ გამოაჩინა ბასრი კლანჭები ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა", რომელმაც სტუმრად ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსესთან" ფრეს მიაღწია - 20:20. კასტრელები 58-ე წუთამდე 20:12-ს იგებდნენ. პარიზელებმა წაგებისაგან თავის გადარჩენა მატჩის მიწურულსღა მოახერხეს. ჟვანიას და ფეიქრიშვილს არ უთამაშიათ.

I დივიზიონი
IV ტური
ბიარიცი-მონპელიე 27:8, გრენობლი-მონ დე მარსანი 52:7, პერპინიანი-ბაიონი 18:13, ტულუზი-აჟენი 62:13, სტად ფრანსე-კასტრი 20:20, ტულონი-ბორდო 42:12, კლერმონი-მეტრო რასინგი 13:12.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 18 ქულა, 2. ბიარიცი - 17, 3. ტულუზი - 15, 4. კლერმონი - 14, 5. გრენობლი - 13, 6. კასტრი - 11, 7. მეტრო რასინგი - 10, 8. მონპელიე - 9, 9. სტად ფრანსე - 6, 10. ბაიონი - 6, 11. პერპინიანი - 6, 12. ბორდო - 5, 13. აჟენი - 2, 14. მონ დე მარსანი - 0.

V ტური
მონპელიე-ტულონი, პერპინიანი-ტულუზი, ბაიონი-მეტრო რასინგი, მონ დე მარსანი-კლერმონი, კასტრი-ბიარიცი, აჟენი-გრენობლი, ბორდო-სტად ფრანსე.

* * *
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში სამი ტურის შემდეგ დაუმარცხებელი სამია. აქედან ორი - "ორიაკი" და "ლიონი" ქართველ მორაგბეთა გუნდებია.

ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკმა" ყველაზე მეტი 12 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ამჟამად პირველ ადგილზეა.

ჩვენებურთა ამ გუნდმა გათამაშების სტარტზე სამივე შეხვედრა შესანიშნავად წარმართა და დაამტკიცა, რომ წლეულს სერიოზულად აქვს განზრახული, ელიტურ, პირველ დივიზიონში აღზევდეს.

"ორიაკმა" მესამე ტურში სტუმრად ითამაშა "კოლომიესთან" და 29:22 მოიგო. სამივე ქართველმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, ასეიშვილი დაშავდა და 23-ე წუთზე შეცვალეს, ნაცარაშვილმა მოედანზე 17 წუთით მეტი დაჰყო, დათუნაშვილმა კი 43 წუთი ითამაშა.

"ორიაკს" ერთი ქულით ჩამორჩება გურამ კავთიძის "ლიონი", რომელმაც სტუმრად ფრედ ითამაშა დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივთან" - 19:19. მასპინძლები 52-ე წუთისთვის 16:3-ს იგებდნენ, თუმცა გამარჯვების შენარჩუნება ვერაფრით შეძლეს. ლიონელებმა, რომლებიც გათამაშების ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტები არიან, მატჩის გადარჩენა დასკვნით ოც წუთში მოახერხეს.

ხინჩაგიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შველიძემ შეცვალა. იმავდროულად, თამაშში ჩაერთო ნატრიაშვილიც; კავთიძე განაცხადში იყო, თუმცა არ უთამაშია.

ფრეს დასჯერდა საკუთარ მოედანზე "ოიონაქსთან" მატჩში გიორგი ჩხაიძის, ირაკლი მირცხულავას, დავით დადუნაშვილისა და გიორგი ნემსაძის "ტარბი" - 25:25.

თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა და ბოლო წუთებამდე ქულა-ქულაში მიდიოდა. საბოლოოდ გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას ვერცერთმა მიაღწია. შედეგად ტარბელებს სამ ტურში თითო მოგება-წაგება და ფრე დაუგროვდათ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძე "ტარბის" ხელმძღვანელებმა კაპიტნად დანიშნეს. ის მეორე ქართველი მორაგბეა გია ლაბაძის შემდეგ, რომელიც საფრანგეთის ელიტურ გუნდს უკაპიტნებს.

შეგახსენებთ, რომ ლაბაძე წლების განმავლობაში "ტულონის" კაპიტანი გახლდათ.

"ოიონაქსთან" მატჩში ოთხივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო. ჩხაიძე მე-40 წუთზე შეცვალეს, დადუნაშვილმა და მირცხულავამ მოედანი ოთხი წუთის შემდეგ დატოვეს, ნემსაძემ მათზე 21 წუთით მეტი ითამაშა.

კახაბერ კობერიძის, ვახტანგ მაისურაძის, ალექსანდრე თოდუას, გიორგი თეთრაშვილისა და ვახტანგ ახობაძის "ალბი" სტუმრად დამარცხდა "პოსთან" - 19:22.

ალბელებმა პირველი ნახევარი პირწმინდად დათმეს და მხოლოდ მატჩის დასკვნით 20 წუთში გამოიღეს ხელი. მარცხისგან თავის დასახსნელად კი დრო აღარ ეყოთ.

"პოსთან" მატჩში შერკინების ბურჯის, გიორგი თეთრაშვილის დებიუტი შედგა. ის ძირითად შემადგენლობაში იყო და 46-ე წუთზე შეცვალეს, თოდუამ და მაისურაძემ სრულად ითამაშეს, კობერიძე და ახობაძე განაცხადში არ იყვნენ.

შალვა სუთიაშვილისა და დავით აშვეთიას "მასიმ" სტუმრად წააგო "კარკასონთან" - 23:44. პარიზელებს, რომლებიც მეორე დივიზიონის დებიუტანტები არიან, სამი თამაშიდან მხოლოდ ერთი მოგება აქვთ და ბოლოსწინა, მე-15 ადგილზე იმყოფებიან.

სუთიაშვილი თადარიგში იყო და მოედანზე 48-ე წუთიდან გამოჩნდა, აშვეთიას არ უთამაშია.

სამი მატჩიდან სამივე წააგო და ბოლო ადგილზეა ტარიელ რატიანიძის "დაქსი". მესამე ტურში ეს გუნდი სტუმრად ვერას გახდა ბექა შეყლაშვილის "ბეზიესთან" - 9:22. ლანგედოკელებისთვის ეს პირველი გამარჯვება იყო და ახლა ისინი ხუთი ქულით მე-14 ადგილზე არიან.

შეყლაშვილმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 48-ე წუთზე შეცვალეს, რატიანიძე მოედანზე სამი წუთით ადრე გამოჩნდა.

II დივიზიონი
III ტური
კარკასონი-მასი 44:23, ნარბონი-ლა როშელი 18:13, ტარბი-ოიონაქსი 25:25, ბეზიე-დაქსი 22:9, ექსი-ოში 33:9, კოლომიე-ორიაკი 22:29, პო-ალბი 22:19, ბრივი-ლიონი 19:19.
სატურნირო მდგომარეობა
1. ორიაკი - 12 ქულა, 2. ლიონი - 11, 3. ოიონაქსი - 11, 4. კარკასონი - 10, 5. პო - 8, 6. ოში - 8, 7. ლა როშელი - 6, 8. ექსი - 6, 9. ნარბონი - 6, 10. კოლომიე - 6, 11. ტარბი - 6, 12. ბრივი - 6, 13. ალბი - 5, 14. ბეზიე - 5, 15. მასი - 4, 16. დაქსი - 0.

IV ტური
ბრივი-ნარბონი, ლა როშელი-ოში, დაქსი-კოლომიე, ექსი-ოიონაქსი, მასი-ბეზიე, ორიაკი-ტარბი, პო-კარკასონი, ალბი-ლიონი.

* * *
საინტერესო გამოდგა მეორე ტური "კელტთა ლიგაში", სადაც საქართველოს ნაკრების მესამეხაზელის, დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგი" ასპარეზობს. აქ ექვსი მატჩიდან ოთხში გამარჯვება სტუმართა გუნდებს დარჩათ.

სტუმრად მოიგო "ედინბურგმაც". ჩვენებურის გუნდმა პირველ ტურში შინ განცდილი მარცხის შემდეგ სტუმრად სენსაციური გამარჯვება მოიპოვა უელსურ "კარდიფთან" - 21:19.

მატჩის პირველი ნახევარი მასპინძლებმა მინიმალური სხვაობით, 9:8 მოიგეს, თუმცა მეორე ნახევარში ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს და 57-ე წუთისთვის უკვე რვა ქულის სხვაობით, 19:11-ს იგებდნენ.

ამ დროიდან მოყოლებული კარდიფელების თამაშში რაღაც მოიშალა, რაც შესანიშნავად გამოიყენეს ედინბურგელებმა და გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვეს. ბასილაია განაცხადში არ იყო.

შეგახსენებთ, რომ "კლეტთა ლიგაში" ორი შოტლანდიური, ორი იტალიური, ოთხი ირლანდიური და ამდენივე უელსური გუნდი ასპარეზობს. მომდევნო შეხვედრას "ედინბურგი" შინ გამართავს იტალიურ "ზებრესთან".

კელტთა ლიგა
II ტური
ზებრე-ქონოთი 17:30, კარდიფი-ედინბურგი 19:21, გლაზგო-ჰლანეჰლი 13:18, მანსტერი-ბენეტონი 19:6, ლენსტერი-ნიუპორტი 45:25, ოსფრიზი-ალსტერი 13:16.
სატურნირო მდგომარეობა
1. ჰლანეჰლი - 9 ქულა, 2. მანსტერი - 8, 3. ალსტერი - 8, 4. ნიუპორტი - 5, 5. ქონოთი - 5, 6. კარდიფი - 5, 7. ედინბურგი - 5, 8. ლენსტერი - 5, 9. ბენეტონი - 4, 10. ოსფრიზი - 2, 11. გლაზგო - 1, 12. ზებრე - 0.

III ტური
ალსტერი-მანსტერი, ოსფრიზი-გლაზგო, ედინბურგი-ზებრე, ქონოთი-ჰლანეჰლი, ბენეტონი-ლენსტერი, ნიუპორტი-კარდიფი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული