ოთხი ტურის შემდეგ დაუმარცხებელი ორი გუნდია, რომელთაგან ერთ-ერთი ქართველი მორაგბეების: დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონია".
* * *
ტულონელები, რომლებიც ერთი ქულით უსწრებენ ასევე დაუმარცხებელ ბასკურ "ბიარიცს", სტუმრად ეთამაშებიან მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს".
სტუმართა რიგებში პირველად იხილავენ ძირითად შემადგენლობაში სამხრეთ აფრიკიდან მიბრუნებული მგეზავ ფრედერიკ მიშალაკს. "ტულონის" თავკაცმა მის ინგლისელ კონკურენტს, ჯონი სვილკინსონს დასვენების საშუალება მისცა.
მეტიც, ტულონელები საკუთარ თავს უფლებას აძლევენ
ტრავმის გამო 22-კაციან განაცხადში არ არის დავით ქუბრიაშვილი, არ ითამაშებენ ასევე მიქაუტაძე და ჩილაჩავა.
"მონპელიე" საკუთარ მოედანზე შეეცდება "ტულონს" სეზონში პირველი მარცხი აგემოს. ჩვენებურთა ეს გუნდი შინაურ კედლებში თითქმის უძლეველია. თუმცა ამ ეტაპზე კლუბს სერიოზული პრობლემები აქვს. მონპელიელებს ხუთი არგენტინელი მორაგბე აკლით, რომლებიც ოთხი ერის გათამაშებაში თავიანთ ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობენ.
"ტულონთან" განაცხადში არ არის ასევე შერკინების ქართველი ბურჯი გიორგი ჟღენტი. გორგოძე და ნარიაშვილი ძირითად შემადგენლობაში არიან.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამ შეხვედრაში ბევრ რამეს გადაწყვეტს ფრედერიკ მიშალაკისა და "მონპელიეს" მგეზავის ფრანსუა ტრინ-დუკის დუელი. მათ დაპირისპირებაში მარტო მატჩის ბედი როდი გადაწყდება, არამედ გაირკვევა, ვინ არის უფრო ღირსი "ლე ბლოს" 10-ნომრიანი კვართი ატაროს.
* * *
საფრანგეთის ჩემპიონი, ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის "ტულუზი" სტუმრად ეთამაშება "პერპინიანს". თუმცა შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე, ბარსელონას ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება, რომელიც 55 ათას მაყურებელს იტევს.
ტულუზელთა თავკაც გი ნოვეს ამის გამო უკმაყოფილება არ დაუმალავს, რადგან მის გუნდს საკმაოდ ხანგრძლივი მგზავრობა ელის. არადა პერპინიანელები თავისას არ იშლიან და ყველა ღონეს ხმარობენ, რათა მეზობელი ქვეყნის კატალონიურ რეგიონში რაგბი პოპულარული გახდეს.
"პერპინიანი" თამაშს საკადრო პრობლემებით ხვდება. გუნდს შერკინების ორი ძირითადი ბურჯი ჰყავს ტრავმირებული, რაც დიდ პრობლემებს შეუქმნის "ტულუზის" მძლავრი შერკინების წინააღმდეგ ბრძოლაში. ვარჯიშზე დაშავდა და სამი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს ვასილ კაკოვინი, ვარჯიში დაიწყო და ორ თვეში შეძლებს თამაშს ჯაბა ბრეგვაძე.
როგორც ვასილ კაკოვინმა ინტერვიუს შემდეგ პირად საუბარში მითხრა, თამამად შეგიძლია ფსონს "ტულუზზე" ჩახვიდე, აუცილებლად მოვუგებთ, თანაც დიდი ანგარიშითო.
* * *
ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი" სტუმრად დაუპირისპირდება დივიზიონის დებიუტანტ "მონ დე მარსანს", რომელმაც სტარტზე ოთხი თამაშიდან ოთხივე წააგო.
"ვულკანებმა" ოთხიდან სამი თამაში მოიგეს და ახლა 14 ქულით მე-4 ადგილზე არიან. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენებურთა ამ გუნდს ყველა მატჩის მოგება ძალიან გაუჭირდა.
აუტსაიდერთან მატჩში ზირაქაშვილი და კოლელიშვილი სათადარიგოთა შორის არიან. სასიხარულოა, რომ "ვიტოს" წლეულს პირველად ეძლევა თამაშის საშუალება და, იმედია, თავს ისე წარმოაჩენს, რომ ძირითად გუნდში ადგილის დამკვიდრებას შეძლებს.
* * *
როგორც ჩანს, წლეულსაც პლეი ოფში გასვლისთვის იბრძოლებს ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი", რომელიც მეხუთე ტურში უმასპინძლებს ჯერაც დაუმარცხებელ ბასკურ "ბიარიცს".
ფეიქრიშვილი ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.
* * *
ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსე" სტუმრად ითამაშებს ერთ-ერთ აუტსაიდერ "ბორდოსთან", რომელმაც ოთხ მატჩში მხოლოდ ერთი თამაშის მოგება შეძლო.
თუმცა ისიც საგულისხმოა, რომ პარიზელებმა მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვეს, ერთ მატჩში ფრეს დასჯერდნენ და ორი წააგეს.
I დივიზიონი
V ტური
მონპელიე-ტულონი, პერპინიანი-ტულუზი, ბაიონი-მეტრო რასინგი, მონ დე მარსანი-კლერმონი, კასტრი-ბიარიცი, აჟენი-გრენობლი, ბორდო-სტად ფრანსე.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 18 ქულა, 2. ბიარიცი - 17, 3. ტულუზი - 15, 4. კლერმონი - 14, 5. გრენობლი - 13, 6. კასტრი - 11, 7. მეტრო რასინგი - 10, 8. მონპელიე - 9, 9. სტად ფრანსე - 6, 10. ბაიონი - 6, 11. პერპინიანი - 6, 12. ბორდო - 5, 13. აჟენი - 2, 14. მონ დე მარსანი - 0.
* * *
"კელტთა ლიგაში" ორი ტურის შემდეგ დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგი" ხუთი ქულით მე-7 ადგილზეა.
ედინბურგელებმა ერთი კვირის წინ სენსაციური გამარჯვება მოიპოვეს სტუმრად უელსურ "კარდიფთან". ამჯერად კი, შინ დაუპირისპირდებიან აუტსაიდერს, იტალიურ "ზებრეს". ბასილაია სათადარიგოთა შორისაა.
კელტთა ლიგა
III ტური
ოსფრიზი-გლაზგო, ალსტერი-მანსტერი, ედინბურგი-ზებრე, ქონოთი-ჰლანეჰლი, ბენეტონი-ლენსტერი, ნიუპორტი-კარდიფი.
სატურნირო მდგომარეობა
1. ჰლანეჰლი - 9 ქულა, 2. მანსტერი - 8, 3. ალსტერი - 8, 4. ნიუპორტი - 5, 5. ქონოთი - 5, 6. კარდიფი - 5, 7. ედინბურგი - 5, 8. ლენსტერი - 5, 9. ბენეტონი - 4, 10. ოსფრიზი - 2, 11. გლაზგო - 1, 12. ზებრე - 0.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"