ორიაკელთა რიგებში აგერ უკვე მეორე სეზონია სამი ქართველი მორაგბე ირჯება. მეორეხაზელი ლევან დათუნაშვილი, პირველხაზელები გიორგი ნაცარაშვილი და კარლენ ასეიშვილი "ორიაკის" წამყვანი მოთამაშეები არიან.
წლევანდელი სეზონი ჩვენებურთა ამ გუნდმა წარმატებულად დაიწყო. სამი თამაშიდან სამივე მოიგეს და ახლა სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ.
კლუბის, ეროვნული ნაკრებისა და საკუთარი გეგმების თაობაზე "ბორჯღალოსანთა" მეორეხაზელს ლევან დათუნაშვილს ვესაუბრეთ.
- შარშანდელთან შედარებით წლეულს "ორიაკი" შესანიშნავად გამოიყურება. სტარტზე მიღწეული წარმატება გვაფიქრებინებს,
- სტარტი მართლაც კარგი გამოგვივიდა. სამი თამაშიდან სამივე აქამდე არასდროს მოგვიგია. თუმცა წინ ჯერ კიდევ 27 ტური, ძალაინ გრძელი და დამღლელი სეზონია.
ამიტომ ნაადრევად დასკვნების გაკეთება არ ივარგებს. ჩვენი ამოცანაა პლეი ოფში გავიდეთ, ანუ სულ მცირე მეხუთე ადგილი დავიკავოთ.
- რა შეიცვალა წლეულს გუნდში, რით შეიძლება აიხსნას "ორიაკის" ასეთი გარდაქმნა?
- ბევრი არაფერი შეცვლილა. სეზონებს შორის შესვენებაზე სულ ოთხი ახალი მორაგბე დავიმატეთ, წასვლით არავინ წასულა.
რამდენიმე სეზონია ერთი შემადგენლობით ვასპარეზობთ. ამის გამო უფრო შეთამაშებული, ჩამოყალიბებული გნდი ვართ სხვებთან შედარებით. ალბათ, სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ჩვენი წარმატებული სტარტი.
- უკვე თქვით, რომ წინ საკამოდ გრძელი, დამღლელი სეზონია, როგორ ფიქრობთ, რომელი გუნდები არიან "ორიაკის" მთავარი კონკურენტები?
- კონკუტრენტია ყველა, თხუთმეტივე გუნდი. მომდევნო ორ ტურში შინ ვთამაშობთ. ერთ-ერთი მეტოქე ჩვენი რეგიონის ყველაზე პოპულარული გუნდი "ბრივია", სადაც სამი ქართველი მორაგბე დავით ხინჩაგიშვილი, გოდერძი შველიძე და ირაკლი ნატრიაშვილი თამაშობენ.
ეს მატჩი რეგიონის დერბია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ზოგადად, თუ ეს ორი შეხვედრა, "ტარბთან" და "ბრივთან", მოვიგეთ, უკვე რეალურად იქნება შესაძლებელი მაღალი მიზნების მიღწევაზე ვიფიქროთ.
- ორიაკი საფრანგეთის მასშტაბით პატარა ქალაქია. როგორია კლუბის ფინანსური მდგომარეობა, ინფრასტრუქტურა, რათა ელიტურ, პირველ დივიზიონში იასპარეზოთ?
- ელიტურ, პირველ დივიზიონში ასპარეზობა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. ფინანსურად მეორე დივიზიონის საშუალო დონეს ვაკმაყოფილებთ. ახლა ახალი სტადიონის მშენებლობა დაიწყეს, რომელიც 2013 წლის სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს.
- "ორიაკში" მოთამაშე ქართველები ყველა მორკინალები ხართ. რა არის თქვენი გუნდის ძლიერი მხარე?
- ძლიერი მხარე შერკინებაა. კარლენ ასეიშვილი და გიორგი ნაცარაშვილი შერკინების ბურჯები არიან. ხშირად უწევთ ძირითად შემადგენლობაში თამაში. ბევრს შრომობენ და ნელ-ნელა პროგრესირებენ, იხვეწებიან.
ქართველ მორკინალებზე საფრანგეთში დიდი მოთხოვნილება რომ არის, არახლია. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ იმ გუნდებს, სადაც ჩვენი პირველხაზელები ასპარეზობენ, შერკინებაში პრობლემები არ აქვთ.
მწვრთნელები ჩვენი თამაშით კმაყოფილნი არიან. არადა, გუნდში კონკურენცია ძალიან დიდია, თითო ადგილზე სამი-ოთხი თანაბრად ძლიერი მორაგბე გვყავს.
- მოდით, საქართველოს ნაკრებზეც ვისაუბროთ. ნოემბერში იაპონიისა და ფიჯის ნაკრებები გვესტუმრებიან. კლუბი რაიმე პრობლემას ხომ არ შეგიქმნით?
- კლუბისგან პრობლემა გამორიცხულია. თუმცა, ვიცი, რომ ამ მატჩებზე გამოსაძახებელი მორაგბეების სია ჯერ არ არსებობს. თუ გამომიძახებენ აუცილებლად ჩამოვალ. იაპონიისა და ფიჯის ნაკრებებთან თამაში საინტერესო იქნება.
განსაკუთრებით ფიჯელები მაინტერესებს. მათ ყველასგან გამორჩეული თამაშის ხელწერა აქვთ. ფიზიკურად ძლიერები, სწრაფები და ძალაინ ტექნიკურები არიან.
- შარშან, ახალზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში, არგენტინის ნაკრებთან მატჩის შემდეგ ინტერვიუში მითხარით, რომ "პუმები" ჩვენი ნაკრების დონის გუნდია. ისინი ამჟამად შესანიშნავად ასპარეზობენ ოთხი ერის გათამაშებაში პლანეტის ბობოლა სარაგბო ქვეყნების კლუბებთან. არგენტინელებზე აზრი არ შეგიცვლიათ?
- არგენტინის ნაკრების დასამარცხებლად ახალზელანდიაში გამოცდილება დაგვაკლდა. ოთხი ერის გათამაშებაში ასპარეზობა "პუმებს" დიდ პროგრესს მოუტანს.
ჩვენ, მათ რომ არ ჩამოვრჩეთ, ასევე გვჭირდება მაღალი დონის გუნდებთან რაც შეიძლება ბევრი თამაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვეღარ დავეწევით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ნოემბერში დიდი რაგბია საქართველოში დიდი