დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონმა" ხუთიდან ხუთივე შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა და ახლა 22 ქულით სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.
ტულონელებმა მე-5 ტურში სტუმრად მოიგეს პრინციპულ მეტოქესთან, მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიესთან" მატჩი - 32:25. ამ გუნდებს შორის დაპირისპირება როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა ორიოდ წლის წინათ დაიწყო, გორგოძის ჩაშლილ ტრანსფერთან დაკავშირებული სკანდალური პერიპეტიების გამო.
ამიტომ ორივე გუნდის მოთამაშეები ასპარეზობისთვის განსაკუთრებული
მასპინძლებმა პირველი ტაიმი ჩააგდეს და მშრალი ანგარიშით, 0:19 წააგეს. ცხადია, მონპელიელთა ასეთ ცუდ გარჯას ობიექტური მიზეზებიც აქვს. უკვე მეორე თამაშია, გუნდს აკლია შერკინების ქართველი ბურჯი გიორგი ჟღენტი. ამასთან ერთად, არგენტინის ეროვნულ ნაკრებში არის მივლინებული "მონპელიეს" ხუთი წამყვანი მოთამაშე.
ასეთი დიდი დანაკლისის პირობებში კი "ტულონის" დონის გუნდის წინააღმდეგ თამაში "მონპელიეს" ძალიან გაუჭირდა.
მეორე ნახევარში მასპინძლებმა ვითარება საგრძნობლად გამოასწორეს და მეტოქეს სამი ლელო გაუტანეს, რაზეც "ტულონმა" ერთით უპასუხა და სწორედ ეს ლელო აღმოჩნდა გადამწყვეტი. "მონპელიემ" შინ შვიდი ქულის სხვაობით დათმო მატჩი.
აღსანიშნავია, რომ "ტულონის" შემადგენლობაში ქართველებს არ უთამაშიათ. არ იყო ინგლისელი მგეზავი ჯონი ვილკინსონიც, თუმცა ის შესანიშნავად შეცვალა სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნებულმა ფრედერიკ მიშალაკმა, რომელმაც გუნდს 22 ქულა მოუტანა (ექვსი საჯარიმო და ორი გარდასახვა).
გორგოძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ნარიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს.
* * *
წლეულს პირველად გავიდა მოედანზე "კლერმონის" შემადგენლობაში ვიქტორ კოლელიშვილი. "ვულკანებმა" სტუმრად ისევ დიდი გაჭირვებით მოიგეს დივიზიონის დებიუტანტ "მონ დე მარსანთან" - 14:6.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ შეტევაში ნაკლები შედეგიანობის მიუხედავად, დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატში დაცვაში თამაშში ყველას სჯობს. "კლერმონს" მეტოქეებმა ხუთ მატჩში 68 ქულა აართვეს, რაც საშუალოდ 13,6 ქულას უდრის. ეს კი ბრწყინვალე შედეგია.
"მონ დე მარსანი", გარდა იმისა, რომ დებიუტანტია, აუტსაიდერიცაა. "კლერმონმა" პირველ ტაიმში უპირატესობის მოპოვება ვერ შეძლო და 29-ე წუთამდე 0:3-ს აგებდა. პირველი ნახევარი კი ფრედ, 3:3 დასრულდა.
შესვენების შემდეგ "ვულკანები" ოდნავ გააქტიურდნენ, 72-ე წუთისთვის ანგარიშში დაწინაურება შეძლეს - 9:6 და მატჩის მიწურულს ერთი ლელოც მიითვალეს - 14:6.
კოლელიშვილი თადარიგში იყო და მატჩში 76-ე წუთიდან ჩაერთო, ზირაქაშვილი მოედანზე 13 წუთით ადრე გამოჩნდა.
* * *
პირველი მარცხი იწვნია "ბიარიცმა". ბასკებს ფარ-ხმალი ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა" დააყრევინა - 28:13.
არადა, პირველი ტაიმი ბიარიცელებმა უკეთ ჩაატარეს და 13:9 მოიგეს. შესვენების შემდეგ კასტრელების თამაში კარდინალურად შეიცვალა, რამაც გუნდს მორიგი დამსახურებული გამარჯვება მოუტანა - 28:13.
ფეიქრიშვილი ტრავმირებულია და არ უთამაშია. ანალოგიური მიზეზის გამო ვერ დაეხმარა "ბიარიცს" ქართული წარმოშობის ცხრა ნომერი დიმიტრი იაშვილი.
* * *
ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზი" მოულოდნელად დამარცხდა "პერპინიანთან" - 20:34. ეს მატჩი ნეიტრალურ მოედანზე, ბარსელონას "ოლიმპიურ სტადიონზე" გაიმართა.
კატალონიელებს ტრავმის გამო შერკინების ორ წამყვანი ბურჯი აკლდათ, თუმცა მრისხანე მეტოქესთან გამკლავება მაინც შეძლეს.
"პერპინიანი" სათამაშო უპირატესობას პირველი ტაიმის მეათე წუთის შემდეგ დაეუფლა და 42-ე წუთისთვის 28 ქულის სხვაობით, 34:6-ს იგებდა. ჩვენებურთა გუნდი ამის შემდეგღა გამოფხიზლდა, თუმცა გვიანღა იყო. ტულუზელებმა ანგარიშში სხვაობის მხოლოდ 14 ქულამდე შემცირება შეძლეს.
ბრეგვაძე და კაკოვინი ტრავმირებულნი არიან და არ უთამაშიათ.
* * *
როგორც ჩანს, კრიზისს თავს ვერაფრით აღწევს ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსე". პარიზელებმა მე-5 ტურში სტუმრად წააგეს "ბორდოსთან" - 22:30 და ახლა 6 ქულით აუტსაიდერთა შორის არიან. ჟვანია განაცხადში არ იყო.
I დივიზიონი
V ტური
მონპელიე-ტულონი 25:32, პერპინიანი-ტულუზი 34:20, ბაიონი-მეტრო რასინგი 18:25, მონ დე მარსანი-კლერმონი 6:14, კასტრი-ბიარიცი 28:13, აჟენი-გრენობლი 32:26, ბორდო-სტად ფრანსე 30:22.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 22 ქულა, 2. კლერმონი - 18, 3. ბიარიცი - 17, 4. კასტრი - 15, 5. ტულუზი - 15, 6. გრენობლი - 14, 7. მეტრო რასინგი - 14, 8. პერპინიანი - 11, 9. მონპელიე - 10, 10. ბორდო - 9, 11. ბაიონი - 7, 12. სტად ფრანსე - 6, 13. აჟენი - 6, 14. მონ დე მარსანი - 0.
VI ტური
სტად ფრანსე-პერპინიანი, ბაიონი-ტულუზი, ტულონი-კასტრი, კლერმონი-გრენობლი, მონ დე მარსანი-აჟენი, ბორდო-მონპელიე, მეტრო რასინგი-ბიარიცი.
* * *
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში პირველი მარცხი იგემეს ქართველ მორაგბეთა გუნდებმა, "ორიაკმა" და "ლიონმა".
ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასეიშვილის "ორიაკმა", რომელიც მე-4 ტურამდე სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იყო, შინ წააგო გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძის, ირაკლი მირცხულავასა და დავით დადუნაშვილის "ტარბთან" - 24:39.
მასპინძლები მატჩის 60 წუთის განმავლობაში მეტოქეს ყველა კომპონენტში ჩამოუვარდებოდნენ. ტარბელები სათამაშო დისციპლინის ზედმიწევნით დაცვის წყალობით, 61-ე წუთამდე 36:3-ს უგებდნენ. დასკვნით 20 წუთში ორიაკელებმა სამი ლელოს გატანა მოახერხეს, მაგრამ 33-ქულიანი ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად ეს საკმარისი არ იყო.
მატჩის არბიტრმა ყვითელი ბარათი ოთხ მორაგბეს უჩვენა. აქდან სამი ორიაკელი იყო, მათ შორის საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი ლევან დათუნაშვილი, რომელმაც მოედანი ათი წუთით 68-ე წუთზე დატოვა. ნაცარაშვილი და ნემსაძე თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთვნენ.
ასეიშვილი, ჩხაიძე, მირცხულავა და დადუნაშვილი განაცხადში არ იყვნენ.
* * *
გურამ კავთიძის "ლიონს" კი პირველი მარცხი ალექსანდე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილის, კახაბერ კობერიძისა და ვახტანგ ახობაძის "ალბიმ" მიაყენა - 35:24.
ალბელებმა საკუთარი მოედნის ფაქტორი კარგად გამოიყენეს, დასაწყისიდანვე აქტიურად შეუტიეს და 49-ე წუთისთვის 18:5-ით დაწინაურდნენ.
"ლიონმა", მართალია, მეტოქის ორი ლელოს საპირწონედ ოთხი გაიტანა, მაგრამ ხშირად ჯარიმდებოდა, რაც მასპინძელთა დამრტყმელმა სამუელ მარკესმა შესანიშნავად გამოიყენა. მან შვიდი საჯარიმო და ერთი გარდასახვა მიითვალა (23 ქულა).
მაისურაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 47-ე წუთზე შეცვალეს, თეთრაშვილი თამაშში 38-ე წუთიდან ჩაერთო, თოდუა მოედანზე 24 წუთის შემდეგ გამოჩნდა, კავთიძე, კობერიძე და ახობაძე განაცხადში არ იყვნენ.
* * *
წლევანდელ სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა ფავორიტად შერაცხულმა დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივმა". ჩვენებურთა გუნდმა შინ დაამარცხა "ნარბონი" - 24:16.
მასპინძლებს პირველ ტაიმში მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევა ძალიან გაუჭირდათ - 9:3. თუმცა დიდი უპირატესობის მიღწევა ვერც შესვენების შემდეგ შეძლეს.
თამაშის დასრულებამდე რვა წუთით ადრე კი "ბრივი" მხოლოდ სამი ქულის სხვაობით იგებდა - 19:16. სწორედ ამ დროს გაიტანა ლელო საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭმა ირაკლი ნატრიაშვილმა და გუნდს გამარჯვება მოუტანა - 24:16.
ნატრიაშვილი თადარიგში იყო და თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო, შველიძემ ხინჩაგიშვილი 62-ე წუთზე შეცვალა.
* * *
მეორე გამარჯვება მოიპოვა დივიზიონის დებიუტანტმა შალვა სუთიაშვილისა და დავით აშვეთიას "მასიმ", რომელმაც შინ დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი, ბექა შეყლაშვილის "ბეზიე" - 31:16.
სუთიაშვილმა სრულად ითამაშა, აშვეთია 41-ე წუთზე შეცვალეს, შეყლაშვილმა მოედანზე მასზე 19 წუთით მეტი დაჰყო.
სატურნირო ცხრილის ბოლო, მე-16 საფეხურზე ტარიელ რატიანიძის "დაქსია", რომელმაც შინ მინიმალური სხვაობით წააგო "კოლომიესთან" - 24:25.
რატიანიძე სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 52-ე წუთიდან გამოჩნდა.
II დივიზიონი
IV ტური
პო-კარკასონი 22:18, ლა როშელი-ოში 24:10, დაქსი-კოლომიე 24:25, ექსი-ოიონაქსი 16:23, მასი-ბეზიე 31:16, ორიაკი-ტარბი 24:39, ბრივი-ნარბონი 24:16, ალბი-ლიონი 35:24.
სატურნირო მდგომარეობა
1. ოიონაქსი - 15 ქულა, 2. ორიაკი - 12, 3. პო - 12, 4. ლიონი - 11, 5. კარკასონი - 11, 6. ლა როშელი - 10, 7. ტარბი - 10, 8. კოლომიე - 10, 9. ბრივი - 10, 10. ალბი - 9, 11. მასი - 8, 12. ოში - 8, 13. ექსი - 7, 14. ნარბონი - 6, 15. ბეზიე - 5, 16. დაქსი - 1.
V ტური
ტარბი-კარკასონი, მასი-ალბი, ნარბონი-დაქსი, ოიონაქსი-კოლომიე, ოში-პო, ბეზიე-ექსი, ლიონი-ლა როშელი, ორიაკი-ბრივი.
კელტთა ლიგა
კელტთა ლიგაში ზედიზედ მეორე თამაში მოიგო დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგმა". ამჯერად ჩვენებურის გუნდის მეტოქე შინ აიტსაიდერი, იტალიური "ზებრე" იყო.
მასპინძლებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრეს და დამაჯერებლად სძლიეს - 41:10.
ბასილაია სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო.
"ედინბურგი" ახლა 10 ქულით მესამე ადგილზეა, სატურნირო ცხრილს კი სათავეში დღემდე დაუმარცხებელი უელსური "ჰლანეჰლი" უდგას.
III ტური
ალსტერი-მანსტერი 20:19, ოსფრიზი-გლაზგო 10:28, ედინბურგი-ზებრე 41:10, ქონოთი-ჰლანეჰლი 11:24, ბენეტონი-ლენსტერი 18:19, ნიუპორტი-კარდიფი 5:16.
სატურნირო მდგომარეობა
1. ჰლანეჰლი - 14 ქულა, 2. ალსტერი - 12, 3. ედინბურგი - 10, 4. მანსტერი - 9, 5. კარდიფი - 9, 6. ლენსტერი - 9, 7. გლაზგო - 5, 8. ნიუპორტი - 5, 9. ქონოთი - 5, 10. ბენეტონი - 5, 11. ოსფრიზი - 2, 12. ზებრე - 0.
IV ტური
ჰლანეჰლი-ოსფრიზი, ზებრე-ალსტერი, გლაზგო-ქონოთი, ლენსტერი-ედინბურგი, კარდიფი-ბენეტონი, მანსტერი-ნიუპორტი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ლეგიონერები ნატრიაშვილის პირველი ლელო და გალიდერებული "ტულონი"