ეს გუნდი ზედიზედ სამი წელიწადი ელიტურ, მეორე დივიზიონში გადაბარგებას ცდილობდა და მესამე ჯერზე გამოუვიდა კიდეც.
ახლა შალვა და "მასი" პროფესიულ დივიზიონში ასპარეზობენ და სტარტზე ოთხი მატჩიდან ორი მოიგეს, რაც გათამაშების დებიუტანტისთვის ცუდი შედეგი სულაც არ არის.
სუთიაშვილი "მასის" ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია. მას, როგორც კლუბში, ისე ეროვნულ ნაკრებშიც სხვადასხვა პოზიციაზე უთამაშია, რაც მისი, როგორც მორაგბის უნიკალურობაზე მიგვანიშნებს.
საკლუბო კარიერისა და მომავლის გეგმებზე სასაუბროდ შალვა სუთიაშვილს პარიზში დავუკავშირდით.
- ცხადია, განსხვავება დიდია. ფედერალ 1 დივიზიონში თამაშისას მეტ-ნაკლებ წინააღმდეგობას ორი გუნდი, "ლილი" და "ნევერი" გვიწევდნენ, სხვა დანარჩენნი სუსტები იყვნენ.
მეორე დივიზიონში ძალიან ბევრი ძლიერი გუნდია და სუსტებიც არ არიან. ამასთან ერთად, აქ გაცილებით მეტი მატჩის გამართვა გვიწევს, რის გამოც სრულიად განსხვავებული რეჟიმით ვემზადებით, ვვარჯიშობთ.
ერთი სიტყვით, ელიტაში ბევრად მაღალი დონეა. თანაც ცოტა დამღლელიცაა, რადგან შარშანდელი სეზონი გვიან დავამთავრეთ და წლევანდელი ადრე დავიწყეთ. მოსამზადებლად სულ რაღაც ორი კვირა გვქონდა.
- მიუხედავად ამისა, ოთხი თამაშიდან ორის მოგება შეძელით, რაც ურიგო არ არის...
- დიახ, ასეა. აქ ყველა გუნდი სხვადასხვა ტაქტიკით თამაშობს. რასაც ვუყურებ, შინ ყველა იგებს და გასვლაზე ყველა აგებს.
- ამაზე მსაჯებიც ხომ არ ახდენენ გავლენას?
- არა, მთლიანად მსაჯებს ვერ დავაბრალებ, თუმცა არც უმაგისობაა. მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ შინ და გარეთ გუნდები სხვადასხვა ტაქტიკურ მონახაზს მიმართავენ. მაგალითად, საკმაოდ კარგი გუნდია "ექსი", რომელმაც ჩვენთან მატჩში აქცენტი ბურთის ფეხით ზურგს უკან გადატანაზე, სწრაფ ჩახურვასა და კონტრშეტევებზე გააკეთა. ამით ვერაფერს გახდნენ და მოვუგეთ.
შემდეგ მატჩში "ოშმა" პირიქით, ხელდახელ ბურთაობა შემოგვთავაზა. ასევე განსხვავებულად ითამაშა "კარკასონმაც". "ბეზიესთან" მატჩში ჩვენმა მწვრთნელებმა ოლივიე მანმა და ვიქტორ დიდებულიძემ სწორი ტაქტიკა შეგვირჩიეს და ისევ გავიმარჯვეთ.
ჩვენს მწვრთნელებს მუშაობის გამორჩეული სპეციფიკა აქვთ. ვიდეოანალიზს მხოლოდ საკუთარ თამაშს ვუკეთებთ. მეტოქის თამაში არასდროს განგვიხილავს. ასეთი რამ სხვა გუნდებში არ ხდება.
- რატომ არ განიხილავთ მეტოქეების თამაშს, საამისოდ შესატყვისი პირობები არ გაქვთ?
- პირობები როგორ არ გვაქვს. ეს, უბრალოდ, ერთგვარი ტაქტიკაა, რათა თამაშამდე მორაგბე ფსიქოლოგიურად არ გადაიტვირთოს. მაგალითად, "ლიონში" თამაშობენ სებასტიან შაბალი და ლიონელ ნალე. ესენი ფრანგული რაგბის ლეგენდები არიან და მათმა ავტორიტეტმა შეიძლება დამთრგუნველად იმოქმედოს. ამიტომ მათ თამაშს არ ვუყურებთ.
სამაგიეროდ, კარგად ვიცით, თვითონ როგორ ვითამაშოთ, რა გავაკეთოთ. ერთი სიტყვით, ჩვენც ასე გვირჩევნია.
- ვიქტორ დიდებულიძე ოთხი წელიწადია, რაც "მასის" ერთ-ერთი თავკაცია. როგორც ჩანს, ის კარგ სპეციალისტად ჩამოყალიბდა...
- ვიქტორი "მასიში" შერკინების მწვრთნელია. მალე ელიტურ დიპლომს აიღებს, რაც საშუალებას მისცემს, ნებისმიერი რანგის გუნდში მთავარ მწვრთნელად იმუშაოს.
მან უკვე ჩააბარა გამოცდები და ახლა ერთწლიანი პრაქტიკის კურსებიღა დარჩა გასავლელი. ის საფრანგეთში უკვე ცნობილი მწვრთნელია.
- რა მიზნებს ისახავს წლეულს "მასი" საფრანგეთის ჩემპიონატში?
- ლიონელ ნალემ თქვა, მე-8 ადგილი უნდა დავიკავოთო. ეს ბევრს სასაცილოდ არ ეყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ორი მატჩი მოვიგეთ, ჩვენს მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. "მასი" სენსაციური გუნდია. არავინ ელოდა, რომ ჩვენ მეორე დივიზიონში გადასვლას მოვახერხებდით. ახლა სტარტიც კარგი ავიღეთ და უკვე სხვა თვალით გვიყურებენ.
- ელიტურ დივიზიონში თამაშს პირობებიც სათანადო სჭირდება. რამდენად არის მზად კლუბი, მარათონულ სეზონს ღირსეულად გაუძლოს?
- პირობები კარგი გვაქვს, შარშანდელთან შედარებით კლუბის ბიუჯეტი გაორმაგდა. შეიძლებოდა მეტიც, მაგრამ დრო არ გვეყო საიმისოდ, რომ მეტი რაოდენობის სპონსორები მოგვეზიდა.
იმედი გვაქვს, წლეულს ელიტურ, მეორე დივიზიონში ადგილს შევინარჩუნებთ და სამომავლოდ პირობები კიდევ უფრო გაგვიუმჯობესდება.
საფრანგეთის რაგბის ფედერაცია ქალაქ მასისთან ახლოს ეროვნული ნაკრებისთვის დიდი სტადიონის მშენებლობას აპირებს და მის ინტერესებშიცაა, რომ ჩვენს რეგიონში კარგი გუნდი ჰყავდეს. ეს რაგბის განვითარებას ჩრდილოეთ საფრანგეთშიც ხელს შეუწყობს.
- "მასიში", თქვენს გარდა, კიდევ ერთი ქართველი, შერკინების ბურჯი დავით აშვეთია თამაშობს...
- დიახ, ძირითად გუნდში ორნი ვართ. ესპუართა, ანუ სათადარიგო გუნდში კი სამი ქართველია: მინდია ელგუჯაური, არჩილ კობაური და ნიკა თევდორაძე.
ამათ გარდა, კიდევ სამი ქართველი უნდა შემოგვიერთდეს, მაგრამ საფრანგეთის საკონსულომ სავიზო პრობლემები შეუქმნა.
"მასის" ძალიან კარგი სარაგბო სკოლა აქვს და სასურველი იქნება, თუ ამ მოთამაშეებს ჩვენი რაგბის კავშირი დაეხმარება სავიზო პრობლემების მოგვარებაში.
- წლეულს ექვსი ერის გათამაშებისას საფრანგეთის ნაკრებმა "მასისთან" ერთობლივი წვრთნები ჩაატარა. რატომ შეაჩერეს "ლე ბლოს" ხელმძღვანელებმა არჩევანი თქვენს გუნდზე?
- ჩვენი მწვრთნელი ოლივიე მანე ფრანგულ რაგბიში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ის წლების განმავლობაში იცავდა "ლე ბლოს" ღირსებას. მას კარგად იცნობენ. თანაც, საფრანგეთის ნაკრების საწვრთნელი ცენტრიც მასისთან ახლოსაა.
თითქმის ყოველი თამაშის წინ, კვირის დასაწყისში ჩამოდიოდნენ და ერთად ვვარჯიშობდით. ძირითადად, შერკინება და დერეფანში თამაში აინტერესებდათ. ჩვენთვისაც ძალიან კარგი იყო, დიდი გამოცდილება მივიღეთ.
თუ არ ვცდები, მსგავსი წვრთნები მომავალშიც იგეგმება.
- რადგან სანაკრებო თემას შევეხეთ, მოდით, საქართველოს ეროვნულ გუნდზეც ვთქვათ. ნოემბერში "ბორჯღალოსნებს" თბილისში სერიოზული გამოცდა ელით...
- ორივე ძალიან მაგარი გუნდია. ფიჯის ნაკრებს ადრე ერთი სისუსტე ჰქონდა - შერკინება არ ჰყავდა ისეთი ძლიერი, როგორიც უკანა ხაზი. ახლა ეს ხარვეზი აღმოფხვრილია.
ძალიან რთული თამაშები გველის. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენც წინ მივიწევთ. საფრანგეთში ნაკრების წევრების აბსოლუტური უმრავლესობა ელიტურ დივიზიონებში ვთამაშობთ.
მიუხედავად ამისა, მაინც სერიოზულად უნდა მოვემზადოთ და აუცილებლად გავიმარჯვოთ.
დიდებულიძე საფრანგეთში ცნობილი მწვრთნელია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის სხვადასხვა დივიზიონში ქართველი მწვრთნელები მომრავლდნენ