ფრანგული დერბი ქართველი მორაგბეების შესრულებით

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მეექვსე ტურის წინ დაუმარცხებელი ერთი გუნდია, დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი".

ჩვენებურთა ამ გუნდმა წლეულს სეზონი ისე, როგორც არასდროს, კარგად დაიწყეს და ჩემპიონობაზე აქედანვე გააკეთეს განაცხადი.

"ტულონი" მეექვსე ტურში შინ ეთამაშება ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს". მიუხედავად იმისა, რომ ტულონელებს საკუთარი მოედნის ფაქტორი ხელს შეუწყობს, მატჩი მათთვის მაინც რთული იქნება - კასტრელები ფრანგულ რაგბიში ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი გუნდია.

ტულონელები ეცდებიან წაუგებელი სერია განაგრძონ. გამორიცხული არ არის, რომ ძირითად შემადგენლობაში ერთდროულად ითამაშონ მგეზავებმა ჯონი
ვილკინსონმა
და ფრედერიკ მიშალაკმა.

სამწუხაროდ, ტრავმის გამო მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი დავით ქუბრიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ შარშანდელ სეზონში ამ გუნდებს შორის ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ამჯერადაც უკომპომისო ბრძოლაა მოალოდნელი.

კასტრელთა შემადგენლობაში ისევ ვერ იასპარეზებს ტრავმირებული ანტონ ფეიქრიშვილი. სტუმართა გუნდს დააკლდება ასევე მატიას როლანი, იბრაჰიმ დიარა, დანიელ კირკპატრიკი და მაქს ევანსი.

დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა" ხუთი თამაშიდან ოთხი მოიგო და სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზეა.

"ვულკანები" მე-6 ტურში შინ ხვდებიან დივიზიონის დებიუტანტ "გრენობლს", რომელიც ყველასთვის მოულოდნელად შესანიშნავად ასპარეზობს. "ალპელები" 14 ქულით მე-6 ადგილზე არიან და კლემონს 4 ქულით ჩამორჩებიან.

მასპინძლებს ტრავმის გამო საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილი და უელსელი ფულბეკი ლი ბირნი დააკლდებათ.

სამაგიეროდ გამოჯანმრთელდნენ და მეტოქეს დაუხვდებიან ბენჟამინ კაიზერი, სიტივენი სივივატუ, ნათან ჰინესი და ენტონი ფლოში.

საფრანგეთის ჩემპიონის, ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზი" სტუმრად ეთამაშება ბასკურ "ბაიონს".

ტულუზელებმა მე-5 ტურში, ბარსელონაში მოულოდნელად წააგეს კატალონიურ "პერპინინათან". ფრანგული რაგბის გრანდს არ სჩვევია ზედიზედ ორჯერ წაგება და, სავარაუდოდ, "ბაიონთან", რომელიც 7 ქულით მე-11 ადგილზეა და პოტენციური აუსტაიდერია, გამარჯვებას უნდა მიაღწიოს.

ბრეგვაძე და კაკოვინი ტრავმირებულნი არიან და ვერ ითამაშებენ. სამაგიეროდ გამოჯანმრთელდა კრისტოფ ტოლეაფუა, ასე რომ, სამწვრთნელო ასპარეზზე გადაბარგებულ ვილიამ სერვას ბუცების ლურსმნიდან ჩამოხსნამ აღარ მოუწია.

მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" სტუმრად ეთამაშება "ბორდოს", რომელსაც მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს.

ბოროდოელებმა მეხუთე ტურში პარიზულ "სტად ფრანსეს" სძლიეს და "მონპელიეს" ამაღლებული განწყობით შეეგებებიან.

ჩვენებურთა გუნდს ტრავმის გამო გიორგი ჟღენტი დააკლდება. არგენტინის ნაკრებიდან კი მაქსიმილიანო ბუსტოსი დაუბრუნდა. დანარჩენი, ოთხი არგენტინელი კი ეროვნული გუნდის შემადგენლობაში რჩება.

ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსე" შინ მიიღებს "ტულუზის" მძლეველ "პერპინიანს". პარიზელებმა, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ვერ დაძლიეს კრიზისი და 6 ქულით მათთვის უჩვეულო მე-12 ადგილზე არიან.

I დივიზიონი
VI ტური
ბაიონი-ტულუზი, ტულონი-კასტრი, სტად ფრანსე-პერპინიანი, კლერმონი-გრენობლი, მონ დე მარსანი-აჟენი, ბორდო-მონპელიე, მეტრო რასინგი-ბიარიცი.

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 22 ქულა, 2. კლერმონი - 18, 3. ბიარიცი - 17, 4. კასტრი - 15, 5. ტულუზი - 15, 6. გრენობლი - 14, 7. მეტრო რასინგი - 14, 8. პერპინიანი - 1, 9. მონპელიე - 10, 10. ბორდო - 9, 11. ბაიონი - 7, 12. სტად ფრანსე - 6, 13. აჟენი - 6, 14. მონ დე მარსანი - 0.

* * *
მეხუთე ტურის შეხევდრების წინ საპლეიოფო ექვსეულში ქართველ მორაგებთა ორი გუნდია. ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილის და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკი", რომელიც 12 ქულით მე-2 ადგილზეა, შინ ეთამაშება დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივს".

ეს ქალაქები მეზობლები არიან და მათი დაპირიპირება მუდამ დერბად მიიჩნევა.

აღსანიშნავია, რომ "ბრივი", რომელიც ელიტური პირველი დივიზიონიდან დაქვეითდა, იმთავითვე გათამაშების ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა ოთხი თამაშიდან მხოლოდ ორი მოიგო და ათი ქულით მე-9 ადგილზეა.

დივიზიონის უმთავრესი ფავორიტია გურამ კავთიძის "ლიონი", რომელიც ასევე ეშურება ელიტურ, პირველ დივიზიონში დაბრუნებას.

ლიონელები მე-5 ტურში შინ ეთამაშებიან "ლა როშელს" და, სავარაუდოდ, იოლად უნდა სძლიონ.

მეხუთე ტურში საინტერესო იქნება "მასისა" და "ალბის" დაპირისპირება. ამ მატჩში მოედანზე ერბაშად ექვსი ქართველი იქნება. შალვა სუთიაშვილისა და დავით აშვეთიას "მასიმ", რომელიც დივიზიონის დებიუტანტია, ორ თამაში მოიგო და რვა ქულით მე-11 ადგილზეა.

ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და კახაბერ კობერიძის "ალბი" მას ერთი ქულით უსწრებს და სატურნირო ცხრილში მე-10 საფეხური უჭირავს.

II დივიზიონი
V ტური
ტარბი-კარკასონი, მასი-ალბი, ნარბონი-დაქსი, ოიონაქსი-კოლომიე, ოში-პო, ბეზიე-ექსი, ლიონი-ლა როშელი, ორიაკი-ბრივი.

სატურნირო მდგომარეობა
1. ოიონაქსი - 15 ქულა, 2. ორიაკი - 12, 3. პო - 12, 4. ლიონი - 11. 5. კარკასონი - 11, 6. ლა როშელი - 10, 7. ტარბი - 10, 8. კოლომიე - 10, 9. ბრივი - 10, 10. ალბი - 9, 11. მასი - 8, 12. ოში - 8, 13. ექსი - 7, 14. ნარბონი - 6, 15. ბეზიე - 5, 16. დაქსი - 1.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული