ლეგიონერები: მერაბ კვირიკაშვილი - 14, ლაშა მალაღურაძე - 6

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან "მაკონი", "როდეზი" და "სენ ნაზერი", დაუმარცხებლად ასპარეზობენ და თავიანთ ჯგუფებში ლიდერებს შორის არიან.

A ჯგუფი
ბურგ ან ბრესი-დიჟონი 30:6, ბობინი-მონლუსონი 31:11, ვიენი-ლილი 22:28, სტრასბური-მაკონი 9:25, სენტ ეტიენი-შალონი 19:19.

სატურნირო მდგომარეობა
1. ლილი - 9 ქულა, 2. ბურგ ან ბრესი - 9, 3. მაკონი - 8, 4. ბობინი - 5, 5. ვიენი - 5, 6. დიჟონი - 4, 7. სენტ ეტიენი - 3, 8. შალონი - 2, 9.
მონლუსონი - 1, 10. სტრასბური - 0.

A ჯგუფში ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან საუკეთესო მაჩვენებელი შოთა მელიქიძისა და ავთანდილ კოპალიანის "მაკონს" აქვს, რომელმაც ორი შეხვედრიდან ორივე მოიგო და რვა ქულით მე-3 ადგილზეა.

მეორე ტურში მაკონელებმა სტუმრად მოუგეს გიორგი სულაშვილის "სტრასბურს" - 25:9.

სტუმრებმა უპირატესობის მოპოვება მატჩის დასაწყისშივე შეძლეს და მე-20 წუთისთვის უკვე 12:0-ს იგებდნენ. "მაკონს" ინიციატივა თამაშის ბოლომდე არ გაუშვია ხელიდან და მორიგი, დამსახურებული გამარჯვება მიითვალა. "სტრასბურმა" კი ორი შეხვედრიდან ორივე წააგო და უქულოდ ბოლო ადგილზეა.

კოპალიანი ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე მელიქიძემ შეცვალა.

ორი თამაშიდან ორივე წააგო ელიზბარ ყუფარაძის, გიორგი ჯაშიტაშვილისა და რეზო გიგაურის "მონლუსონმაც". მეორე ტურში ჩვენებურთა ეს გუნდი სტუმრად დამარცხდა "ბობინისთან" - 31:11.

მონლუსონელებმა თამაში კარგად დაიწყეს და 27-ე წუთამდე იგებდნენ კიდეც - 8:6. თუმცა მასპინძლებმა მალევე იგდეს ხელთ სათამაშო უპირატესობა და სეზონში პირველი გამარჯვება მიითვალეს.

ყუფარაძემ და გიგაურმა თავიდან ბოლომდე ითამაშეს, ჯაშიტაშვილი განაცხადში არ იყო.

გიორგი გაბელიას "სენტ ეტიენი" შინ ფრეს დასჯერდა "შალონთან" - 19:19. გაბელია სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 77-ე წუთიდან ჩაერთო.

პირველი მარცხი იწვნია ზერო პეტრიაშვილის "ვიენმა". ჩვენებურის გუნდმა მეორე ტურში შინ წააგო გათამაშების ლიდერ "ლილთან" - 22:28.

შეგახსენებთ, რომ "ლილის" ერთ-ერთი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი მესამეხაზელი დავით ბოლღაშვილია. პეტრიაშვილი მატჩის განაცხადში არ იყო.

B ჯგუფი
რომანი-ბურგუენი 28:34, ბლანიაკი-ობენა 19:17, ვალანსი-აგდი 23:17, შატორენარი-ლავორი 30:12, როდეზი-ლა სეინი 22:19.

სატურნირო მდგომარეობა
1. როდეზი - 8 ქულა, 2. ვალანსი - 8, 3. ბურგუენი - 8, 4. შატორენარი - 5, 5. აგდი - 5, 6. ბლანიაკი - 5, 7. ლავორი - 4, 8. რომანი - 2, 9. ობენა - 1, 10. ლა სეინი - 1.

B ჯგუფის ლიდერი დავით კაჭარავას "როდეზია", რომელიც ფედერალ 1 დივიზიონის დებიუტანტია. როდეზელებმა მეორე ტურში უმძიმეს ბრძოლაში შეძლეს "ლა სეინის" დამარცხება - 22:19.

თამაში, როგორც ანგარიშიდან ჩანს, თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება როდეზელებმა მატჩის ბოლო 15 წუთში მოახერხეს. კაჭარავამ თავიდან ბოლომდე ითამაშა.

პირველი გამარჯვება მოიპოვა გიორგი კუთარაშვილის "შატორენარმა", რომელმაც შინ მოუგო "ლავორს" - 30:12.

სტუმრებმა მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს, რომელიც ფრედ, 9:9 დასრულდა. შესვენების შემდეგ შატორენარელებმა ტაქტიკა შეცვალეს და მეტოქეს თამაშის ყველა კომპონენტში აჯობეს. კუთარაშვილმა სრულად ითამაშა.

ორი შეხვედრიდან ორივე წააგო ირაკლი ნინიძის "რომანმა" და თენგიზ გელანტიას და ბექა ურჯუკაშვილის "ობენამ". ობენელები სტუმრად ვერას გახდნენ "ბლანიაკთან" - 17:19.

ურჯუკაშვილმა პირველი შუამარბის (#12) პოზიციაზე თავიდან ბოლომდე ითამაშა, გელანტია კი მოედანზე 55-ე წუთიდან გამოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ურჯუკაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში რამდენიმე შეხვედრა გამართა და ყველა მათგანში ფულბეკად ითამაშა. გასულ სეზონში კი ის კლუბში გარემარბად ირჯებოდა.

ირაკლი ნინიძის "რომანმა" შინ წააგო ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ "ბურგუენთან" - 28:34. ნინიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს.

C ჯგუფი
ვანი-მარმანდი 35:11, პერიგო-სენ ჟან დანჟელი 29:9, ნუარი-ტიროსი 11:41, ლანჟონი-სენ ნაზერი 17:31, სენ ჟან დე ლუზი-აგეტმო 20:15.

სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 10 ქულა, 2. სენ ნაზერი - 8, 3. პერიგო - 5, 4. ვანი - 5, 5. სენ ჟან დე ლუზი - 5, 6. სენ ჟან დანჟელი - 5, 7. ლანჟონი - 4, 8. მარმანდი - 4, 9. აგეტმო - 2, 10. ნუარი - 1.

C ჯგუფში დაუმარცხებელი ბაჩუკი გუჯარაიძისა და შოთა ცხოვრებაშვილის "სენ ნაზერია", რომელსაც 8 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა. სენნაზერელებმა სტუმრად მოუგეს "ლანჟონის" - 31:17.

გუჯარაიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ცხოვრებაშვილი განაცხადში არ იყო.

პირველი გამარჯვება მოიპოვა თედო ზიბზიბაძის "პერიგომ", რომელსაც ახლა ხუთი ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა. პერიგოელებმა შინ დაამარცხეს "სენ ჟან დანჟელი" - 29:9.

აღსანიშნავია, რომ სტუმართა გუნდს 9 ქულა ჩვენთვის კარგად ნაცნობმა 35 წლის რუმინელმა ცხრა ნომერმა პეტრე მიტუმ მოუტანა. ზიბზიბაძემ სრულად ითამაშა.

პირველი მარცხი იწვნია ნიკოლოზ მაღალდაძის "მარმანდმა" სტუმრად "ვანთან" - 11:35. მაღალდაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს.

D ჯგუფი
ლიმოჟი-მონტობანი 15:22, ლურდი-კასტანე 21:16, ოლორონი-ბაგნერე 15:6, ლანამეზანი-სენ ჟუნიენი 33:19, სენ მედარი-ნევერი 3:50.

სატურნირო მდგომარეობა
1. მონტობანი - 9 ქულა, 2. ოლორონი - 8, 3. ნევერი - 6, 4. ლანამეზანი - 6, 5. ბაგნერე - 4, 6. სენ ჟუნიენი - 4, 7. ლურდი - 4, 8. სენ მედარი - 4, 9. ლიმოჟი - 2, 10. კასტანე - 1.

მეორე ტურში D ჯგუფში მოასპარეზე ორივე "ქართულმა გუნდმა" წააგო. მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის "სენ ჟუნიენი" სტუმრად დამარცხდა "ლანამეზანთან" - 19:33.

კვირიკაშვილმა, რომელმაც სრულად ითამაშა, ოთხი საჯარიმო და ერთი გარდასახვა გაიტანა (14 ქულა), მჭედლიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს.

ლაშა მალაღურაძისა და სიმონ მაისურაძის "ბაგნერემ" ასევე სტუმრად წააგო ოლორონთან - 6:15. ექვსივე ქულა სტუმრებს მალაღურაძემ მოუტანა, რომელმაც თავიდან ბოლომდე ითამაშა. მაისურაძე 51-ე წუთზე შეცვალეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული