ასეთი შედეგი ამ გუნდს აქამდე არასდროს ჰქონია. ცხადია, სასიხარულოა, რომ ამ ყველაფრის შემოქმედი "ტულონის" სხვა მორაგბეებთან ერთად საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი დავით ქუბრიაშვილიცაა.
სამწუხაროდ, "დუდუმ" მეხუთე ტურის მატჩში, დასაწყისშივე მუხლი იტკინა და ამჟამად მკურნალობის კურსს გადის.
ცხადია, საინტერესოა, რა პროცესები მიმდინარეობს ვარსკვლავებით საფრანგეთში ყველაზე მეტად გადაჭედილ გუნდში.
საკლუბო კარიერისა და მომავლის გეგმებზე სასაუბროდ დავით ქუბრიაშვილს ტულონში დავუკავშირდით.
- ტრავმა ძალიან საშიში არ არის. მუხლთან, წვივის დაბოლოებაზე ძვალია გაბზარული. კიდევ ორი ან სამი კვირა მომიწევს მკურნალობა.
- "ტულონმა" სტარტზე ექვსი თამაშიდან ექვსივე მოიგო. ასეთი შედეგით აქამდე თქვენი გუნდი არასდროს გამორჩეულა. რით შეიძლება ეს აიხსნას?
- ძლიერი მოთამაშეები არც აქამდე გვაკლდა, თუმცა სეზონის დაწყების წინ კიდევ რამდენიმე ახალი, მაღალი დონის მორაგბე დავიმატეთ.
მთავარმა მწვრთნელმა ბერნარ ლაპორტმა, რომელიც მართლაც ძალიან მაგარი მწვრთნელია, გუნდი უფრო შეკრა, შეადუღაბა.
სიტუაცია, თუნდაც შარშანდელთან შედარებით, ბევრად უკეთესია. ეს, მიუხედავად იმისა, რომ რთული პიროვნებაა, მთლიანად ლაპორტის დამსახურებაა.
- რაში გამოიხატება მისი პიროვნების სირთულე?
- როგორ გითხრათ, ცოტა ყვირილი და ჩხუბი უყვარს. შეიძლება ითქვას, რომ ზედმეტად მკაცრიცაა.
- ლაპორტი ისეთ მორაგბეებსაც უყვირის, როგორებიც ბაკის ბოთა ან ჯონი ვილკინსონი არიან?
- არა, მაგათ არ უყვირის, ალბათ, იმიტომ, რომ არ იმსახურებენ.
- თქვენ? თქვენ თუ გიყვირით?
- არა, მე ახლა ტრავმა მაქვს და არ მიყვირის.
- კარგი, დავანებოთ ლაპორტს თავი. თქვენს გუნდში მასზე არანაკლებ ქარიზმატული პიროვნებაა "ტულონის" პრეზიდენტი მურად ბურჯელალი. დღე არ გავა, ფრანგულ პრესაში მისი პროფილი ან ანფასი არ გამოჩნდეს. ის მუდამ ვიღაცას რაღაცაზე ედავება. ერთი სიტყვით, ბურჯელალზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. თქვენ მას პირადად, თანაც, ძალიან კარგად იცნობთ. სინამდვილეში როგორი "ბიჭია" მურადი?
- ძალიან კარგი პიროვნებაა. უბრალოდ, ფინანსებთან დაკავშირებით უთანხმოება აქვს ხოლმე. ხან მას უჩივიან, ხანაც თვითონ უჩივის ვინმეს.
ჩემთან მუდამ დადებითი ურთიერთობა ჰქონდა და ასეა ახლაც. კაცი ასი პროცენტით იხარჯება გუნდისთვის. გვერდში გვიდგას როგორც ფინანსურად, ისე ფიზიკურად. ყველაფერს აკეთებს, რათა მაღალი დონის გუნდი შექმნას. მისი მიზანია, "ტულონი" საფრანგეთის ჩემპიონი გახადოს, ტიტულები მოაპოვებინოს და მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი კლუბის სახელი მოუხვეჭოს.
საამისოდ ის არაფერს ზოგავს. ბურჯელალი პოლიგრაფიული ბიზნესით იყო დაკავებული. ეს საქმიანობა მიატოვა და ახლა მისი ბიზნესი რაგბის კლუბი "ტულონია". აბა, ასეთ ადამიანზე ცუდის სათქმელად ენა როგორ მომიბრუნდება?
- ამბობენ, მწვრთნელის ფუნქციებში ერევა, შემადგენლობის დაყენებაში "ეხმარებაო"...
- არა, მსგავსი არაფერი ხდება. ბურჯელალს რაგბი არასდროს უთამაშია. ვერ ერკვევა რაგბიში და შემადგენლობას როგორ დააყენებს, ეგ გამორიცხულია.
- შარშან, სეზონის ბოლოს, ფრანგულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს "ტულონის" დატოვებას აპირებდით, რასაც ქომაგთა მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა...
- გუნდიდან წასვლას არ ვაპირებდი. ეს გაუგებრობა იყო, რომელიც ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ ჩემი ნათქვამის არასწორად ინტერპრეტაციას მოჰყვა.
შარშანდელ სეზონში ცოტა თამაში მიწევდა. ჟურნალისტს ვუთხარი, რომ მცოდნოდა, ასე ცოტას ვითამაშებდი, კონტრაქტს არ გავაგრძელებდი-მეთქი. მან კი დაწერა, თითქოს მე ვთქვი - რომ მცოდნოდა, მეორე ნომრად ვიქნებოდი, კონტრაქტს ხელს არ მოვაწერდიო.
დამეთანხმეთ, ეს ორი წინადადება აზრობრივად ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან.
ყოველივე ამის გამო იძულებული გავხდი, ქომაგებისთვის ღია წერილით მიმემართა და ამ გაუგებრობისთვის ნათელი მომეფინა. აი, სულ ეს იყო.
- შარშან გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა და მეორე ადგილს დასჯერდა. ამჯერად სტარტი ისეთი აიღეთ, ალბათ, ჩემპიონობას ვერავინ შეგეცილებათ...
- ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი. წინ კიდევ ოცი ტურია და რა მოხდება, არავინ იცის. მთავარია, პლეი ოფში გავაღწიოთ და იქ ვნახოთ.
- შემდეგ ტურში საფრანგეთის ჩემპიონ "ტულუზთან" გაქვთ გასვლითი შეხვედრა. ამ გუნდს შინ დიდი ხანია, არ წაუგია...
- "ტულუზში" გადახალისებული გუნდი მიდის სათამაშოდ. ლაპორტმა მათ, ვინც ეს ექვსი თამაში საკუთარ მხრებზე გადაიტანა, დასვენების საშუალება მისცა. მას ასე ჰქონდა დაგეგმილი - პირველ ექვს მატჩში მაქსიმუმისთვის უნდა მიეღწია და მერე ძირითადი მოთამაშეებისთვის ოდნავ სულის მოთქმის საშუალება უნდა მიეცა.
ასეც იქცევა და, მიმაჩნია, რომ მართალია. მორაგბეებიც ადამიანები არიან და ისინიც იღლებიან, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.
- "ტულონის" სხვა ქართველებს - კონსტანტინე მიქაუტაძესა და ლევან ჩილაჩავას წლეულს ძირითად გუნდში ჯერ არ უთამაშიათ...
- მიქაუტაძე "ტულუზთან" ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს ამ უქმეებზე, ჩილაჩავა კი მგონი განაცხადში არ არის.
- საქართველოს ნაკრების ყოფილი მესამეხაზელი გია ლაბაძე "ძირძველი ტულონელია". ორწლიანი განშორების მერე ის ისევ კლუბს დაუბრუნდა?
- დიახ, ასეა. გია "ტულონის" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელად დანიშნეს. მას ამ ქალაქში დიდ პატივს სცემენ. 13 წელიწადია, ტულონში ცხოვრობს. აქედან ცხრა წელიწადი კლუბის ღირსებას იცავდა და გუნდის კაპიტანი იყო. ასეთ ერთგულებას ქომაგები სათანადოდ აფასებენ.
- საქართველოს ნაკრებს ნოემბერში ორი ურთულესი ტესტ-მატჩი ელის იაპონიისა და ფიჯის ნაკრებებთან. როგორ შეაფასებთ ამ გუნდებს?
- ნოემბერში მართლაც ძალიან კარგი მატჩები გვექნება. თუ გვინდა, რომ განვვითარდეთ, სწორედ ასეთი მაღალი დონის გუნდებს უნდა ვეთამაშოთ ხშირად, იაპონია და ფიჯი რომ არიან. სულ გერმანიასთან და უკრაინასთან თამაში არაფერს მოგვცემს.
უშეღავათო ბრძოლა იქნება და აუცილებლად უნდა მოვიგოთ.
მოუთმენლად ველი ნაკრებში გამოძახებას. ჯანმრთელად თუ ვიქნები, აუცილებლად ჩამოვალ.
ქომაგები ერთგულებას სათანადოდ აფასებენ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"