საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში ქართველთა "კლერმონი" ლიდერობს

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-7 ტურის შეხვედრები გაიმართა, რასაც სატურნირო ცხრილში ლიდერის ცვლილება მოჰყვა.

დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონმა" პირველი მარცხი განიცადა, რის გამოც პოზიციის დათმობა მოუწია.

გათამაშებას სათავეში დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი" ჩაუდგა, რომელმაც შინ დაამარცხა ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსე" - 28:25.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი სტუმრების, პარიზელი მორაგბეების უპირატესობით წარიმართა.

"ვულკანებმა" თამაშის დალაგება ვერაფრით მოახერხეს და შესვენებაზე 12-ქულიანი ჩამორჩენით წავიდნენ - 10:22.

მეორე ნახევარში კლერმონელებმა მდგომარეობის გამოსწორება შეძლეს და 66-ე წუთზე
ანგარიში გაათანაბრეს - 22:22. თუმცა "სტად ფრანსემ" ხუთ წუთში საჯარიმოთი ისევ შეძლო დაწინაურება - 25:22.

გამარჯვების მიღწევა მასპინძლებმა დასკვნით ორ წუთში მოახერხეს. ცხრა ნომერმა მორგან პარამ 78-ე წუთზე საჯარიმოთი ანგარიში გაათანაბრა, რასაც მგეზავმა ბრუკ ჯეიმზმა ბოლო წუთზე არეკნიც მიაყოლა - 28:25.

აღსანიშნავია, რომ პარამ ხუთი საჯარიმო და ერთი გარდასახვა გაიტანა (17 ქულა), ჯეიმზმა კი ორი არეკნი (6 ქულა).

ზირაქაშვილი ტრავმირებულია და არ უთამაშია, კოლელიშვილი განაცხადში იყო, ჟვანია პარიზელთა თადარიგში გახლდათ, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა.

"კლერმონს" ამ გამარჯვების შემდეგ 27 ქულა დაუგროვდა და, როგორც უკვე ვთქვით, პირველ ადგილზეა.

ამდენივე ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე საფეხური უჭირავს დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონს".

ჩვენებურთა ეს გუნდი მე-6 ტურამდე დაუმარცხებელი იყო, მაგრამ ამჯერად სტუმრად ვერას გახდა საფრანგეთის ჩემპიონთან, ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზთან" - 9:32.

მასპინძლებმა საკმაოდ გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე მეტოქესთან უპირატესობა დასაწყისშივე მოიპოვეს და 27-ე წუთისთვის 16:0-ს იგებდნენ. "ტულონმა" მონაგარს პირველი ქულები 33-ე წუთზე შესძინა.

საჯარიმო ზუსტად ჯონი ვილკინსონის შემცვლელმა მგეზავმა ფრედერიკ მიშალაკმა გაიტანა. მან კიდევ ორი საჯარიმო მიითვალა, თუმცა ამას მატჩის საბოლოო ანგარიშზე გავლენა არ მოუხდენია.

ტულუზელებმა მატჩი აღმავლობით ჩაატარეს და ჩემპიონატში უმთავრესი კონკურენტი დამაჯერებლად დაამარცხეს. თუმცა ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ სტუმართა გუნდს ძირითადი შემადგენლობის 14 მორაგბე აკლდა.

"ტულონის" მთავარმა მწვრთნელმა ბერნარ ლაპორტმა მათ დასვენების საშუალება მისცა. საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯმა დავით ქუბრიაშვილმა კი ტრავმის გამო არ ითამაშა.

ახლახან ფრანგულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "დუდუ" გამოჯანმრთელდა და მომდევნო ტურში აუცილებლად ითამაშებს.

ქართველი მორაგბეებიდან ამ შეხვედრაში მხოლოდ კონსტანტინე მიქაუტაძემ იასპარეზა. ის ძირითად შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს, ბრეგვაძე და კაკოვინი დაშავებულნი არიან, ჩილაჩავა განაცხადში არ იყო. "ტულუზს" ახლა 24 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა.

საკმაოდ დაძაბული გამოდგა მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიეს" საშინაო დაპირისპირება ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრთან".

მასპინძლებმა, რომლებსაც რამდენიმე ტრავმირებული და არგენტინის ნაკრებში მივლინებული ექვსი მორაგბე აკლიათ, უმძიმეს ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს უშუალო კონკურენტთან - 19:12.

მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო უპირატესობას მონპელიელები ფლობდნენ, ანგარიში მე-16 წუთზე სტუმრებმა გახსნეს სამხრეთაფრიკელი ცხრა ნომრის, რორი კოკოთის საჯარიმოს წყალობით. "მონპელიემ" ანგარიშის გათანაბრება 30-ე წუთზე შეძლო, თუმცა ტაიმი მაინც წააგო - 3:6.

შესვენების შემდეგ, 57-ე წუთისთვის, კასტრელები ცხრა ქულის სხვაობით დაწინაურდნენ - 12:3. მასპინძლები ამის შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ანგარიშში დაწინაურება 66-ე წუთზე შეძლეს - 13:12. საბოლოოდ კი ბენუა პეილონგმა კიდევ ორჯერ გაიტანა საჯარიმო.

გორგოძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ჟღენტი ძირითად შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს, ნარიაშვილი და ფეიქრიშვილი ტრავმირებულნი არიან.

I დივიზიონი
VII ტური
კლერმონი-სტად ფრანსე 28:25, მონპელიე-კასტრი 19:12, პერპინიანი-მონ დე მარსანი 15:6, გრენობლი-მეტრო რასინგი 27:13, აჟენი-ბორდო 19:15, ტულუზი-ტულონი 32:9, ბიარიცი-ბაიონი 15:16.
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 27 ქულა, 2. ტულონი - 27, 3. ტულუზი - 24, 4. ბიარიცი - 19, 5. გრენობლი - 18, 6. მეტრო რასინგი - 18, 7. მონპელიე - 18, 8. კასტრი - 16, 9. პერპინიანი - 15, 10. აჟენი - 14, 11. სტად ფრანსე - 11, 12. ბაიონი - 11, 13. ბორდო - 10, 14. მონ დე მარსანი - 0.

VIII ტური
კასტრი-კლერმონი, ბიარიცი-ტულონი, გრენობლი-პერპინიანი, ბაიონი-აჟენი, მეტრო რასინგი-მონპელიე, მონ დე მარსანი-სტად ფრანსე, ბორდო-ტულუზი.

* * *

ელიტურ, მეორე დივიზიონში ამ უქმეებზე შესვენება იყო. შეგახსენებთ, რომ აქ ქართველ მორაგბეთა რვა გუნდი ასპარეზობს. ამათგან სამი: "ორიაკი" (ლევან დათუნაშვილი, კარლენ ასეიშვილი და გიორგი ნაცარაშვილი), "ლიონი" (გურამ კავთიძე) და "ტარბი" (გიორგი ჩხაიძე, ირაკლი მირცხულავა, დავით დადუნაშვილი და გიორგი ნემსაძე) მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფენ. გათამაშებას კი დაუმარცხებლად "ოიონაქსი" ლიდერობს.

პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის ალექსანდე თოდუას, ვახტანგ ახობაძის, ვახტანგ მაისურაძის, კახაბერ კობერიძის"ალბი", რომელიც 13 ქულით მე-6 ადგილზეა.

ამავე მიზნის მიღწევის შანსი აქვს დავით ხინჩაგიშვილის, გოდერძი შველიძისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივს", რომელიც "ალბის" ორი ქულით ჩამორჩება.

როგორც ჩანს, დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებენ "მასი" (შალვა სუთიაშვილი, დავით აშვეთია), "ბეზიე" (ბექა შეყლაშვილი) და "დაქსი" (ტარიელ რატიანიძე).

II დივიზიონი
სატურნირო მდგომარეობა
1. ოიონაქსი - 20 ქულა, 2. ორიაკი - 16, 3. ლიონი - 15, 4. ტარბი - 15, 5. პო - 13, 6. ალბი - 13, 7. კარკასონი - 12, 8. ოში - 12, 9. ლა როშელი - 11, 10. ბრივი - 11, 11. ნარბონი - 10, 12. კოლომიე - 10, 13. მასი - 9, 14. ბეზიე - 9, 15. ექსი - 7, 16. დაქსი - 2.

VI ტური
კარკასონი-ოიონაქსი, ექსი-ტარბი, ალბი-ორიაკი, კოლომიე-ლა როშელი, ბრივი-ოში, ბეზიე-პო, დაქსი-მასი, ლიონი-ნარბონი.

* * *
კელტთა ლიგაში მე-5 ტურის მატჩები გაიმართა. საქართველოს ნაკრების მესამეხაზელის, დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგმა" სტუმრად წააგო ერთ-ერთ აუტსაიდერთან, უელსურ "ნიუპორტთან" - 12:32.

შოტლანდიური კლუბისთვის ეს ზედიზედ მეორე მარცხი იყო. თამაში ედინბურგელებმა აქტიურად დაიწყეს და მე-11 წუთისთვის დაწინაურდნენ კიდეც - 7:0. ამის შემდეგ ჩვენებურის გუნდს მეორე ტაიმის 64-ე წუთამდე აღარაფერი შეუმატებია.

მასპინძლებმა კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 32 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილის ფსკერს თავი დააღწიეს. "ედინბურგი" კი 11 ქულით მე-7 ადგილზეა.

დიმიტრი ბასილაია სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო.

კელტთა ლიგა
V ტური
ნიუპორტი-ედინბურგი 32:12, კარდიფი-ალსტერი 19:48, გლაზგო-ზებრე 22:19, ქონოთი-ლენსტერი 34:6, ბენეტონი-ჰლანეჰლი 22:20, ოსფრიზი-მანსტერი 30:15.

სატურნირო ცხრილი

1. ალსტერი - 17 ქულა, 2. ჰლანეჰლი - 16, 3. მანსტერი - 14, 4. გლაზგო - 14, 5. კარდიფი - 14, 6. ლენსტერი - 13, 7. ედინბურგი - 11, 8. ქონოთი - 10, 9. ოსფრიზი - 10, 10. ნიუპორტი - 9, 11. ბენეტონი - 9, 12. ზებრე - 1.

VI ტური
ზებრე-ოსფრიზი, ჰლანეჰლი-ნიუპოტი, ალსტერი-ქონოთი, ედინბურგი-ბენეტონი, კარდიფი-გლაზგო, ლენსტერი-მანსტერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული