ახალი ტურნირების შექმნაზე ევროპული რაგბის მამები დიდი ხანია მუშაობენ და უახლოეს პერიდოში სამოქმედო გეგმსაც გაამჟღავნებენ.
მანამდე კი, ყველაზე პრესტიჟულ "ჰაინეკენის თასის" გათამაშებაში ევროპის 24 გუნდი ჩაებმება, რომლებიც ექვს ჯგუფში არიან განაწილებულნი.
შემდეგ ეტაპზე, ანუ პლეი ოფის ნახევარფინალში ჯგუფებში გამარჯვებულნი და ორი საუკეთესო მეორეადგილოსანნი გავლენ.
ევროპის უპირველესი სათასო ჯილდოსთვის ქართველ მორაგბეთა ხუთი ფრანგული კლუბი, "ტულუზი", "კასტრი", "კლერმონი", "მონპელიე", "ტულონი" და ერთიც შოტლანდიური "ედინბურგი" იბრძოლებს.
A ჯგუფი
დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგი" A ჯგუფში იასპარეზებს. პირველ ტურში მისი მეტოქე ინგლისური "სარასენზი" იქნება. თამაში სკოტური რაგბის მექაში "მერიფილდზე" გაიმართება.
ედინბურგელები კელტთა ლიგაში წარუმატებლად ასპარეზობენ, ისინი 6 ტურის შემდეგ 12 ქულით მე-9 ადგიზლე არიან. მათგან განსხვავებით, "სარასენზი" ბოლო წლებში ინგლისის ერთ-ერთი წამყვანი კლუბია. ეს გუნდი წლეულსაც შესანიშნავად ასპარეზობს და ინგლისის ჩემპიონატში ექვსი ტურის შემდეგ 20 ქულით მეორე ადგილზეა.
სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი დიმიტრი ბასილაია მატჩის განაცხადში არ არის.
ამავე ჯგუფში, ფრანგული "მეტრო რასინგი" შინ მიიღებს ირლანდიურ "მანსტერს".
B ჯგუფი
B ჯგუფში იასპარეზებს ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის "ტულუზი". ჩვენებურთა ეს გუნდი არამარტო ფრანგული, არამედ ევროპული რაგბის გრანდია და ნებისმიერი რანგის ტურნირის ფავორიტია.
ტულუზელები პირველ შეხევდრას შინ გამართავენ ინგლისურ "ლესტერ ტაიგერზთან", რომელშიც წლევანდელი სეზონის წინ ავსტრალიური "მელბურნ რებლზიდან" დაბრუნდა მგეზავი დენი სიპრიანი.
ლესტერელებს ინგლისის ჩემპიონატში, "სარასენზის" მსგავსად 20 ქულა აქვთ და ახლა მესამე ადგილზე არაინ. "ტულუზი" კი საფრანგეთში 28 ქულით მეორეა. თუმცა თავიანთი ქვეყნების ჩემპიონატში მიღწეული შედეგებით განსჯა, ვინ როგორი სიძლიერისაა, პირობითობაა. "ტულუზი" შინაურ კედლებში დაუმარცხებელია და, სავარაუდოდ, ამჯერადაც შეძლებს მეტოქის დამწუხრებას.
კაკოვინი და ბრეგვაძე ტრავმირებულნი არიან და ვერ ითამაშებენ.
ამავე ჯგუფში უელსური "ოსფრიზი" იტალიურ "ბენეტონს" დაუპირისპირდება.
D ჯგუფი
D ჯგუფში პლეი ოფში გასვლისთვის ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი" იბრძოლებს. სხვა "ქართული გუნდებისგან" განსხვავებით, კასტრელებს პირველ ტურში სტუმრად მოუწევთ თამაში ირლანდიურ "ალსტერთან".
ჩვენებურის გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატში პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის, მაშინ, როცა "ალსტერი" "კელტთა ლიგის" ლიდერია.
ანტონ ფეიქრიშვილმა ტრავმა ახლახან მოირჩინა და, როგორც ჩანს, მწვრთნელმა დასვენების საშუალება მისცა.
ამავე ჯგუფში ინგლისური "ნორსჰემპთონი" საკუთარ მოედანზე ეთამაშება შოტლანდიურ გლაზგოს.
E ჯგუფი
საკმაიოდ რთულ ჯგუფში მოხვდა დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი". "ვულკანები" E ჯგუფში პირველ ტურში უელსურ "ჰლანეჰლის" უმასპინძლებენ.
ეს გუნდი "კელტთა ლიგაში" ლიდერ "ალსტერს" ერთი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა.
კლერმონელები საკუთარ მოედანზე წაუგებელი სერიით ევროპის რეკორდსმენები არიან.
სავარაუდოდ, ზირაქა და კომპანია არც ამჯერად დათმობს რამეს. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ "კლერმონმა" სათანადო სპორტული ფორმა ვერაფრით აკრიფა და რაგინდარა გუნდთან მოგება ძალიან უჭირს.
ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაშია, კოლელიშვილი განაცხადში არ არის.
ამავე ჯგუფში "ჰაინეკენის თასის" ამჟამინდელი მფლობელი ირლანდიური "ლენსტერი" შინ ინგლისურ "ექსეტერს" დაუპირისპირდება.
F ჯგუფი
F ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი, დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავას, კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი" და მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" ითამაშებენ.
პირველ ტურში ტულონში სწორედ ეს გუნდები დადგებიან ერთმანეთის პირისპირ.
"მონპელიეს" არგენტინის ნაკრებიდან ექვსივე მოთამშე დაუბრუნდა. ამათგან ოთხი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.
გიორგი ჟღენტი და მამუკა გორგოძე კი სათადარიგოთა შორის იქნებიან, ნარიაშვილი ტრამვირებულია.
საბრძოლო შემადგენლობით აპირებს თამაშს "ტულონი", რომლის მიზანიც წლეულს ოგორც საფანგეთის ჩემპიონატის, ასევე "ჰაინეკენის თასის" მოგებაა.
ინგლისელი ჯონი ვილკინსონი და ფრანგი ფრედერიკ მიშალაკი დუეტში იასპარეზებენ. ქუბრიაშვილი სათადარიგოთა შორისაა, მიქაუტაძე და ჩილაჩავა განაცხადში არ არიან.
I ტური
A ჯგუფი
მეტრო რასინგი-მანსტერი, ედინბურგი-სარასენზი
B ჯგუფი
ოსფრიზი-ბენეტონი, ტულუზი-ლესტერი
C ჯგუფი
ზებრე-კონოთი, ჰარლიქვინზი-ბიარცი
D ჯგუფი
ალსტერი-კასტრი, ნორსჰემპთონი-გლაზგო
E ჯგუფი
ლენსტერი-ექსეტერი, კლერმონი-ჰლანეჰლი
F ჯგუფი
სეილ შარქსი-კარდფი, ტულონი-მონპელიე.
"ემლინ ჩელენჯ კაპი"
"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშება, A ჯგუფის გუნდების მატჩით გაიხსნა. თამაზ მჭედლიძის "მონ დე მარსანმა" შინ მიიღო ინგლსური "გლოსტერი" და 6:11 დამარცხდა.
მჭედლიძემ ტრავმა ახლახან მოიშუშა და მასპინძელთა შემადგენლობაში წლეულს პირველად ითამაშა. ის ძირითად შემადგენლობაში იყო და 39-ე წუთზე შეცვალეს.
ამავე ჯგუფში ფრანგული "ბორდო" შინ მიიღებს ინგლისურ "ლონდონ აირიშს".
"მონ და მარსანის" გარდა "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში კიდევ ერთი "ქართული გუნდი", ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსე" ჩაერთვება.
პარიზელებს პირველ ტურში სტუმრად მოუწევთ თამაში ინგლისურ "ლონდონ ველშთან."
ჟვანია ძირითად შემადგენლობაშია. ამავე ჯგუფში ფრანგული "გენობლი" იტალიურ "პრატოს" უმასპინძლებს.
I ტური
A ჯგუფი
მონ დე მარსანი-გლოსტერი 6:11, ბორდო-ლონდონ აირიში
B ჯგუფი
როვიგო-პერპინიანი, გერნიკა-ვორსტერი,
C ჯგუფი
ბაიონი-მოლიანო, ვოსფსი-ნიუპორტი
D ჯგუფი
ბუქარესტი-ბასი, კალვიზანო-აჟენი
E ჯგუფი
გრენობლი-პრატო, ლონდონ ველში-სტად ფრანსე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"