სამი ქართული ლელო: გორგოძე, ნემსაძე და ნაცარაშვილი

AutoSharing Option
ევროპის სათასო ტურნირებზე პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა. ყველაზე პრესტიჟული, "ჰაინეკენის თასის" გათამაშებაში მოასპარეზე ქართველ მორაგბეთა ექვსი გუნდიდან სამმა მოიგო და ამდენივემ წააგო.

ტურნირის დასაწყისმა გვიჩვენა, რომ ძალთა ბალანსი უცვლელია და ფავორიტები ისევ ის გუნდები არიან, რომლებიც მთავარი ჯილდოსთვის შარშანაც იბრძოდნენ.

A ჯგუფში "ქართული გუნდებიდან" დიმიტრი ბასილაიას შოტლანდიური "ედინბურგი" ასპარეზობს. მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ბრედლიმ გადაწყვიტა, პირველ ტურში ექსპერიმენტული შემადგენლობა დაეყენებინა. სწორედ ამიტომაა, რომ ედინბურგელები შინ ინგლისის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან, "სარასენზთან" მშრალი ანგარიშით დამარცხდნენ - 0:45.

ბასილაია განაცხადში არ იყო. ამავე ჯგუფში
ფრანგულმა "მეტრო რასინგმა" შინ დაამარცხა ირლანდიური "მანსტერი" - 22:17.

B ჯგუფში ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზი" შინ დაუპირისპირდა ინგლისურ "ლესტერ ტაიგერზს" და 23:9 მოუგო. მასპინძლებს პირველ ტაიმში მეტოქის წინააღმდეგობის გატეხვა გაუჭირდათ და მხოლოდ ორი ქულის სხვაობით დაწინაურდნენ - 11:9.

შესვენების შემდეგ კი ტულუზელებმა მატჩის სადავეები ხელთ იპყრეს და ინგლისურ კლუბს მონაგრის გაზრდის საშუალება არ მისცეს.

კაკოვინი და ბრეგვაძე ტრავმირებულნი არიან. ამავე ჯგუფში უელსურმა "ოსფრიზმა" შინ მოუგო იტალიურ "ბენტონს" 38:17.

D ჯგუფში მოასპარეზე ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი" სტუმრად დამარცხდა ირლანდიურ "ალსტერთან" - 17:41. ფრანგული გუნდი თამაშის დასაწყისიდანვე უშანსოდ იყო და მასპინძლებს მათი ძლევა დიდად არ გასჭირვებია. ცნობილია, რომ "კასტრი" სახლის გუნდია და შინაურ კედლებში, სავარაუდოდ, ბევრს გაამწარებს.ფეიქრიშვილი განაცხადში არ იყო.

ამავე ჯგუფში ინგლისურმა "ნორსჰემპთონმა" შინ დაამარცხა შოტლანდიური "გლაზგო" - 24:15.

E ჯგუფში შესანიშნავად ითამაშა დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა". "ვულკანებმა" საკუთარ მოედანზე უელსური "ჰლანეჰლი" მიიღეს და დიდი ანგარიშით, 49:16 სძლიეს. არადა, თითქმის მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ანგარიშში წინ უელსელები იყვნენ.

"კლერმონმა" სხვაობის დაბალანსება 31-ე წუთზე შეძლო. ტაიმის დასრულებამდე ორი წუთით ადრე კი სამი ქულით დაწინაურდა - 16:13.

შესვენების შემდეგ "ჰლანეჰლიმ" მონაგარს მხოლოდ სამი ქულა შესძინა, მაშინ, როცა მასპინძლებმა ხუთი ლელოს გატანა მოახერხეს. ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს. კოლელიშვილს არ უთამაშია.

ამავე ჯგუფში "ჰეინეკენის თასის" ამჟამინდელმა მფლობელმა, ირლანდიურმა "ლენსტერმა" გაჭირვებით მოუგო ინგლისურ "ექსეტერს" - 9:6.

F ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი ასპარეზობს. პირველ ტურში ერთმანეთს სწორედ ისინი დაუპირისპირდნენ. დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონმა" შინ მოუგო მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს" - 37:16.

ტულონელები დასაწყისიდანვე საგრძნობლად დაწინაურდნენ და გადახალისებული
შემადგენლობით მოთამაშე მონპელიელები უშანსოდ დატოვეს. გორგოძე თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო და 14 წუთში ლელო გაიტანა.

თადარიგში იყვნენ ჟღენტი და ქუბრიაშვილიც. პირველი მოედანზე 48-ე წუთიდან გამოჩნდა, მეორე კი 20 წუთის შემდეგ. ნარიაშვილი, მიქაუტაძე და ჩილაჩავა განაცხადში არ იყვნენ.

ამავე ჯგუფში ინგლისურმა "სეილ შარქსმა" შინ უმძიმეს ბრძოლაში მინიმალური სხვაობით დაამარცხა უელსური "კარდიფი" - 34:33.

ჰაინეკენის თასი
A ჯგუფი
მეტრო რასინგი-მანსტერი 22:17, ედინბურგი-სარასენზი 0:45

სატურნირო მდგომარეობა
1. სარასენზი - 5 ქულა, 2. მეტრო რასინგი - 4, 3. მანსტერი - 1, 4. ედინბურგი - 0.

II ტური
სარასენზი-მეტრო რასინგი, მანსტერი-ედინბურგი

B ჯგუფი
ოსფრიზი-ბენეტონი 38:17, ტულუზი-ლესტერი 23:9

სატურნირო მდგომარეობა
1. ოსფრიზი - 5 ქულა, 2. ტულუზი - 4, 3. ლესტერი - 0, 4. ბენეტონი - 0.

II ტური
ბენეტონი-ტულუზი, ლესტერი-ოსფრიზი

C ჯგუფი
ზებრე-ქონოთი 10:19, ჰარლიქვინზი-ბიარიცი 40:13

სატურნირო მდგომარეობა
1. ჰარლიქვინზი - 5 ქულა, 2. ქონოთი - 4, 3. ზებრე - 0, 4. ბიარიცი - 0.

II ტური
ბიარიცი-ზებე, ქონოთი-ჰარლიქვინზი

D ჯგუფი
ალსტერი-კასტრი 41:17, ნორსჰემპთონი-გლაზგო 24:15

სატურნირო მდგომარეობა

1. ალსტერი - 5 ქულა, 2. ნორსჰეპთონი - 5, 3. გლაზგო - 0, 4. კასტრი - 0.

II ტური
გლაზგო-ალსტერი, კასტრი-ნორსჰემპთონი

E ჯგუფი
ლენსტერი-ექსეტერი 9:6, კლერმონი-ჰლანეჰლი 49:16

სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 5 ქულა, 2. ლენსტერი - 4, 3. ექსეტერი - 1, 4. ჰლანეჰლი - 0.

II ტური
ჰლანეჰლი-ლენსტერი, ექსეტერი-კლერმონი

F ჯგუფი
სეილ შარქსი-კარდიფი 34:33, ტულონი-მონპელიე 37:16

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 5 ქულა, 2. სეილ შარქსი - 4, 3. კარდიფი - 1, 4. მონპელიე - 0.

II ტური
კარდიფი-ტულონი, მონპელიე-სეილ შარქსი

* * *
"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშება A ჯგუფის გუნდების მატჩით გაიხსნა. თამაზ მჭედლიძის "მონ დე მარსანმა" შინ მიიღო ინგლისური გლოსტერი და 6:11 დამარცხდა. მჭედლიძემ ტრავმა ახლახან მოიშუშა და მასპინძელთა შემადგენლობაში წლეულს პირველად ითამაშა. ის ძირითად შემადგენლობაში იყო და 39-ე წუთზე შეცვალეს.
ამავე ჯგუფში ფრანგულმა "ბორდომ" შინ მიიღო ინგლისური "ლონდონ აირიში" და 16:43 წააგო.

ამ ტურნირში კიდევ ერთი "ქართული გუნდი" თამაშობს. ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსემ" E ჯგუფში სტუმრად მოუგო დიდი ანგარიშით ინგლისურ "ლონდონ ველშს" - 68:19. პარიზელებმა მეტოქეს ცხრა ლელო გაუტანეს. აქედან ორ-ორი რემი ბონჰფილის, უგო ბონელისა და ვაისეა ნაიაკაველუს ანგარიშზეა.

ჟვანია ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს. ამავე ჯგუფში ფრანგულმა "გენობლმა" შინ დაამარცხა იტალიური "პრატო" - 59:3.

ჩელენჯ კაპი
A ჯგუფი
მონ დე მარსანი-გლოსტერი 6:11, ბორდო-ლონდონ აირიში 16:43.

სატურნირო მდგომარეობა
1. ლონდონ აირიში - 5 ქულა, 2. გლოსტერი - 4, 3. მონ დე მარსანი - 1, 4. ბორდო - 0.

II ტური

გლოსტერი-ბორდო, ლონდონ იარიში-მონ დე მარსანი.

B ჯგუფი
როვიგო-პერპინიანი 12:79, გერნიკა-ვორსტერი 5:85

სატურნირო მდგომარეობა
1. ვორსტერი - 5 ქულა, 2. პერპინიანი - 5, 3. როვიგო - 0, 4. გერნიკა - 0.

II ტური
ვორსტერი-როვიგო, პერპინიანი-გერნიკა.

C ჯგუფი
ბაიონი-მოლიანო 71:7, ვოსფსი-ნიუპორტი 38:25.

სატურნირო მდგომარეობა

1. ბაიონი - 5 ქულა, 2. ვოსფსი - 5, 3. ნიუპორტი - 0, 4. მოლიანო - 0.

II ტური
ნიუპოტი-ბაიონი, მოლიანო-ვოსფსი.

D ჯგუფი
ბუქარესტი-ბასი 17:40, კალვიზანო-აჟენი 31:36.

სატურნირო მდგომარეობა
1. ბასი - 5 ქულა, 2. აჟენი - 5, 3. კალვიზანო - 2, 4. ბუქარესტი - 0.

II ტური
აჟენი-ბასი, ბუქარესტი-კალვიზანო.

E ჯგუფი
გრენობლი-პრატო 59:3, ლონდონ ველში-სტად ფრანსე 19:68.

სატურნირო მდგომარეობა
1. გრენობლი - 5 ქულა, 2. სტად ფრანსე - 5, 3. ლონდონ ველში - 0, 4. პრატო - 0.

II ტური

პრატო-ლონდონ ველში, სტად ფრანსე-გრენობლი.

სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მეშვიდე ტურის შეხვედრები გაიმართა. აქ პლეი ოფში გასვლისთვის ერთბაშად ქართველ მორაგბეთა ხუთი გუნდი იბრძვის. ესენია: "ლიონი", "ორიაკი", "ალბი", "ბრივი" და "ტარბი".

ამ გუნდებიდან საუკეთესო შედეგი გურამ კავთიძის "ლიონს" აქვს, რომელიც 25 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერი ოიონაქსი მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს. ლიონელებმა მე-8 ტურში სტუმრად ითამაშეს ერთ-ერთ აუტსაიდერ "ექსთან" და 25:12 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები 66-ე წუთამდე 12:11-ს იგებდნენ და ლიონელებმა მატჩში გარდატეხის შეტანა დასკვნით 14 წუთში შეძლეს.

კავთიძემ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 55-ე წუთზე შეცვალეს.

"ლიონს" ოთხი ქულით ჩამორჩება და მე-4 ადგილზეა ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასეიშვილის "ორიაკი", რომელმაც შინ დაამარცხა "ნარბონი" - 32:15.

ნაცარაშვილმა, რომელიც 57-ე წუთზე შეცვალეს, რვა წუთით ადრე ლელო გაიტანა; დათუნაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა; ასეიშვილი მოედანზე 48-ე წუთიდან გამოჩნდა.

21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, კახაბერ კობერიძის, ვახტანგ ახობაძისა და გიორგი თეთრაშვილის "ალბი", რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში შინ დაამარცხა გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძის, ირაკლი მირცხულავასა და დავით დადუნაშვილის "ტარბი" - 28:22.

ნემსაძე თამაში 56-ე წუთიდან ჩაერთო და სამ წუთში ლელო გაიტანა, დადუნაშვილი 34-ე წუთზე არბიტრმა სინბინში გაუშვა და 56-ე წუთზე შეცვალეს; იმავდროულად მოედანზე გამოჩნდა მირცხულავაც; თოდუა "ალბის" ძირითად შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს; მაისურაძე თამაშში ოთხი წუთის შემდეგ ჩაერთო. ჩხაიძე, კობერიძე, ახობაძე და თეთრაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

"ტარბს" 20 ქულა დაუგროვდა და ახლა მე-7 ადგილზეა. ამდენივე ქულა აქვს და ერთი საფეხურით წინაა დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივი", რომელმაც მე-7 ტურში შინ სძლია შალვა სუთიაშვილისა და დავით აშვეთიას "მასის" - 30:3.

ხინჩაგიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე შველიძემ შეცვალა, სუთიაშვილი თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო, აშვეთიას და ნატრიაშვილს არ უთამაშიათ.

ბექა შეყლაშვილის "ბეზიე" სტუმრად დამარცხდა "ოშთან" - 21:40. შეყლაშვილმა სრულად ითამაშა. ასევე სტუმრად წააგო "ოიონაქსთან" ტარიელ რატიანიძის "დაქსმა" -26:46. შერკინების ქართველი ბურჯი განაცხადში არ იყო.

II დივიზიონი

VII ტური

ოში-ბეზიე 40:21, ალბი-ტარბი 28:22, ბრივი-მასი 30:3, პო-კოლომიე 30:3, ორიაკი-ნარბონი 32:15, ექსი-ლიონი 12:25, ლა როშელი-კარკასონი 24:22, ოიონაქსი-დაქსი 46:26.

სატურნირო მდგომარეობა
1. ოიონაქსი - 26 ქულა, 2. ლიონი - 25, 3. პო - 22, 4. ორიაკი - 21, 5. ალბი - 21, 6. ბრივი - 20, 7. ტარბი - 20, 8. ლა როშელი - 19, 9. ოში - 18, 10. კარკასონი - 17, 11. კოლომიე - 11, 12. ნარბონი - 10, 13. ბეზიე - 10, 14. მასი - 9, 15. ექსი - 8, 16. დაქსი - 7.

VIII ტური
ორიაკი-ლა როშელი, ბეზიე-ალბი, დაქსი-პო, კოლომიე-ექსი, ტარბი-ბრივი, ნარბონი-კარკასონი, მასი-ოიონაქსი, ოში-ლიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ბიჭებო
maro
12:15 16-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული