გიორგი ჩხაიძე: ნოემბერში "ბორჯღალოსნებს" რთული ბრძოლების გადატანა მოუწევს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძე თბილისის "ლელოს" აღზრდილია.

2003 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში მან 21 წლის ასაკში იასპარეზა და მას შემდეგ კიდევ ორჯერ ითამაშა მსოფლიოს უდიდეს სარაგბო ფორუმზე.

ამასთან ერთად, გიორგის კარგი შანსი აქვს, 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაშიც იასპარეზოს, რაც მის კარიერაში მეოთხედ იქნება.

"ბინგო", როგორც მას მეგობრები ეძახიან, საფრანგეთში უკვე ათი წელიწადია, თამაშობს. ის სხვადასხვა დროს იცავდა "მეტრო რასინგის", "მასის", "მონპელიესა" და "სენ ჟუნიენის" ღირსებას.

წლევანდელი სეზონის წინ კი საფანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მოასპარეზე "ტარბის" შემადგენლობაში
ჩაირიცხა.

ტარბელებმა წლევანდელი სეზონი კარგად დაიწყეს და ამჟამად ლიდერთა შორის, საპლეიოფო ზონაში იმყოფებიან. საკლუბო კარიერისა და მომავლის გეგმებზე სასაუბროდ გიორგი ჩხაიძეს საფრანგეთში დავუკავშირდით.

- წლევანდელი სეზონის დაწყების წინ რამდენიმე გუნდს სურდა თქვენი მიწვევა. "ტარბში" როგორ აღმოჩნდით?
- ეს საკმაოდ რთული პროცესი იყო. თავდაპირველად "მასისთან" მქონდა მოლაპარაკება. ამ კლუბში ქართველი მწვრთნელი ვიქტორ დიდებულიძე მუშაობს. შეთანხმება თითქმის მიღწეული გვქონდა.

სანამ ნაკრებთან ერთად აშშ-სა და კანადაში გავემგზავრებოდი, "ტარბის" მწვრთნელი ტელეფონით დამიკავშირდა.

ვინც ჩემს პოზიციაზე თამაშობდა, იმის გუნდში დატოვება არ უნდოდა და შენ მჭირდებიო.

ძალიან კარგი, მაცდური წინადადება იყო, ოღონდ ერთი პრობლემა ის იყო, რომ "მასისთან" შეთანხმება უნდა დამერღვია. ცუდად გამომდიოდა, მაგრამ რა მექნა, ეს სპორტია და ადამიანმა ყველაფერი უნდა გაითვალისწინო.

- იმედია, "მასის" ხელმძღვანელები გაგებით მოეკიდნენ თ
ქვენს გადაწყვეტილებას...
- დიახ, გაგებით მოეკიდნენ, თუმცა ვიქტორი მაინც ნაწყენი დარჩა. არადა, რა უნდა მექნა? "ტარბი" ტრადიციული, უძველესი გუნდია. დიდი ხანია, ელიტურ, მეორე დივიზიონში სტაბილურად ასპარეზობს.

"მასი" კი ამავე დივიზიონში წელს გადმოვიდა და, წესით, ადგილის შენარჩუნებისთვის უნდა იბრძოლოს.

თანაც, დასაწყისში გარკვეული ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ერთი სიტყვით, მივიჩნიე, რომ სტაბილურ გუნდში ჯობდა თამაში. კონტრაქტი "ტარბთან" ორწლიანი მაქვს და მერე ვნახოთ.

- სეზონი გუნდმა შესანიშნავად დაიწყო. წლეულს ჩემპიონატში რა მიზნები გაქვთ დასახული?
- ასეთ დასაწყისს ჩვენი მწვრთნელიც არ ელოდა. თავიდანვე ლიდერებში დავიკავეთ ადგილი. ყველაფერს ჩვენი მონდომებით და დიდი ძალისხმევით ვაღწევთ.

ვნახოთ, სანამდე გვეყოფა ძალა. ისე, სანამ ჩემპიონატი დაიწყებოდა, მიზნად პირველ ექვსეულში მოხვედრა დაგვისახეს. ელიტა-ერთში გადასვლა გაგვიჭირდება, რადგან სათანადო დონის მორაგბეები არ გვყავს. ისე კი, ძალიან კარგი, მეგობრული გუნდია და ერთმანეთის გვერდით დგომით გავდივართ ფონს.

- "ტარბის" მწვრთნელი პიერ ბრონკანია. ის ანრი ბრონკანის შვილია, რომელიც ამჟამად "ალბის" წვრთნის და ქართველ მორაგბეებთან კარგი ურთიერთობით გამოირჩევა. მამა ბრონკანი 2007 წელს გამართულ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრ
ების კონსულტანტიც იყო...
- ანრი ბრონკანს მართლაც ბევრ ქართველ მორაგბესთან უმუშავია. ძალიან კარგი სპეციალისტია. პიერიც მამის კვალს ადგას. "ტარბში" ოთხი ქართველი ვართ და როცა გუნდში გვიწვევდა, გვეუბნებოდა, ქართველები გუნდში იმიტომ მჭირდებით, რომ აგრესიული, ბოლომდე გულიანად თამაში იცითო.

- "ტარბში" მოთამაშე ქართველები ახსენეთ და ხომ ვერ გვიამბობთ, როგორ ასპარეზობენ ისინი?
- შერკინების პირველხაზელი დავით დადუნაშვილი კარგ ფორმაშია. თითქმის ყველა მატჩის შემდეგ საუკეთესოებს შორის ხვდება. მისი პროგრესი აშკარაა და მწვრთნელები კმაყოფილნი არიან.

გიორგი ნემსაძეს სულ უფრო მეტად უწევს მეორე ხაზში თამაში, ერთი კვირის წინათ ლელოც გაიტანა.

ირაკლი მირცხულავა ასევე პირველხაზელია. ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, თუმცა თამაში მასაც ხშირად უწევს.

საერთოდ, სეზონის წინ პიერ ბრონკანმა გვითხრა, თქვენს შორის ვარსკვლავი არავინაა. ასეთები რომ იყოთ, მაშინ "ტულუზში" ან "ტულონში" ითამაშებდითო. ამიტომ "ტარბისთვის" ყველა საჭირონი ხართ და თამაში ყველას მოგიწევთო.

- ფრანგულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ტარბის" კაპიტნად თქვენ დაგნიშნეს...
- არა, კაპიტანი ანრი კოდიუა. ის რამდენიმე კვირის წინ დაშავდა, რის შემდეგაც კაპიტნის ფუნქციის შესრულება მწვრთნელებმა მე დამავალეს. კოდიუ როგორც კი გამოჯანმრთელდება, ისევ კაპიტანი იქნება.

- მაინც რა დონის კლუბია "ტარბი"? როგორია მისი ინფრასტრუქტურა, ფინანსური შესაძლებლობები?
- "ტარბის" ბიუჯეტის შესახებ ზუსტად არაფერი ვიცი, თუმცა ის კია ცნობილი, რომ ბოლო ორ თვეში კლუბის სპონსორების რიცხვი ოთხმოციდან ასოცდათხუთმეტამდე გაიზარდა. ამ რეგიონში, რომელსაც მიდი პირინე ჰქვია, რაგბი სპორტის ნომერ პირველი სახეობაა.

ყველგან სარაგბო სტადიონებია. ბასკებიც აქვე, გვერდით არიან. ერთი სიტყვით, რაგბი ძალიან პოპულარულია და როცა ხალხმა დაინახა, რომ გუნდი აღმასვლას განიცდის, დახმარებაც გაიზარდა. მაყურებელსაც გული მოუბრუნდა. ერთი კია, "ტარბის" ბაზა დიდი ხნის წინათაა აშენებული და განახლებაა საჭირო. გვპირდებიან, რომ მომავალ წელს ძალოსნობის ახალ კომპლექსს აგვიშენებენ.

- ახლახან საქართველოს ნაკრების მწვრთნელი მილტონ ჰეიგი და მენეჯერი ვასილ აბაშიძე საფრანგეთში "რევიზიაზე" იმყოფებო
დნენ. ისინი თქვენც შეგხვდნენ. თუ საიდუმლო არ არის, რაზე ისაუბრეთ?
- ნოემბრის ტესტებზე იაპონიისა და ფიჯის ნაკრებებთან მატჩებისთვის მზადების თაობაზე ვილაპარაკეთ.

სანამ საქართველოში ჩამოვალთ, უნდათ, ტულუზში მოკლევადიანი საწვრთნელი შეკრება გამართონ. ამასთან ერთად, ბევრი ვილაპარაკეთ სამომავლო გეგმებზე, ნაკრების სათამაშო სტილსა და ტაქტიკაზე. ჰეიგი და აბაშიძე ტარბს შუა კვირაში ეწვივნენ და ჩვენი თამაშის ნახვის საშუალება არ მიეცათ.

- იაპონიისა და ფიჯის ნაკრებებთან მატჩების მნიშვნელობას როგორ შეაფასებთ?
- ძალიან კარგია, ასეთი დონის გუნდებს რომ ვეთამაშებით. მიხარია, ერთა თასის გუნდების გარდა, სხვებთანაც რომ გვიწევს თამაში. ვერ ვიტყვი, რომ ერთა თასზე სუსტი გუნდებია, თუმცა ფიჯისა და იაპონიის ნაკრებები მათზე ძლიერები არიან. ამიტომ ძალიან რთული ბრძოლების გადატანა მოგვიწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული