შეგახსენებთ, რომ "სტად ფრანსე" საფრანგეთის უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია.
ეს კლუბი ბოლო სამი წელიწადია, კრიზისში იმყოფებოდა, რამაც პრეზიდენტისა და სხვა ხელმძღვანელი პირების შეცვლა გამოიწვია.
ამჟამად პარიზელები ოდინდელი დიდების დაბრუნებას ცდილობენ. უნდათ, რომ ამაში წვლილი ქართველმა მორაგბეებმაც შეიტანონ.
ზურაბ ჟვანია ფოთის სარაგბო სკოლის აღზრდილია. საქართველოს ჭაბუკთა ლიგის გათამაშებაში ფოთის "რაინდების" შემადგენლობაში ასპარეზობდა.
მერე ქუთაისის "აიაში" ორი წელიწადი
აქვსენტი უკვე საქმეშია
საქართველოს ნაკრების ყოფილი პირველხაზელი აქვსენტი გიორგაძე ამჟამად "ტულუზის" სარაგბო აკადემიაში მუშაობს.
ახლახან "ლელოსთან" ინტერვიუში მან თქვა, რომ საფრანგეთის ნაკრებში შერკინების კვაჭების მწვრთნელადაა მიწვეული. "ლე ბლო" ნოემბერში შეიკრიბება და ტესტებზე ოთხ შეხვედრას გამართავს.
მანამდე კი "გლობუსას" "ხელობის" გამოყენება სხვა ფრანგულ კლუბებსაც მოუნდომებიათ. აქვსენტი ახლახან ელიტური, მეორე დივიზიონის "ლა როშელში" იმყოფებოდა, სადაც ამ კლუბის შერკინების კვაჭებს ტრენინგები ჩაუტარა.
აი, რას ამბობს "ლა როშელის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კომუნიკეში გუნდის მთავარი მწვრთნელი პატრის კოლიასო:
"საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი იანიკ ბრუ ჩემი თანაგუნდელი იყო. ჩვენ ერთად ვთამაშობდით "ტულუზში".
მისი რეკომენდაციით, კლუბში მოვიწვიეთ ქართველი სპეციალისტი აქვსენტი გიორგაძე, რომელიც ბოლო წლებში ფრანგული გრანდების - "კასტრისა" და "ტულუზის" ღირსებას იცავდა.
მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და ძალზედ საინტერესო მეთოდი შეუმუშავებია, რომელიც შერკინების კვაჭების დერეფანში ბურთის ზუსტად აგდებას და სხვა სათამაშო ნიუანსების დახვეწას ეხება.
ასეთი პრაქტიკა არსებობს ბევრ ანგლოსაქსურ ქვეყანაში. იანიკ ბრუ და აქვსენტი გიორგაძე მაღალი დონის სპეციალისტები, კომპეტენტური ადამიანები არიან. მათ სრულიად ვენდობი. მეტიც, აქვსენტი ნოემბრის ტესტებზე საფრანგეთის ნაკრებთანაც იმუშავებს.
ამასთან ერთად, მას დავალებული აქვს, იმ კლუბებს დაეხმაროს, რომლებშიც საფრანგეთის ეროვნული გუნდის კანდიდატები ასპარეზობენ.
წვრთნები ძალიან საინტერესო გამოდგა მოთამაშეებისთვის. აქვსენტის შემუშავებული აქვს სპეციფიკური ვარჯიშები, რომლებიც შერკინების კვაჭების უნარ-ჩვევებს აუმჯობესებს. ყოველივეს ვიდეოფირზე ვიღებდით, რომლის შემდეგაც გიორგაძემ დეტალური ანალიზი გააკეთა და თითოეულ მოთამაშეს ხარვეზებზე მიუთითა.
აღსანიშნავია, რომ ვარჯიშმა დღის პირველი ნახევარი მთლიანად წაიღო, თუმცა პროცესი იმდენად საინტერესო იყო, რომ დრო ძალზედ სწრაფად გავიდა. მორაგბეებს ძალიან მოეწონათ აქვსენტის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგია.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ წვრთნა უნდა ტარდებოდეს შესაბამის პირობებში და მას ისეთი ადამიანი უნდა უძღვებოდეს, რომელსაც პატივს სცემთ და აფასებთ.
საგულისხმოა, რომ შერკინების კვაჭის უნარ-ჩვევების ათვისება საკმაოდ რთული გამოდგა. ამიტომ ვარჯიში რეგულარულადაა საჭირო.
ეს არის საშინაო დავალება, რომელიც მუდამ უნდა გაიმეორო, რაც შედეგს ხანგრძლივ პერსპექტივაში მოიტანს. ამ ტრენინგებმა გვაჩვენა, რომ მოთამაშეებს ძალიან ბევრი შრომა მართებთ, რათა ინდივიდუალური მონაცემები გაიუმჯობესონ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
აქვსენტი გიორგაძე საფრანგეთის ნაკრებში მწვრთნელად იმუშავებს