მიუხედავად ამისა, ყველა ლიდერმა გამარჯვება მოიპოვა და პოზიციები კიდევ უფრო განიმტკიცა.
სასიხარულოა, რომ სატურნირო ცხრილში პირველი ხუთი ადგილი ქართველ მორაგბეთა გუნდებს უკავიათ.
გათამაშების ლიდერმა დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონმა" ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსეს" უმასპინძლა და 24:19 დაამარცხა.
ტულონელებს პარიზელების ძლევა საკმაოდ გაუჭირდათ. ბერნარ ლაპორტმა სათამაშოდ ოდნავ გადახალისებული შემადგენლობა გაიყვანა.
სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ დავით ქუბრიაშვილი, დელონ არმითიჯი, სტეფონ არმითიჯი, საიმონ შოუ და ჯო ფან ნიკერკი.
ქართველ მორაგბეებს თამაშში მონაწილეობა არ მიუღიათ.
"ტულონი" ახლა 41 ქულით პირველ ადგილზეა. მას ხუთი ქულით ჩამორჩება დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი", რომელმაც სტუმრად ასევე უმძიმეს მატჩში მოუგო ბოლოსწინა, მე-13 ადგილზე მყოფ "აჟენს" - 18:11.
აღსანიშნავია, რომ "ვულკანებმა", სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, პირველ ტაიმში მხოლოდ სამი ქულის აღება შეძლეს - 3:0. ასე დამთავრდა მატჩის პირველი ნახევარი.
შესვენების შემდეგ სტუმრები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და მასპინძლებს სამი ლელო გაუტანეს, რაზეც "აჟენმა" მხოლოდ ერთით უპასუხა. კოლელიშვილი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო.
ერთ-ერთ ეპიზოდში რაკში თამაშისას, მან მეტოქეს სრულიად უწყინარ სიტუაციაში მუშტი უთავაზა.
არბიტრმა ეს ვერ შენიშნა, თუმცა ვიდეოფირზე დაყრდნობით მატჩის კომისარი მოხსენებაში ამ ფაქტს აუცილებლად ჩაწერს და გამორიცხული არ არის, საქართველოს ნაკრების მესამეხაზელს დისკვალიფიკაცია მისცენ. ზირაქაშვილი ამჯერად განაცხადში არ იყო.
მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ" შინ აუტსაიდერი "მონ დე მარსანი" დაამარცხა - 32:16. სტუმრებმა პირველ ტაიმში მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა მონპელიელებმა შესვენებამდე ცხრა ქულით დაწინაურება მაინც მოახერხეს.
მეორე ტაიმში მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და ჯამში მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს.
გორგოძე 53-ე წუთზე შეცვალეს, ნარიაშვილი თამაშში 73-ე წუთიდან ჩაერთო და ექვს წუთში არბიტრმა სინბინში გაუშვა. ჟღენტი განაცხადში არ იყო.
ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს", რომელიც 28 ქულით მეხუთე ადგილზეა, უმძიმესი ბრძოლა გადახდა შინ უშუალო კონკურენტ "პერპინიანთან" - 38:36. პირველი ტაიმი მასპინძლებმა შვიდი ქულის სხვაობით, 23:16 მოიგეს, თუმცა პერპინიანელებმა შესვენების შემდეგ მალევე შეძლეს ანგარიშის გაქვითვა - 23:23.
ამის შემდეგ თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა და 79-ე წუთისთვის სტუმრები 36:35-ს იგებდნენ. სწორედ ამ დროს "კასტრის" ცხრა ნომერმა რორი კოქოთმა საჯარიმო დარტყმით თავისიანებს გამარჯვება მოუტანა. ეს მორაგბე გუნდში ყველაზე შედეგიანი გამოდგა, მის ანგარიშზე 25 ქულაა (ერთი ლელო, ერთი გარდასახვა და ექვსი საჯარიმო).
ფეიქრიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 47-ე წუთზე შეცვალეს.
ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის "ტულუზმა" შინ დაამარცხა პარიზული "მეტრო რასინგი" - 32:13. კაკოვინმა ტრავმა მოირჩინა და ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. ის 45-ე წუთზე შეცვალეს, ბრეგვაძე განაცხადში არ იყო.
X ტური
გრენობლი-ბიარიცი 34:21, კასტრი-პერპინიანი 38:36, აჟენი-კლერმონი 11:18, ტულონი-სტად ფრანსე 24:19, ბაიონი-ბორდო 22:11, მონპელიე-მონ დე მარსანი 32:16, ტულუზი-მეტრო რასინგი 32:13
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 41 ქულა, 2. კლერმონი - 36, 3. ტულუზი - 34, 4. მონპელიე - 32, 5. კასტრი - 28, 6. გრენობლი - 26, 7. პერპინიანი - 21, 8. მეტრო რასინგი - 20, 9. ბიარიცი - 20, 10. სტად ფრანსე - 20, 11. ბაიონი - 19, 12. ბორდო - 15, 13. აჟენი - 15, 14. მონ დე მარსანი - 2.
XI ტური
ტულუზი-მონპელიე, კლერმონი-ტულონი, მეტრო რასინგი-მონ დე მარსანი, სტად ფრანსე-აჟენი, გრენობლი-ბაიონი, ბორდო-კასტრი, ბიარიცი-პერპინიანი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"