საფრანგეთში "ქართული გუნდები" პოზიციებს თმობენ

AutoSharing Option
მაშინ, როცა მთელი სარაგბო ევროპა ნოემბრის ტესტებით ცხოვრობს, საფრანგეთის ელიტურ, მეორე და ფედერალ 1 დივიზიონებში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა.

მეორე დივიზიონში ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან, "ბრივის" გარდა, ყველამ დათმო პოზიციები. ანალოგიური მდგომარეობაა ფედერალ 1 დივიზიონშიც.

გოდერძი შველიძის, ირაკლი ნატრიაშვილისა და დავით ხინჩაგიშვილის "ბრივმა" მე-11 ტურში შინ დაამარცხა "კოლომიე" - 33:12.

მასპინძლები უპირატესობას დასაწყისშივე დაეუფლნენ და მატჩის სადავეები ხელიდან ბოლომდე არ გაუშვიათ. ამ გამარჯვების შემდეგ "ბრივი" 34 ქულით მეორე ადგილზე დამკვიდრდა და ლიდერ "ოიონაქსს" ათი ქულით ჩამორჩება.

შველიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და
56-ე წუთზე შეცვალეს, ხინჩაგიშვილი და ნატრიაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოდიოდნენ.

გათამაშების ლიდერმა "ოიონაქსმა" სტუმრად უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა გურამ კავთიძის "ლიონი" - 33:31. პირველი ტაიმი ჩვენებურის გუნდმა მინიმალური სხვაობით, 14:13 მოიგო.

შესვენების შემდეგ ლიონელთა უპირატესობა თანდათან იზრდებოდა და 48-ე წუთისთვის უკვე 11 ქულით დაწინაურდნენ - 24:13. სტუმრებმა მაინც შეძლეს ძალების მობილიზება, მატჩის დასკვნითი 15 წუთი შესანიშნავად ჩაატარეს და მეტოქეს გამარჯვება თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე გამოგლიჯეს ხელიდან.

"ლიონს" ახლა 32 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა. კავთიძე სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 77-ე წუთიდან ჩაერთო.

ლიონელებს ერთი ქულით უსწრებს და მეხუთე ადგილზეა დავით დადუნაშვილის, გიორგი ნემსაძის, გიორგი ჩხაიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბი", რომელმაც სტუმრად შეძლო ურთულეს ბრძოლაში "ოშის" დამარცხება - 17:16.

თამაში იმდენად დაძაბულ და უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა, რომ მატჩის არბიტრმა სამ მორაგბეს წითელი ბარათი უჩვენა. ამათგან ორი ტარბელი იყო.

დადუნაშვილი მოედანზე 48-ე წუთიდან გამოჩნდა, ნემსაძე საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული, ჩხაიძე ტრავმირებულია, მირცხულავა განაცხადში არ იყო.

"ტარბს" ოთხი ქულით ჩამორჩება და მე-7 ადგილზეა ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკი", რომელმაც სტუმრად წააგო "პოსთან" - 11:22.

ასეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს. მასზე 22 წუთით მეტი ითამაშა ნაცარაშვილმა. დათუნაშვილი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იაპონიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.

კახაბერ კობერიძის, ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, ვახტანგ ახობაძისა და გიორგი თეთრაშვილის "ალბიმ" სტუმრად წააგო "ნარბონთან" - 15:18. კობერიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 43-ე წუთზე შეცვალეს, მაისურაძემ და თოდუამ "ბორჯღალოსნების" რიგებში ითამაშეს, ახობაძე და თეთრაძე განაცხადში არ იყვნენ.

შალვა სუთიაშვილისა და დავით აშვეთიას "მასი" შინ დამარცხდა მესამეადგილოსან "ლა როშელთან" - 15:19 და ახლა 11 ქულით ბოლო ადგილზეა. აშვეთიამ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 51-ე წუთზე შეცვალეს, სუთიაშვილი ჩვენს ეროვნულ ნაკრებში გაისარჯა.

პარიზელებს ოთხი ქულით უსწრებს და ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა ბექა შეყლაშვილის "ბეზიე", რომელმაც შინ წააგო "კარკასონთან" - 10:14. შეყლაშვილი განაცხადში არ იყო.

II დივიზიონი
XI ტური
ბრივი-კოლომიე 33:12, ოში-ტარბი 16:17, მასი-ლა როშელი 15:19, ექსი-დაქსი 28:19, ბეზიე-კარკასონი 10:14, ნარბონი-ალბი 18:15, ლიონი-ოიონაქსი 31:33, პო-ორიაკი 22:11.
სატურნირო მდგომარეობა
1. ოიონაქსი - 44 ქულა, 2. ბრივი - 34, 3. ლა როშელი - 33, 4. პო - 33, 5. ტარბი - 33, 6. ლიონი - 32, 7. ორიაკი - 29, 8. კარკასონი - 29, 9. ალბი - 27, 10. ოში - 25, 11. ნარბონი - 19, 12. კოლომიე - 19. 13. დაქსი - 16, 14. ექსი - 16, 15. ბეზიე - 15, 16. მასი - 11.

XII ტური
ლა როშელი-პო, დაქსი-ტარბი, კოლომიე-ბეზიე, ალბი-ექსი, ოში-ნარბონი, ოიონაქსი-ბრივი, მასი-ლიონი, კარკასონი-ორიაკი.

* * *

ფედერალ 1 დივიზიონის A ჯგუფში მოასპარეზე ქართველ მორაგბეთა ექვსი გუნდიდან საუკეთესო შედეგი შოთა მელიქიძისა და ავთანდილ კოპალიანის "მაკონს" აქვს, რომელიც 23 ქულით მესამე ადგილზეა.

ჩვენებურთა გუნდმა სტუმრად წააგო მეორეადგილოსან "ლილთან" - 21:43. მელიქიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს. იქამდე კი, 48-ე წუთზე არბიტრმა სინბინში გაუშვა. კოპალიანი განაცხადში არ იყო.

"მაკონს" ორი ქულით ჩამორჩება და მე-4 ადგილზეა ზერო პეტრიაშვილის "ვიენი", რომელმაც სტუმრად წააგო ჯგუფის ლიდერ "ბურგ ან ბრესთან" - 15:35. პეტრიაშვილი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო.

ელიზბარ ყუფარაძისა და რეზო გიგაურის "მონლუსონმა" შინ დაამარცხა გიორგი ჯაშიტაშვილის "შალონი" - 24:16. ჯაშიტაშვილი 41-ე წუთზე შეცვალეს, ყუფარაძე მოედანზე 58-ე წუთიდან გამოჩნდა, გიგაური საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული.

გიორგი გაბელიას "სენტ ეტიენმა" შინ მოუგო "ბობინის" და ახლა 15 ქულით მე-8 ადგილზეა. გაბელია განაცხადში არ იყო. ჯგუფის აუტსაიდერმა, გიორგი სულუაშვილის "სტრასბურმა" მორიგი მარცხი იგემა სტუმრად "დიჟონთან" - 16:40.

A ჯგუფი
ბურგ ან ბრესი-ვიენი 35:15, დიჟონი-სტრასბური 40:16, სენტ ეტიენი-ბობინი 22:16, მონლუსონი-შალონი 24:16, ლილი-მაკონი 43:21.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბურგ ან ბრესი - 32 ქულა, 2. ლილი - 31, 3. მაკონი - 23, 4. ვიენი - 21, 5. დიჟონი - 19, 6. შალონი - 16, 7. ბობინი - 15, 8. სენტ ეტიენი - 15, 9. მონლუსონი - 11, 10. სტრასბური - 1.

IX ტური
ბობინი-ბურგ ან ბრესი, ვიენი-დიჟონი, სტრასბური-მონლუსონი, შალონი-ლილი, მაკონი-სენტ ეტიენი.

* * *

B ჯგუფში ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან საუკეთესო მაჩვენებელი ბექა ურჯუკაშვილისა და თენგიზ გელანტიას "ობენას" აქვს. ჩვენებურთა ამ გუნდმა შინ დაამარცხა ირაკლი ნინიძის "რომანი" - 12:11.

ურჯუკაშვილმა სრულად ითამაშა, ნინიძე მოედანზე 54-ე წუთიდან გამოჩნდა, გელანტია განაცხადში არ იყო.

სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურებზე იმყოფებიან დავით კაჭარავას "როდეზი" და გიორგი კუთარაშვილის "შატორენარი". "როდეზმა" შინ წააგო "ვალანს დაჟენთან" - 12:30, ხოლო შატორენარელებმა სტუმრად ვერაფერი გააწყვეს "ბლანიაკთან" - 3:35. კაჭარავამ ეროვნულ ნაკრებში ითამაშა, კუთარაშვილი განაცხადში არ იყო.

B ჯგუფი
როდეზი-ვალანს დაჟენი 12:30, ბლანიაკი-შატორენარი 35:3, ობენა-რომანი 12:11, ლავორი-ბურგუენი 17:23, აგდი-ლა სეინი 19:15.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბურგუენი - 33 ქულა, 2. ვალანს დაჟენი - 22, 3. აგდი - 22, 4. ლავორი - 18, 5. ობენა - 17, 6. ლა სეინი - 17, 7. ბლანიაკი - 17, 8. რომანი - 16, 9. როდეზი - 15, 10. შატორენარი - 14.

IX ტური
ვალანს დაჟენი-ბლანიაკი, შატორენარი-ობენა, რომანი-აგდი, ბურგუენი-როდეზი, ლა სეინი-ლავორი.

* * *

C ჯგუფში პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვიან თედო ზიბზიბაძის "პერიგო" და ბაჩუკი გუჯარაიძისა და შოთა ცხოვრებაშვილის "სენ ნაზერი". პერიგოელებმა სტუმრად მინიმალური სხვაობით დაამარცხეს "სენ ჟან დე ლუზი" - 22:21. ზიბზიბაძემ "ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში ითამაშა.

"სენ ნაზერმა" კი შინ მოუგო "ვანს" - 38:18. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ. ნიკოლოზ მაღალდაძის "მარმანდი" სტუმრად ვერას გახდა ჯგუფის ლიდერ "ტიროსთან" - 6:37.

C ჯგუფი
სენ ჟან დე ლუზი-პერიგო 21:22, ლანჟონი-ნუარი 30:6, სენ ნაზერი-ვანი 38:18, ტიროსი-მარმანდი 37:6, სენ ჟან დანჟელი-აგეტმო 21:15.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 36 ქულა, 2. სენ ნაზერი - 33, 3. პერიგო - 25, 4. ლანჟონი - 21, 5. სენ ჟან დე ლუზი - 20, 6. ვანი - 18, 7. სენ ჟან დე ლუზი - 14, 8. მარმანდი - 11, 9. აგეტმო - 9, 10. ნუარი - 6.

IX ტური
პერიგო-ლანჟონი, ნუარი-სენ ნაზერი, ვანი-სენ ჟან დანჟელი, მარმანდი-სენ ჟან დე ლუზი, აგეტმო-ტიროსი.

* * *

D ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი ასპარეზობს და მერვე ტურში ერთმანეთს სწორედ ისინი დაუპირისპირდნენ.

ლაშა მალაღურაძისა და სიმონ მაისურაძის "ბაგნერემ" შინ მოუგო მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის "სენ ჟუნიენს" - 21:3. მალაღურაძემ, რომელიც 72-ე წუთზე შეცვალეს, სამი საჯარიმო და ერთი გარდასახვა გაიტანა (11 ქულა), მაისურაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს.

D ჯგუფი
მონტობანი-ლანამეზანი 51:0, ლიმოჟი-ოლორონი 34:23, სენ მედარი-ლურდი 15:9, კასტანე-ნევერი 19:19, ბაგნერე-სენ ჟუნიენი 21:3.
სატურნირო მდგომარეობა
1. მონტობანი - 32 ქულა, 2. ლიმოჟი - 23, 3. ნევერი - 21, 4. ოლორონი - 20, 5. კასტანე - 20, 6. ლურდი - 18, 7. ბაგნერე - 15, 8. ლანამეზანი - 14, 9. სენ მედარი - 14, 10. სენ ჟუნიენი - 10.

IX ტური
ოლორონი-მონტობანი, ლანამეზანი-კასტანე, ლურდი-ლიმოჟი, ნევერი-ბაგნერე, სენ ჟუნიენი-სენ მედარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული