ლეგიონერები: ირაკლი ჩომახაშვილის ლელო და გიორგი კუთარაშვილის წითელი

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში მეცხრე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან პლეი ოფში გასვლის შანსს სხვადასხვა ჯგუფში ერთბაშად რვა ინარჩუნებს.

A ჯგუფში პირველი წრის დასრულების შემდეგ ექვსი "ქართული გუნდიდან" საუკეთესო მაჩვენებელი ორს, "მაკონსა" და "ვიენს" აქვს.

ისინი, შესაბამისად, მესამე და მეოთხე ადგილებზე არიან და უახლოეს მდევრებს საკმაოდ დიდი სხვაობით უსწრებენ.

შოთა მელიქიძისა და ავთანდილ კოპალიანის "მაკონი", რომელიც 28 ქულით მესამე ადგილზეა, შინ ეთამაშა გიორგი გაბელიას "სენტ ეტიენს" და 29:15 მოუგო.

გაბელია სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 50-ე წუთიდან
ჩაერთო, მელიქიძე მოედანზე მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე გამოჩნდა, კოპალიანი განაცხადში არ იყო.

"მაკონს" სამი ქულით ჩამორჩება ზერო პეტრიაშვილის "ვიენი", რომელმაც მეცხრე ტურში შინ დაამარცხა უშუალო კონკურენტი "დიჟონი" - 26:18. პეტრიაშვილს არ უთამაშია.

ერთი ქულით კვლავ ბოლო ადგილზეა გიორგი სულუაშვილის "სტრასბური", რომელმაც შინ წააგო ელიზბარ ყუფარაძისა და რეზო გიგაურის "მონლუსონთან" - 7:33.

სულუაშვილი თამაშში მე-10 წუთიდან ჩაერთო, ყუფარაძე მოედანზე 35 წუთის შემდეგ გამოჩნდა, გიგაური საქართველოს ნაკრებში იყო გამოძახებული.

გიორგი ჯაშიტაშვილის "შალონმა" შინ წააგო მეორეადგილოსან "ლილთან" - 16:18. შეგახსენებთ, რომ "ლილის" შერკინების მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი მესამეხაზელი დავით ბოლღაშვილია. ჯაშიტაშვილი განაცხადში არ იყო.

ფედერალ 1
A ჯგუფი
შალონი-ლილი 16:18, ბობინი-ბურგ ან ბრესი 20:27, ვიენი-დიჟონი 26:18, სტრასბური-მონლუსონი 7:33, მაკონი-სენტ ეტიენი 29:15.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბურგ ან ბრესი - 36 ქულა, 2. ლილი - 35, 3. მაკონი - 28, 4. ვიენი - 25, 5. დიჟონი - 19, 6. ბობინი - 17, 7. შალონი - 17, 8. მონლუსონი - 16, 9. სენტ ეტიენი - 15, 10. სტრასბური - 1.

X ტური
ბურგ ან ბრესი-სენტ ეტიენი, ბობინი-დიჟონი, ვიენი-მონლუსონი, სტრასბური-ლილი, შალონი-მაკონი.

B ჯგუფში სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვეა, იმდენად, რომ პლეი ოფში, ანუ საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის შანსი ბოლო ადგილზე მყოფ დავით კაჭარავას "როდეზსაც" აქვს, რომელმაც 16 ქულა დააგროვა და მეოთხეადგილოსან ირაკლი ნინიძის "რომანს" ხუთი ქულით ჩამორჩება.

როდეზელებმა მე-9 ტურში სტუმრად წააგეს ჯერ ისევ დაუმარცხებელ ლიდერ "ბურგუენთან" - 16:47. კაჭარავამ "ბორჯღალოსანთა" რიგებში ითამაშა. "რომანმა" კი შინ მოუგო უშუალო კონკურენტსა და მესამეადგილოსან "აგდის" - 46:3. ნინიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს.

თენგიზ გელანტიასა და ბექა ურჯუკაშვილის "ობენამ", რომელიც 18 ქულით მე-6 ადგილზეა, სტუმრად წააგო გიორგი კუთარაშვილის "შატორენართან" - 9:12.

კუთარაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის არბიტრმა 51-ე წუთზე წითელი ბარათი უჩვენა. ურჯუკაშვილი თამაშში 79-ე წუთიდან ჩაერთო, გელანტია განაცხადში არ იყო.

B ჯგუფი
ბურგუენი-როდეზი 47:16, ვალანსი-ბლანიაკი 16:6, შატორენარი-ობენა 12:9, რომანი-აგდი 46:3, ლა სეინი-ლავოი 37:8.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბურგუენი - 38 ქულა, 2. ვალანსი - 26, 3. აგდი - 22, 4. რომანი - 21, 5. ლა სეინი - 21, 6. ობენა - 18, 7. ლავორი - 18, 8. შატორენარი - 18, 9. ბლანიაკი - 17, 10. როდეზი - 16.

X ტური
ბლანიაკი-როდეზი, ვალანსი-ობენა, შატორენარი-აგდი, ლა სეინი-ბურგუენი, რომანი-ლავორი.

C ჯგუფში ქართველ მორაგბეთა სამი გუნდიდან ორი ლიდერთა შორისაა. ბაჩუკი გუჯარაიძისა და შოთა ცხოვრებაშვილის "სენ ნაზერმა", რომელიც 34 ქულით მეორე ადგილზეა, სტუმრად წააგო აუტსაიდერ "ნუართან" - 30:35. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

"სენ ნაზერს" ოთხი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა თედო ზიბზიბაძის "პერიგო", რომელმაც შინ გაანადგურა "ლანჟონი" - 53:3. ზიბზიბაძე ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული.

ნიკოლოზ მაღალდაძის და ირაკლი ჩომახაშვილის "მარმანდმა" კი, რომელიც 12 ქულით მე-8 ადგილზეა, შინ წააგო უმძიმეს ბრძოლაში მინიმალური სხვაობით "სენ ჟან დე ლუზთან" - 26:27. ჩომახაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა და 72-ე წუთზე ლელო გაიტანა. ძირითად შემადგენლობაში ითამაშა მაღალდაძემაც, ის მე-13 წუთზე არბიტრმა გაასინბინა და 79-ე წუთზე შეცვალეს.

C ჯგუფი
პერიგო-ლანჟონი 53:3, ნუარი-სენ ნაზერი 35:30, ვანი-სენ ჟან დანჟელი 26:20, მარმანდი-სენ ჟან დე ლუზი 26:27, აგეტმო-ტიროსი 16:17.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 40 ქულა, 2. სენ ნაზერი - 34, 3. პერიგო - 30, 4. სენ ჟან დე ლუზი - 24, 5. ვანი - 22, 6. ლიმოჟი - 21, 7. სენ ჟან დანჟელი - 15, 8. მარმანდი - 12, 9. აგეტმო - 10, 10. ნუარი - 10.

X ტური
პერიგო-სენ ნაზერი, ნუარი-სენ ჟან დანჟელი, ლანჟონი-სენ ჟან დე ლუზი, აგეტმო-მარმანდი, ვანი-ტიროსი.

D ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდიდან ორივე აუტსაიდერთა შორისაა. მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის "სენ ჟუნიენმა" შინ დაამარცხა "სენ მედარი" - 20:16, თუმცა სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურს თავი ვერ დააღწია. კვირიკაშვილმა ეროვნულ ნაკრებში ითამაშა, მჭედლიშვილი განაცხადში არ იყო.

ლაშა მალაღურაძისა და სიმონ მაისურაძის "ბაგნერე" სტუმრად დამარცხდა "ნევერთან" - 20:37. მაისურაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს, მალაღურაძე თამაშში მე-7 წუთიდან ჩაერთო. მის ანგარიშზე ორი საჯარიმო და ერთი გარდასახვაა (8 ქულა). "ბაგნერე" ახლა 15 ქულით მე-8 ადგილზეა.

D ჯგუფი
ლურდი-ლიმოჟი 12:14, ოლორონი-მონტობანი 21:24, ლანამეზანი-კასტანე 14:13, ნევერი-ბაგნერე 37:20, სენ ჟუნიენი-სენ მედარი 20:16.
სატურნირო მდგომარეობა
1. მონტობანი - 36 ქულა, 2. ნევერი - 27, 3. ლიმოჟი - 24, 4. ლურდი - 22, 5. კასტანე - 21, 6. ლანამეზანი - 18, 7. ოლორონი - 16, 8. ბაგნერე - 15, 9. სენ მედარი - 15, 10. სენ ჟუნიენი - 14.

X ტური
ლიმოჟი-სენ მედარი, ლურდი-მონტობანი, ოლორონი-კასტანე, ლანამეზანი-ბაგნერე, ნევერი-სენ ჟუნიენი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული