"მიდი ოლიმპიკი": მამუკა გორგოძე მწვერვალებს უმიზნებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი მამუკა გორგოძე მსოფლიოს რაგბიში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა.

ის დიდი ხანია, საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონის "მონპელიეში" ასპარეზობს და თვე არ გავა, ფრანგული მედიის სხვადასხვა საშუალებამ მას პუბლიკაცია, გადაცემა ან რეპორტაჟი არ უძღვნას.

ამჯერად გთავაზობთ ყოველდღიური სარაგბო გაზეთის, "მიდი ოლიმპიკის" მიერ მომზადებულ პუბლიკაციას: "გორგოძე მწვერვალებს უმიზნებს", რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის შემდეგ გამოქვეყნდა.

"აფრანგეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში "მონპელიემ" საკუთარ მოედანზე "აჟენი" დაამარცხა - 32:15 და დამსახურებულ პრემიალურ ქულასაც იღებს, რომელიც ოთხი ლელოს გატანისთვის ეკუთვნის.

მონპელიელთა გუნდიდან ყველაზე
ნაქები და მორიდებული მამუკა გორგოძე თავის შთაბეჭდილებებს და წარმატების მიზეზების ანალიზს გვიზიარებს.

მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე "ივ დე მანუარის" სტადიონის გიგანტურ ეკრანზე "მონპელიეს" მოთამაშეების მოთელვისას გადაღებულ კადრებს უჩვენებენ.

კამერები "მონპელიეს" ხუთი ნომრისკენ არის მიმართული. ეს კადრები თავად მეტყველებს, ხმა საჭირო არ არის, რათა ემოცია გადმოსცეს.

მამუკა გორგოძის გამეხებული სახის დანახვა საკმარისია, რომ მიხვდეთ, რამდენად მიზანდასახულია ის.

დააკვირდით მისი სხეულის მიმოხვრას, თავის ბრაზიან მოძრაობებს და მომუშტულ ხელებს, როცა იგი რჩევებს აძლევს თავის მეგობარ გიორგი ჟღენტს; ან მაშინ, როცა სხვა თანაგუნდელებს ამხნევებს.

ყოველივე ეს საკმარისია, რათა დაინახოთ მისი გამარჯვების გაშმაგებული სურვილი.

100 პროცენტით მზად არ ვარ
ეს იყო მისი დიდი დაბრუნება "მონპელიეს" ძირითად შემადგენლობაში, მას შემდეგ, რაც მეორე ნახევარი ტაიმი ითამაშა წინა ტურში "კლერმონთან" მატჩში.

გორგოძე ძველებურად მძლავრად თამაშობს. ის ადვილად არღვევს "აჟენის" დაცვის კედელს. გზად მოწინააღმდეგის გაბედულ მოთამაშეს, მონრობოს "თიშავს", რომელიც მის შეჩერებას ცდილობდა.

ქართველი ბრძოლის ორომტრიალშია, მუშაობს მოლში, ბოლომდე იხარჯება შერკინებაში და რაკში თამაშისას. გამუდმებით უზღვავი ენერგიის ხარჯვა უწევს:

"ძალიან დავიღალე. დიდი ხანია, ჩემს კლუბში არ მითამაშია. სულ რაღაც ორი კვირის წინათ განვაახლე სირბილი და ფეხის ტკივილს ისევ ვგრძნობ. ჯერ 100 პროცენტით მზად არ ვარ.

"აჟენთან" მატჩში ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობდი შერკინებაში, თუმცა ტემპი და გამძლეობა ჯერ კიდევ მაკლია. ვფიქრობ, ეს მალე გამოს
წორდება" - თქვა მამუკამ მხიარულად.

გორგოძემ სერიოზული სანახაობის მომსწრე გაგვხადა. გუნდის მიერ გატანილ ორ ლელოში მონაწილეობის შემდეგ კიდევ ერთ ლელოს ჟულიენ ტომას ჩუქნის შესანიშნავად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ.

მამუკამ იცის, რომ კიდევ შეუძლია, თამაშის დონე გაზარდოს, რადგანაც ამჟამად თავდასხმაში ჩვეულებრივზე ნაკლებად გაიბრწინა.

მეორე ხაზი საჩემო არ არის
მამუკა გორგოძე მიმდინარე სეზონში მეორედ დაუბრუნდა თავის პირვანდელ პოზიციას, მეორე ხაზს.

"მეორე ხაზში თამაშისას ბურთთან კონტაქტი ნაკლებად გაქვს. ეს ჩემი ადგილი არ არის. თუმცა მე გუნდის სამსახურში ვარ და სადაც დავჭირდები, მზად ვარ, ნებისმიერ ადგილზე ვითამაშო. დღეს მეორე ხაზში მოთამაშე გვაკლია... ვიმეორებ, ეს ჩემი ადგილი არ არის".


მამუკა არ მალავს, რომ მას მესამე ხაზში თამაში ურჩევნია, იქ, სადაც მისი არანორმალური ფიზიკური მონაცემები ბოლომდე შეიძლება გამოვლინდეს, მაგრამ ის უწინარესად მებრძოლია, რომელმაც ერთგულება შეჰფიცა "მონპელიეს". როგორ აფასებს გორგოძე გუნდის დღევანდელ თამაშს?

"ვერ ვიტყვი, რომ უკეთესად ვითამაშეთ, ვიდრე "კლერმონთან". ერთი კვირის წინათ გამართულ შეხვედრაში უფრო ვინერვიულეთ. ამჯერად დაცვაში ოდნავ მოვიკოჭლებდით, მაგრამ შეტევაში უკეთ ვითამაშეთ.

"აჟენის" მოლების ცოტა გვეშინოდა, რადგან კარგად გამოსდიოდათ. საბოლოოდ დინამიკური თამაშით ჩვენ მაინც ვაჯობეთ. ამ კომპონენტში სულ უფრო წინ მივიწევთ და მეტოქე, ფაქტობრივად, ბურთის ართმევას ვერ ახერხებდა"
- თქვა მან.

სულ უფრო მაღლა
ახლა ვისაუბროთ ამ გამარჯვებიდან გამოსატანი საერთო დასკვნების შესახებ. ზედიზედ მეორე გამარჯვება ნიშნავს თუ არა, რომ "მონპელიე" მოღონიერდა?

"უდავოა, რომ ამჯერად უკეთ გავისარჯეთ, ვიდრე "მეტრო რასინგთან". მიუხედავად ამისა, კიდევ ბევრი უნდა ვიმუშავ
ოთ. წინ დიდი მატჩები გველის და ჯერ ადრეა დასკვნების გაკეთება.

ხუთი ქულა, რომელიც "აჟენთან" მოვიპოვეთ, ჩვენ ძალია
ნ წაგვადგება. ეს საუკეთესო მომენტი იყო, რათა საკუთარ ძალებში რწმენა დაგვებრუნებინა" - აღნიშნა მამუკამ.

გორგოძემ სათამაშო ფორმა აღიდგინა და ეს ამ მშენებარე გუნდს რწმენას უბრუნებს. როგორია მამუკას შეხედულება გუნდის თამაშის ხარისხზე, შეძლებს თუ არა "მონპელიე", დასახულ მიზანს მიაღწიოს?

"დიახ, ამჟამად არგენტინელები და რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშე გვაკლია. ვფიქრობ, როცა ყველა დაბრუნდება, ყველაფერი უკეთ იქნება. სატურნირო ცხრილში, რაც შეიძლება, მაღლა უნდა წავიდეთ."

ტემპი აღებულია, გზა გაკვალული, მამუკა გორგოძეს სურს, "მონპელიე" მწვერვალებისკენ წაიყვანოს და მას ვერაფერი შეაჩერებს.

ო, ჩემო ქვეყანა!
როცა მამუკა საქართველოზე საუბრობს, მისი თვალების სიღრმეში ყოველთვის სხივი ბრწყინავს და სახე ბედნიერებით უნათდება. თავად განსაჯეთ, რამოდენა სიხარული არის მისთვის "მონპელიეში" ორი ახლობლის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის გვერდით თამაში.

"ძალიან ამაყი ვარ, თა
ნაც ნარიაშვილი "მონპელიეში" მე მოვიყვანე. ის უკვე სამი წელიწადია, ვირივით შრომობს. ახლა კი ნაყოფს იმკის.

ძალიან მიხარია, რომ ზედიზედ რამდენიმე მატჩში შესანიშნავად ითამაშა. იმედი მაქვს, რომ ასე განაგრძობს. გიორგიც მაგარი მორაგბეა, ახლახან ლელოც გაიტანა, კარგ ფორმაშია და ვგრძნ
ობ, რომ წლეულს ბრწყინვალე სეზონი ექნება.

მართლაც ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემს მეგობრებთან ერთად რომ ვთამაშობ. უკვე რვა წელიწადია, მონპელიეში ვარ და ყველა მიყვარს... მაგრამ თანამემამულე მაინც სხვაა."
- დასძინა მამუკა გორგოძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგი ბიჭია...კაცური კაცია რააა..
nukri
09:39 30-11-2012
0
საფრანგეთის ჩემპიონატში პრემიალური ქულა გუნდს ეკუთვნის არა ოთხი ლელოს გატანისთვის, არამედ სამი ლელოს სხვაობით მოგებაზე.
რაფო
15:44 04-12-2012
0

სიახლეები პოპულარული