საფრანგეთის ქართული ლეგიონის ბოლო ბრძოლები ახალი წლის წინ

AutoSharing Option
სურათზე: დავით ქუბრიაშვილი მეტოქეთა მარწუხებში

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში 30 დეკემბერს მეორე წრის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართება.

ქართველ მორაგბეთა გუნდები შესანიშნავად ასპარეზობენ და სატურნირო ცხრილის პირველი ხუთი საფეხური უჭირავთ. ესენია: "ტულონი", "კლერმონი", "ტულუზი", "კასტრი" და "მონპელიე".

გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობს დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი".

მიზანდასახულმა და შეუპოვარმა მულტიმილიონერმა მურად ბურჯელალმა ყველაფერი იღონა და მაინც მოახერხა ბრძოლისუნარიანი, მძლავრი გუნდის შექმნა. მისი პრეზიდენტობისას გუნდი ვარსკვლავების სიმცირეს არასდროს უჩიოდა, თუმცა საბოლოო მიზნის მისაღწევად ყოველთვის რაღაც აკლდა.

ეს, როგორც
აღმოჩნდა, უმაღლესი კვალიფიკაციის მწვრთნელის არყოლა ყოფილა. მას შემდეგ, რაც "ტულონს" სათავეში საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი ბერნარ ლაპორტი ჩაუდგა, გუნდმა სრულიად სხვა ხარისხის რაგბის თამაში დაიწყო, რაც ცხადია, შედეგსაც დაეტყო.

ახლა ბურჯელალის ოცნება, გუნდი საფრანგეთის ჩემპიონი გახადოს, აუხდენელი სულაც აღარ მოჩანს.

განვლილ 13 ტურში "ტულონმა" 11 მატჩი მოიგო და მარცხი მხოლოდ ორჯერ განიცადა. ჩვენებურთა ამ გუნდს ახლა 51 ქულა დაუგროვდა და უახლოეს მდევარ "კლერმონს" 7 ქულით უსწრებს.

მეთოთხმეტე ტურში ჩვენებურთა ეს გუნდი შინ ეთამაშება "პერპინიანს" და გამარჯვების შემთხვევაში, რაც ძალიან ადვილად მოსალოდნელია, ლიდერის პოზიციას კიდევ უფრო განიმტკიცებს.

ქუბრიაშვილი "ტულონის" წინასამატჩო გაფართოებულ განაცხადშია, ჩილაჩავა და მიქაუტაძე არ ითამაშებენ.

* * *
როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ტულონს" კვალში უდგას დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი". "ვულკანები" ბოლო რამდენიმე წელიწადია, ჩემპიონობას სულ ახლოს უტრიალებენ, თუმცა საწადელის ასრულება მხოლოდ 2010 წელს შეძლეს.

ახალზელანდიელი მწვრთნელის ვერნ კოტერის თავკაცობით, "კლერმონი" სტაბილურად ძლიერ გუნდად გადაიქცა, რომელიც არა მარტო საფრანგეთში, არამედ საერთაშორისო არენაზეც სერიოზული ანგარიშგასაწევი ძალაა.

მეტიც, "ვულკანების" დამრიგებელს შეუძლია, ჩემპიონატში ორი სხვადასხვა შემადგენლობა ათამაშოს. მაგალითად, განვლილ მე-13 ტურში "კლერმონმა" სტუმრად "ბორდოსთან", ფაქტობრივად, სათადარიგო შემადგენლობით იასპარეზა.

ამჯერად "ვულკანების" მეტოქე ბასკური "ბაიონია", რომელსაც საკუთარ "მარსელ მიშელინის" სტადიონზე უმასპინძლებს.

ბასკური გუნდი სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარშია და საეჭვოა, მასპინძლებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს. მით უფრო, რომ "კლერმონმა" შინ ბოლოს როდის წააგო, აღარავის ახსოვს.

ზირაქაშვილი და კოლელიშვილი ჯანმრთელად არიან და, სავარაუდოდ, თამაშის საშუალება ორივეს მიეცემა.

* * *
წინა ტურში მოულოდნელად წააგო სტუმრად "გრენობლთან" ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზმა", რომელიც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია.

ფრანგული და ევროპული რაგბის გრანდმა ამ მარცხის შემდეგ სატურნირო ცხრილში მეორედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

გი ნოვეს შეგირდებმა ბოლო რამდენიმე კვირაა, თამაშის ხარისხი გააუარესეს. თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს დროებითი მოვლენაა და "ტულუზი" ჩემპიონატის მაინც უმთავრეს ფავორიტად დარჩება.

მე-14 ტურში ტულუზელებს სერიოზული გამოცდა ელით. ისინი სტუმრად ეთამაშებიან ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს", რომელსაც მეტოქის მსგავსად 42 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა.

ამ გუნდების შეხვედრებს ერთი სპეციფიკური თავისებურება მუდამ თან ახლავს. კასტრი ხომ ტულუზის გარეუბანია. ერთი სიტყვით, მათ შორის მატჩი ერთგვარი დერბია, რომელსაც განსაკუთრებული დაძაბულობა ახლავს. მით უფრი ახლა, როცა თანაბარი ქულები აქვთ და სატურნირო ცხრილში მეზობლები არიან.

"კასტრის" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არავარსკვლავური შემადგენლობის მიუხედავად, ძალიან კარგად, სტაბილურად ასპარეზობს და, რაც უნდა საკვირველი იყოს, ბუქმეკერები ფავორიტებად სწორედ მას მიიჩნევენ. ამაზე გავლენას, ალბათ, ის ფაქტორი ახდენს, რომ კასტრელები შინ განსაკუთრებული აღმაფრენით თამაშობენ.

ბრეგვაძე ტრავმის გამო ვერ დაეხმარება გუნდს, კაკოვინი და ფეიქრიშვილი, სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში იქნებიან.

* * *
ქართველ მორაგბეთა ამ დუეტს ექვსი ქულით ჩამორჩება და მეხუთე ადგილზეა მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე".

ჩვენებურთა ეს გუნდი უკვე მერამდენე წელიწადია, საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად ჩამოყალიბდა. წლეულს ამ დროისთვის უკეთესი შედეგის ჩვენება "მონპელიეს" რეალურად შეეძლო, თუმცა ამაში ხელი შეუშალა "ოთხი ერის გათამაშებამ", რომელშიც არგენტინის ნაკრები ასპარეზობს. ამის გამო ჩვენებურთა გუნდმა გათამაშების დასაწყისში ხუთი წამყვანი არგენტინელი მოისაკლისა.

ამჯერად ვითარება განსხვავებულია, თუმცა ხშირმა ტრავმიანობამ დაღი მაინც დაასვა გუნდის თამაშს.

მეთოთხმეტე ტურში "მონპელიე" შინ ეთამაშება ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსეს", რომელიც ბოლო ხანს კრიზისშია და ამჟამად 28 ქულით მერვე ადგილზეა.

პარიზელებმა სირთულეებს თავი ვერაფრით დააღწიეს, თუმცა დასამალი არ არის, რომ ყველა, მათ შორის საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგაც, ხელს უწყობს.

"სტად ფრანსე" და პარიზის კიდევ ერთი გუნდი "მეტრო რასინგი" ჩრდილოეთ საფრანგეთის რაგბის ფლაგმანები არიან და ქვეყნის ამ ნაწილში სპორტის ეს სახეობა მეტ-ნაკლებად პოპულარული რომ არის, სწორედ ამ გუნდების მეპატრონეების დამსახურებაა.

ერთი სიტყვით, მონპელიეში საკმაოდ საინტერესო თამაშის მოლოდინში არიან. მასპინძლებს დისკვალიფიცირებული მამუკა გორგოძე და ტრავმირებული მიხეილ ნარიაშვილი დააკლდებათ.

* * *
ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან პირველ დივიზიონში წარუმატებლად მხოლოდ ერთი, გათამაშების დებიუტანტი, თამაზ მჭედლიძის "მონ დე მარსანი" ასპარეზობს. ჩვენებურის ამ გუნდმა მხოლოდ ერთი მატჩის მოგება მოახერხა და 6 ქულით ბოლო ადგილზეა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მარსანელები გასავარდნად განწირულები არიან. 30 დეკემბერს მათი მეტოქე ბასკური "ბიარიცი" იქნება, რომელსაც შინ დაუპირისპირდებიან.

* * *
კიდევ ერთი ქართველი შერკინების ბურჯის ზაზა ნავროზაშვილის "ბორდო" კი სტუმრად ითამაშებს პლეი ოფში მებრძოლ "გრენობლთან".

ბორდოელებს ამჟამად თვრამეტი ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე არიან.

საფრანგეთის ელიტური, I დივიზიონი
XIV ტური
კლერმონი-ბაიონი, მონ დე მარსანი-ბიარიცი, გრენობლი-ბორდო, მეტრო რასინგი-აჟენი, კასტრი-ტულუზი, მონპელიე-სტად ფრანსე, ტულონი-პერპინიანი.

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 51 ქულა, 2. კლერმონი - 44, 3. ტულუზი - 42, 4. კასტრი - 42, 5. მონპელიე - 36, 6. გრენობლი - 34, 7. პერპინიანი - 30, 8. სტად ფრანსე - 28, 9. ბიარიცი - 28, 10. ბაიონი - 26, 11. მეტრო რასინგი - 25, 12. ბორდო - 18, 13. აჟენი - 17, 14. მონ დე მარსანი - 6.


* * *
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში 12 იანვრამდე შესვენებაა. გათამაშება მე-17 ტურის მატჩებით განახლდება.

იქამდე კი შეგახსენებთ, რომ საპლეიოფო მარათონში ქართველ მორაგბეთა ხუთი გუნდია ჩართული. ამათგან მოწინავეთა შორის სამია.

"ქართული გუნდებიდან" საუკეთესო მაჩვენებელი ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასიშვილის "ორიაკს" აქვს, რომელიც 49 ქულით მეორე ადგილზეა. ორიაკელებს დიდი ხანია ელიტურ, პირველ დივიზიონში არ უთამაშიათ და წლეულს წამყვანი კლუბების მარაქაში გარევის კარგი შანსი აქვთ.

მართალია, "ორიაკს" პირველადგილოსანი "ოიონაქსი" 16 ქულით უსწრებს და, სავარაუდოდ, ვერ დაეწევა, თუმცა მერე პლეი ოფში წარმატების მიღწევის შემთხევვაში საწადელის ასრულებას შეძლებს.

* * *
"ორიაკს" ერთი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა დავით ხინჩაგიშვილის, გოდერძი შველიძისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივი", რომელიც პირველი დივიზიონიდან შარშან გამოვარდა და ახლა უკან დასაბრუნებლად იღვწის.

* * *
ბრიველებს ორი ქულით ჩამორჩება და მეხუთე ადგილზეა გიორგი ჩხაიძის, დავით დადუნაშვილის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის "ტარბი".

ქართველ მორაგბეთა ეს გუნდი, მართალია, მოწინავეთა შორის არის, მაგრამ უძლიერესებში აღზევების პრეტენზია, უწინარესად ფინანსური მოსაზრებით, არ აქვს.

საფრანგეთის ელიტური, II დივიზიონი
XVII ტური
მასი-ოში, ექსი-ორიაკი, დაქსი-ლა როშელი, ნარბონი-კოლომიე, ბეზიე-ლიონი, პო-ტარბი, ბრივი-კარკასონი, ალბი-ოიონაქსი.

სატურნირო მდგომარეობა
1. ოიონაქსი - 65 ქულა, 2. ორიაკი - 49, 3. ბრივი - 48, 4. პო - 48, 5. ტარბი - 46, 6. ლა როშელი - 46, 7. კარკასონი - 44, 8. ლიონი - 41, 9. ალბი - 37, 10. კოლომიე - 33, 11. ნარბონი - 31, 12. ოში - 29, 13. დაქსი - 24, 14. ექსი - 24, 15. ბეზიე - 17, 16. მასი - 16.


* * *
მეორე წრე იწყება კელტთა ლიგაშიც. საქართველოს ნაკრების მესამეხაზელის, დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგი" შარშანდელთან შედარებით წლეულს წარუმატებლად ასპარეზობს.

ჩვენებურის გუნდმა თერთმეტ მატჩში ოთხი მოიგო, შვიდი წააგო და 21 ქულით მერვე ადგილზეა.

ედინბურგელები მე-12 ტურში შინ ეთამაშებიან "გლაზგო ვორიორზს". ბასილაია სათადარიგოთა შორისაა.

ამასობაში მეორე წრე უელსური კლუბების დაპირისპირებით დაიწყო. მეორეადგილოსანმა "ჰლანეჰლიმ" სტუმრად წააგო "ოსფრიზთან" - 3:32, ხოლო "კარდიფ ბლუზმა" შინ მოუგო "ნიუპორტს" - 12:10.

კელტთა ლიგა
XII ტური
კარდიფი-ნიუპორტი 12:10, ოსფრიზი-ჰლანეჰლი 32:3, ბენეტონი-ზებრე, ედინბურგი-გლაზგო, მანსტერი-ალსტერი, ლენსტერი-ქონოთი.

სატურნირო მდგომარეობა
1. ალსტერი - 47 ქულა, 2. ჰლანეჰლი - 38, 3. მანსტერი - 33, 4. გლაზგო - 32, 5. ლენსტერი - 31, 6. ოსფრიზი - 27, 7. ბენეტონი - 23, 8. ედინბურგი - 21, 9. კარდიფი - 21, 10. ქონოთი - 16, 11. ნიუპორტი - 13, 12. ზებრე - 5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული