ქართველ მორაგბეთა გუნდებმა საფრანგეთში წარმატებით იასპარეზეს

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში ახალი წელი რა არის, "არ იციან".

მაშინ, როცა მთელი პლანეტა 2013 წლის შესახვედრად ემზადებოდა, ფრანგმა ელიტარებმა მორიგი XIV ტურის მატჩები გამართეს.

ქართველ მორაგბეთა გუნდებმა, რომლებსაც სატურნირო ცხრილის პირველი ხუთი საფეხური უჭირავთ, წარმატებით იასპარეზეს და მდგომარეობა კიდევ უფრო განიმტკიცეს.

მორიგი გამარჯვება მოიპოვა გათამაშების ლიდერმა, დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა". ჩვენებურთა გუნდმა, რომელიც წლეულს ძალზედ დამაჯერებლად ასპარეზობს, მე-14 ტურში შინ დიდი ანგარიშით დაამარცხა "პერპინიანი" - 46:13.

ტულონელთა თამაში ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ შეუძლიათ
ორი შემადგენლობა გამოიყვანონ და ორივეს იდენტური შედეგი ექნება.

მურად ბურჯელალის სამწყსოს წლეულს, ალბათ, ჩემპიონობას ვერავინ შეეცილება. "ტულონის" მულტიმილიონერი პრეზიდენტი ამასაც არ სჯერდება და გუნდის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება სურს.

ასე მაგალითად, მის მხედველობის არეალში მოექცა იტალიის ნაკრების არგენტინული წარმოშობის პირველხაზელი მარტინ კასტროჯოვანი.

პერპინიანელებმა მეტოქეს წინააღმდეგობა საწყის 20 წუთში გაუწიეს და 7:6-ს უგებდნენ კიდეც. პირველ ტაიმში მასპინძლებმა ლელოს გატანა ვერაფრით მოახერხეს და მხოლოდ ინგლისელი მგეზავის, ჯონი ვილკინსონის ფეხჩუბინობის წყალობით დაწინაურდნენ - 15:6.

შესვენების შემდეგ "ტულონის" მანქანა მთელი სიმძლავრით ამოქმედდა და მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანა.

ორ-ორი ავსტრალიელი დევიდ სმიტისა და შეცვლაზე შესული ფრანგი პიერ გუნტერის ანგარიშზეა.

აღსანიშნავია, რომ ტულონელთა ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ფრანგი იყო - მეორეხაზელი ჟოსელინ სუტა.

ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს, ჩილაჩავა და მიქაუტაძე განაცხადში არ იყვნენ.

"ტულონი" ახლა 56 ქულით პირველ ადგილზეა. მას შვიდი ქულით ჩამორჩება და სატურნირო ცხრილში მეორე საფეხურზე გამყარდა დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი".

ჩვენებურთა ამ გუნდმა შინ ითამაშა ბასკურ "ბაიონთან" და დიდი ანგარიშით დაამარცხა - 48:3.

"ვულკანები" ნელ-ნელა უმატებენ. ახალზელანდიელი ვერნ კოტერის შეგირდები მწყობრი, რაციონალური თამაშით გამოირჩევიან. ბასკებმა ჩვენებურთა გუნდს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და ეული სამი ქულის აღება მხოლოდ მატჩის 36-ე წუთზე მოახერხეს, როცა 0:17 აგებდნენ.

მასპინძლებმა მეტოქეს ექვსი უპასუხო ლელო გაუტანეს. აქედან ორ-ორი ვესლი ფოფანამ და ნაპოლეონი ნალაგამ მიითვალეს. ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს, კოლელიშვილი განაცხადში არ იყო.

"კლერმონს" სამი ქულით ჩამორჩება და კვალში უდგას ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის "ტულუზი", რომელმაც სტუმრად, ერთგვარ დერბიში უახლოესი მდევარი ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი" დაამარცხა - 18:16.

თამაში, როგორც ანგარიშიდან ჩანს და მოსალოდნელიც იყო, დაძაბული გამოდგა. კასტრელებმა პირველი ტაიმი მოიგეს კიდეც - 10:6. თუმცა შესვენების შემდეგ "ტულუზმა" მცირე სათამაშო უპირატესობის მოპოვება შეძლო და მატჩიც სათავისოდ დაასრულა.

სტუმართა რიგებში საუკეთესო იყო მგეზავი ლიონელ ბუქსი, რომელმაც ტულუზელთა თვრამეტივე ქულა მიითვალა.

კაკოვინი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 61-ე წუთიდან გამოჩნდა, ბრეგვაძეს და ფეიქრიშვილს არ უთამაშიათ.

"კასტრმა", მარცხის მიუხედავად, ერთი პრემიალური ქულის აღება და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილის შენარჩუნება შეძლო. ფეიქრიშვილს და კომპანიას ახლა 43 ქულა აქვს.

მათ ორი ქულით ჩამორჩება და მეხუთე ადგილზეა მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე". ჩვენებურთა ამ გუნდმა მე-14 ტურში თავისი საუკეთესო თამაში ჩაატარა და შინ ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსეს" დამაჯერებლად მოუგო - 54:16.

მონპელიეში პარიზელთა ასეთ განადგურებას არავინ ელოდა, მით უფრო, რომ "სტად ფრანსე" ბოლოხანს თამაშს აუმჯობესებდა და პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლთა ზონასაც მიუახლოვდა.

მასპინძელთა უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა და უკვე მე-4 წუთისთვის 10:0-ს იგებდნენ. პირველ ტაიმში კი მეტოქეს 21 ქულით აჯობეს - 27:6. ნათელი იყო, რომ პარიზელებს იმ დღეს წარმატების მიღწევის შანსი არ ჰქონდათ.

"მონპელიემ" სულ მეტოქეს ექვსი ლელო გაუტანა. ყველაზე შედეგიანი არგენტინელი გარემარბი მარტინ ბუსტოს მოიანო იყო, რომელმაც 24 ქულა მოიპოვა (ექვსი გარდასახვა და ოთხი საჯარიმო).

ნარიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს, გორგოძეს დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია, ჟღენტი ტრავმირებულია, ჟვანია განაცხადში არ იყო.

"მონპელიეს" სამი ქულით ჩამორჩება და მეექვსე ადგილზეა "გრენობლი", თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მეექვსე ადგილიც პლეი ოფში გამსვლელია. მონპელიელების კიდევ ერთი კონკურენტი "ბიარიცი" მათ ცხრა ქულით ჩამორჩება.

ბიარიცელებმა მე-14 ტურში სტუმრად დაამარცხეს აუტსაიდერი თამაზ მჭედლიძის "მონ დე მარსანი" - 19:18.

ჩვენებურის გუნდს ისევ შვიდი ქულა აქვს და, ფაქტობრივად, გასავარდნად განწირულია. მჭედლიძე განაცხადში არ იყო.

I დივიზიონი
XIV ტური
კლერმონი-ბაიონი 48:3, მონ დე მარსანი-ბიარიცი 18:19, გრენობლი-ბორდო 19:9, მეტრო რასინგი-აჟენი 40:6, კასტრი-ტულუზი 16:18, მონპელიე-სტად ფრანსე 54:16, ტულონი-პერპინიანი 46:13.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 56 ქულა, 2. კლერმონი - 49, 3. ტულუზი - 46, კასტრი - 43, 5. მონპელიე - 41, 6. გრენობლი - 38, 7. ბიარიცი - 32, 8. პერპინიანი - 30, 9. მეტრო რასინგი - 30, 10. სტად ფრანსე - 28, 11. ბაიონი - 26, 12. ბორდო - 18, 13. აჟენი - 17, 14. მონ დე მარსანი - 7.

XV ტური
ბიარიცი-აჟენი, კლერმონი-მონპელიე, გრენობლი-კასტრი, პერპინიანი-ბორდო, სტად ფრანსე-ბაიონი, მონ დე მარსანი-ტულუზი, ტულონი-მეტრო რასინგი.

* * *

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში 12 იანვრამდე შესვენებაა. გათამაშება მე-17 ტურის მატჩებით განახლდება. შეგახსენებთ, რომ პლეი ოფში გასასვლელად ქართველ მორაგბეთა ხუთი გუნდი იბრძვის. ამათგან მოწინავეთა შორის სამია.

"ქართული გუნდებიდან" საუკეთესო მაჩვენებელი ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასეიშვილის "ორიაკს" აქვს, რომელიც 49 ქულით მეორე ადგილზეა.

ორიაკელებს დიდი ხანია, ელიტურ, პირველ დივიზიონში არ უთამაშიათ და წლეულს წამყვანი კლუბების მარაქაში გარევის კარგი შანსი აქვთ. მართალია, "ორიაკს" პირველადგილოსანი "ოიონაქსი" 16 ქულით უსწრებს და, სავარაუდოდ, ვერ დაეწევა, თუმცა მერე, პლეი ოფში წარმატების მიღწევის შემთხვევაში საწადელის ასრულებას შეძლებს.

"ორიაკს" ერთი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა დავით ხინჩაგიშვილის, გოდერძი შველიძისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივი", რომელიც პირველი დივიზიონიდან შარშან გამოვარდა და ახლა უკან დასაბრუნებლად იღვწის.

ბრიველებს ორი ქულით ჩამორჩება და მეხუთე ადგილზეა გიორგი ჩხაიძის, დავით დადუნაშვილის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის "ტარბი".

ქართველ მორაგბეთა ეს გუნდი, მართალია, მოწინავეთა შორის არის, მაგრამ უძლიერესთა შორის აღზევების პრეტენზია არ აქვს.

ყველასთვის მოულოდნელად, მე-8 ადგილზე აღმოჩნდა გურამ კავთიძის "ლიონი". ჩვენებურთა ეს გუნდი სეზონის წინ საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მოთამაშეებით, სებასტიან შაბალითა და ლიონელ ნალეთი გაძლიერდა. ამიტომ ლიონელებს ყველა სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზე ელოდა.

"ლიონს" ოთხი ქულით ჩამორჩება და მე-9 ადგილზეა ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, კახაბერ კობერიძის, ვახტანგ ახობაძისა და გიორგი თეთრაშვილის "ალბი". მიუხედავად საგრძნობი ჩამორჩენისა, ალბელები პლეი ოფში მოხვედრის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ.

II დივიზიონი
XVII ტური
მასი-ოში, ექსი-ორიაკი, დაქსი-ლა როშელი, ნარბონი-კოლომიე, ბეზიე-ლიონი, პო-ტარბი, ბრივი-კარკასონი, ალბი-ოიონაქსი.
სატურნირო მდგომარეობა
1. ოიონაქსი - 65 ქულა, 2. ორიაკი - 49, 3. ბრივი - 48, 4. პო - 48, 5. ტარბი - 46, 6. ლა როშელი - 46, 7. კარკასონი - 44, 8. ლიონი - 41, 9. ალბი - 37, 10. კოლომიე - 33, 11. ნარბონი - 31, 12. ოში - 29, 13. დაქსი - 24, 14. ექსი - 24, 15. ბეზიე - 17, 16. მასი - 16.

* * *

XII ტურის შეხვედრები გაიმართა კელტთა ლიგაში. საქართველოს ნაკრების მესამეხაზელის, დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგმა" შინ ვერაფერი გააწყო "გლაზგოსთან" - 17:21 და სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო გაიუარესა. გლაზგოელები თავიდანვე დაწინაურდნენ და 59-ე წუთისთვის 21:3-ს იგებდნენ.

ედინბურგელებმა ბოლო ოც წუთში კი გაიბრძოლეს, მაგრამ მხოლოდ ანგარიშში სხვაობის ოთხ ქულამდე შემცირება შეძლეს.

ბასილაია სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო. "ედინბურგი" ახლა 22 ქულით მეცხრე ადგილზეა.

კელტთა ლიგა
XII ტური
კარდიფი-ნიუპორტი 12:10, ოსფრიზი-ჰლანეჰლი 32:3, ბენეტონი-ზებრე 26:18, ედინბურგი-გლაზგო 17:21, მანსტერი-ალსტერი 24:10, ლენსტერი-ქონოთი 17:0.
სატურნირო მდგომარეობა
1. ალსტერი - 47 ქულა, 2. ჰლანეჰლი - 38, 3. მანსტერი - 37, 4. გლაზგო - 36, 5. ლენსტერი - 35, 6. ოსფრიზი - 31, 7. ბენეტონი - 27, 8. კარდიფი - 24, 9. ედინბურგი - 22, 10. ქონოთი - 16, 11. ნიუპორტი - 14, 12. ზებრე - 5.

XIII ტური
ალსტერი-ჰლანეჰლი, ოსფრიზი-ზებრე, გლაზგო-ბენეტონი, ედინბურგი-ლენსტერი, ქონოთი-ნიუპორტი, მანსტერი-კარდიფი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული